არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲐᲠᲥᲘᲕᲘᲓᲐᲜ

„კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“ მეშვეობით გავრცელებული ჭეშმარიტება

„კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“ მეშვეობით გავრცელებული ჭეშმარიტება

 1917 წელს ბიბლიის საერთაშორისო მკვლევრებმა, რომლებიც მოგვიანებით იეჰოვას მოწმეების სახელით გახდნენ ცნობილი, მექსიკაში პირველად გაუწიეს ორგანიზება სამქადაგებლო საქმეს. იმ წლიდან მოყოლებული, მომდევნო ათწლეულების მანძილზე, ასობით ადამიანი გახდა იეჰოვას მსახური. მეორე მსოფლიო ომის დროს მექსიკის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კონკრეტულ ტერიტორიებსა თუ შენობებში რელიგიურ მსახურებას ვერ შევასრულებდით.

 მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა სახის საჯარო ღვთისმსახურება უნდა ჩატარებულიყო ხელისუფლების კუთვნილ შენობებში. ეს გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა ჩვენთვის, რადგან კონგრესებს, ძირითადად, საზოგადოებრივ ადგილებში ვატარებდით. გარდა ამისა, შეხვედრებიც, ხშირ შემთხვევაში, იეჰოვას მოწმეთა სახლებში ტარდებოდა და სამქადაგებლო საქმეც ქუჩაში და კარდაკარ მიმდინარეობდა.

 კანონი რომ არ დაგვერღვია, 1943 წელს „არაკომერციულ სამოქალაქო და კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციად“ დავრეგისტრირდით. ამ რეგისტრაციის წყალობით ჩვენ არა რელიგიური გაერთიანების, არამედ საგანმანათლებლო ორგანიზაციის უფლებებით ვსარგებლობდით. შესაბამისად, ვალდებული არ ვიყავით, ჩვენი საქმიანობა ხელისუფლების საკუთრებაში არსებულ შენობებში განგვეხორციელებინა.

 ჩვენ ხალხს განათლების მიღებაში ვეხმარებოდით, ამიტომ სრულად ვაკმაყოფილებდით იმ მოთხოვნებს, რომლებიც ხელისუფლებას ასეთი ორგანიზაციების მიმართ ჰქონდა დადგენილი (რომაელები 13:1). თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაზიარება იყო (ესაია 48:17, 18). ამ ცვლილების შემდეგ მალევე დავინახეთ, როგორ გვიჭერდა იეჰოვა მხარს. იმ დროიდან მოყოლებული, როგორც ამას ჩვენი და-ძმები იხსენებენ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიგებს.

სამქადაგებლო საქმეში მეთოდების შეცვლა

 მექსიკაში ჩვენი უმთავრესი საქმე ყოველთვის ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო. თუმცა, მოციქული პავლესი არ იყოს, მსახურებაში სხვადასხვა სიტუაციასთან მორგება გვიწევდა (1 კორინთელები 9:20—23). მაგალითად, როდესაც პავლემ არეოპაგში ათენელებს მიმართა, წმინდა წერილები არ მოუშველიებია (საქმეები 17:22—31). ამ მიდგომას ჩვენც ვიყენებდით ქადაგების დროს და ხალხთან საუბარს ბიბლიის გარეშე ვიწყებდით.

მოწმეები ბიბლიის გარეშე ქადაგებენ (1945 წ.)

 ერთი და იზაბელი იხსენებს: «ხალხს თავს კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის წარმომადგენლებად ვაცნობდით. ხშირად ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის იმ სტატიებზე ვამახვილებდი ყურადღებას, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდებოდა ბიბლიურ თემას». თუ მობინადრე ინტერესს გამოიჩენდა სულიერი საკითხების მიმართ, მას ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვუზიარებდით. ავრორა აღნიშნავს: „ბიბლიური მუხლების ზეპირად დამახსოვრება გვიწევდა, რადგან ბიბლია თან არ დაგვქონდა“. მობინადრეები განსაკუთრებით მაშინ განეწყობოდნენ ხოლმე მოსასმენად, როცა რაიმე აზრს მათივე ბიბლიიდან ამოვუკითხავდით.

კარდაკარ მსახურების უფლება

 ჩვენ წინასწარ ვიცოდით, როგორ უნდა გვეპასუხა მათთვის, ვინც ეჭვქვეშ დააყენებდა ჩვენი საქმიანობის კანონიერებას (ფილიპელები 1:7). დიდ დახმარებას გვიწევდა მთავრობის მიერ გაცემული სპეციალური ბარათი. a მარია იხსენებს: „საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო ბარათი ყოველთვის თან გვქონდა“. სამუელი ამბობს: „როდესაც სამართალდამცავები გვაჩერებდნენ და ჩვენი საქმიანობის შესახებ გვეკითხებოდნენ, ჩვენ ამ ბარათს წარვუდგენდით ხოლმე“.

 ეს ბარათი მაშინაც გვეხმარებოდა, როცა წინააღმდეგობას ვხვდებოდით. მაგალითად, ხესუსი, რომელიც ხალისკოს შტატში მსახურობდა, ამბობს: „1974 წელს ბრბომ, რომელსაც მღვდელი მოუძღოდა, მე და ერთი იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარი მუნიციპალურ ცენტრში წაგვიყვანა, რათა ჩვენი საქმიანობა შეეჩერებინათ. ჩვენ მათ საიდენტიფიკაციო ბარათები ვაჩვენეთ, რამაც სიტუაცია განმუხტა. იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ ქადაგების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცა. დღეს ამ ტერიტორიაზე რამდენიმე კრებაა“.

ბიბლიის შესწავლა და წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები

 ჩვენ, როგორც საგანმანათლებლო სამოქალაქო ასოციაცია, ხალხს წერა-კითხვის შემსწავლელ უფასო კურსებს ვთავაზობდით. b არიელი ამბობს: „ეს შესაფერისი დრო იყო კურსების ჩასატარებლად. იმ წლებში ბევრს არ ჰქონდა სასკოლო განათლება მიღებული, ამიტომ სურვილის მიუხედავად, ბიბლიას ვერ კითხულობდნენ. ჩვენ კი მათ წერა-კითხვას ვასწავლიდით, რაც ბევრს აღძრავდა, ბიბლიის შესწავლა დაეწყო“.

 რუთი იხსენებს: „მას შემდეგ, რაც წერა-კითხვას ისწავლიდნენ, დაინტერესებულები ბიბლიის შესწავლის პერიოდში ძალიან სწრაფად პროგრესირებდნენ. გარდა ამისა, ეს მათ თავდაჯერებულობას მატებდა და ბედნიერს ხდიდა. არაერთხელ გავმხდარვართ იმის მოწმენი, როგორ უახლოვდებოდნენ ისინი იეჰოვას“.

 იეჰოვას მოწმეები 1943—1993 წლებში იყვნენ დარეგისტრირებული „არაკომერციული სამოქალაქო და კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციის“ სახელით. ამ დროის განმავლობაში 127 000-ზე მეტ ადამიანს დავეხმარეთ წერა-კითხვის სწავლაში, ხოლო 37 000-ზე მეტს — წერა-კითხვის უნარის გაუმჯობესებაში. ჩვენ მიმართ ხელისუფლებამ მადლიერებაც კი გამოხატა ამ საქმეში შეტანილი ღვაწლისთვის (რომაელები 13:3). მაგალითად, 2010 წელს მათ მადლობის სიგელი გადმოგვცეს იმის გამო, რომ მეხიკოს შტატსა და მთელ მექსიკაში ათწლეულების განმავლობაში ათასობით მექსიკელს დავეხმარეთ წერა-კითხვის სწავლაში, რაც მათ ცხოვრებას აუმჯობესებდა.

ერთად შეკრება

 ჩვენი სტატუსიდან გამომდინარე, ჩვენი შეხვედრის ადგილები საკლასო ოთახებს ჰგავდა და მათ „კულტურის აუდიტორიას“ უწოდებდნენ. იქ შეხვედრებსაც ვატარებდით და წერა-კითხვის შემსწავლელ კურსებსაც.

 ერთი ძმა ანხელი ამბობს: „აუდიტორიებს ხშირად ჩვენი და-ძმების სახლებში ვაწყობდით. ბევრ მათგანს მატერიალურად უჭირდა და ვიწროდ ცხოვრობდა. თუმცა შეხვედრები რომ ჩატარებულიყო, მზად იყვნენ, კიდევ უფრო შევიწროებულიყვნენ. ამის გამო თითოეულ მათგანს ძალიან ვაფასებ“.

 ასეთი მსხვერპლის გაღება იმ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. კრების შეხვედრებთან დაკავშირებით ანხელი აღნიშნავს: „ზოგჯერ იმდენი ადამიანი ესწრებოდა, რომ გარეთ გვიწევდა დგომა. კომენტარებსაც კი ფანჯრებიდან ვაკეთებდით. ამის მიუხედავად, შეხვედრებზე დასწრება ძალიან დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა“.

 ზედმეტი პრობლემები რომ აგვერიდებინა თავიდან, ხმამაღლა არც ვმღეროდით და არც ვლოცულობდით. ედმუნდო იხსენებს: „საგანმანათლებლო მოხსენების დროს, რასაც ახლა საჯარო მოხსენება ეწოდება, ძმები ხაზს უსვამდნენ ბიბლიური რჩევების პრაქტიკულ მხარეებს, რომლებიც მსმენელს ცხოვრების გაუმჯობესებაში დაეხმარებოდა“. რაღაც პერიოდის მანძილზე ბიბლიის წიგნების სახელებსაც კი არ ვიყენებდით. მანუელი იხსენებს, როგორ მიუთითებდნენ აუდიტორიას, რომელი მუხლი უნდა წაეკითხათ: „იმის ნაცვლად, რომ გამოცხადების 21-ე თავის მე-3 და მე-4 მუხლები გვეთქვა, ვამბობდით: წიგნი 66, 21, 3 და 4“. კიდევ ერთი ძმა მოისესი დასძენს: „მუხლები რომ მოგვეძებნა, ბიბლიის წიგნების თანმიმდევრობა უნდა გვესწავლა“.

გაკვეთილი ჩვენთვის

 ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენი ორგანიზაცია მექსიკაშიც ისევე ფუნქციონირებდა, როგორც მსოფლიოს სხვა ტერიტორიებზე. მართალია, გარკვეული შეზღუდვებიც გვქონდა და თავისუფლად ვერ ვასრულებდით რელიგიურ მსახურებას, მაგრამ აშკარა იყო, რომ იეჰოვა მხარს უჭერდა თავის ხალხს. 1943 წელს, როცა სამოქალაქო ასოციაციად დავრეგისტრირდით, მაუწყებელთა რაოდენობა 1 565-ს შეადგენდა, ხოლო 1993 წელს, როცა რელიგიურ გაერთიანებად დავრეგისტრირდით, მაუწყებელთა რაოდენობამ 366 177 შეადგინა. ამ მოვლენის შემდეგ მაუწყებელთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 2021 წლის მონაცემებით, მექსიკაში მაუწყებელთა რიცხვმა 864 633-ს მიაღწია. ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია ამ ქვეყნის ისტორიიდან?

 სირთულეების დროს საჭირო ცვლილებები მოახდინეთ. ასეთმა მიდგომამ მოგვცა საშუალება, რომ მექსიკაში 50 წლის მანძილზე იურიდიული აღიარება გვქონოდა. მარიო ამბობს: „ზოგჯერ მაფიქრებდა, იეჰოვას თაყვანსაცემად რატომ არ მიგვიწვდებოდა ხელი იმ საშუალებებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებში მცხოვრებ და-ძმებს ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, არავისგან მსმენია, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ეჭვქვეშ დაეყენებინა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობდა თავის ხალხს, ამიტომ სრულ მორჩილებას ვავლენდით“.

 სრულად ჩაებით ღვთის საქმეში. გვადალუპე ამბობს: „იმდენად ვიყავით ჩართული სამქადაგებლო საქმეში, რომ სხვა რაღაცებზე დიდად არ ვწუხდით. ჩვენთვის იეჰოვას მსახურება იყო უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებდა“.

 შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა თანაქრისტიანებთან. ანიტა ასეთ სიტყვებს ამბობს: „შეხვედრებზე ზოგ რამეს ვერ ვახერხებდით, მაგალითად, ვერ ვმღეროდით, თუმცა გვქონდა ერთად შეკრების, ერთმანეთთან ურთიერთობის და სულიერ საკითხებზე საუბრის საშუალება. დანარჩენს კი ყველანი ჩვენ-ჩვენ სახლებში ვაკეთებდით“.

 აი რა დასკვნას აკეთებს ფლორენტინო: „განვლილ წლებზე რომ ვფიქრობ, ვხედავ, რომ ყველაფერი დროულად კეთდებოდა და ყველაფერს თავისი მიზანი ჰქონდა. მართალია, გვეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ იეჰოვას მხარდაჭერას აშკარად ვგრძნობდით“.

a ეს ბარათები მხოლოდ საიდენტიფიკაციო მიზნებისთვის გაიცემოდა. ბიბლიაში არ წერია, რომ ცალკეულმა ქრისტიანებმა ასეთი ნებართვა უნდა აიღონ ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გასაზიარებლად. შესაბამისად, ისინი არ ცდილობენ ასეთი იურიდიული დოკუმენტების მოპოვებას.

b ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1940—1950-იან წლებში მექსიკის მოსახლეობის თითქმის ნახევარმა წერა-კითხვა არ იცოდა.

იეჰოვას მოწმეთა ოჯახები იმ შენობის წინ, სადაც შეხვედრებს ატარებდნენ. აბრაზე ესპანურად გაკეთებულია შემდეგი წარწერა: „კულტურის აუდიტორია“ (ჩიუაუა, მექსიკა, 1952 წ.).

ჩვენი და-ძმები მეხიკოს ფილიალის შენობის წინ, სადაც ესპანურად გაკეთებულია შემდეგი წარწერა: «„საგუშაგო კოშკის“ სამოქალაქო ასოციაცია» (1947 წ.).

ორი იეჰოვას მოწმე მამაკაცს ესპანურ ენაზე გამოცემულ ჟურნალ „საგუშაგო კოშკს“ სთავაზობს (იდალგოს სოფლები, მექსიკა, 1959 წ.).

საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც სამქადაგებლო მსახურებისას გამოიყენებოდა.

2010 წელს იეჰოვას მოწმეებისთვის გადაცემული მადლობის სიგელი

1969 წელს გამართული კონგრესი, რომლის ჩატარებაც იურიდიული სტატუსის მიღების შედეგად გახდა შესაძლებელი.