არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲐᲠᲥᲘᲕᲘᲓᲐᲜ

მათ Მძიმე პერიოდში სულიერი სიმტკიცე შეინარჩუნეს

მათ Მძიმე პერიოდში სულიერი სიმტკიცე შეინარჩუნეს

 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის უდიდესი ნაწილი ნანგრევებად იყო ქცეული. თუმცა სასიხარულო ის იყო, რომ ბევრმა ადამიანმა დააღწია თავი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს. მათ შორის იყვნენ იეჰოვას მოწმეებიც. რთული პერიოდი იდგა. ხალხს არ ჰქონდა საკვები, ტანისამოსი და საცხოვრებელი ადგილი. და კარინ ჰარტიუნგი იხსენებს: „ვისაც სახლი ჰქონდა, ნათესავებს იფარებდა ან ოთახებს აქირავებდა“. და გერტრუდ პოეტზინგერი, რომელსაც შვიდწელიწად­-ნახევარი ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკებში გატარებული, გარკვეული პერიოდი საწყობში ცხოვრობდა და სკამზე ეძინა. a

 Როგორ დაეხმარა იეჰოვას ორგანიზაცია ასეთ გასაჭირში მყოფ და-ძმებს, და ჩვენ რა შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან?

და-ძმების ფიზიკურ საჭიროებებზე ზრუნვა

 ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ მიიღო ზომები და-ძმების დასახმარებლად ევროპაში. მსოფლიო მთავარი სამმართველოდან ნეითან ნორმა და მილტონ ჰენშელმა მოინახულეს ჩვენი და-ძმები, რათა გაეგოთ, როგორ დახმარებოდნენ მათ. 1945 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ისინი ესტუმრნენ ინგლისს, შვეიცარიას, საფრანგეთს, ბელგიას, დანიას, შვედეთს, ფინეთსა და ნორვეგიას. ძმა ნორი იხსენებს: „საკუთარი თვალით ვიხილეთ, რა გამანადგურებელი შედეგები მოუტანა ომმა მთელ კონტინენტს“.

ნეითან ნორი სიტყვით გამოდის ჰელსინკიში შეკრებილი იეჰოვას მოწმეების წინაშე (ფინეთი, 1945 წლის 21 დეკემბერი).

 სამწუხაროდ, ძმა ნორს გერმანიაში შესვლის უფლება არ მისცეს. ამიტომ გერმანიის ფილიალის ზედამხედველი ერიხ ფროსტი თავად გაემგზავრა ნეითან ნორთან შესახვედრად. b „ძმა ნორმა გამოსადეგი რჩევები მოგვცა და დაგვპირდა, რომ საკვებითა და ტანსაცმლით მოგვამარაგებდნენ. მალევე ფქვილის, ზეთის, შვრიისა და სხვა საკვების დიდი მარაგი მივიღეთ გერმანიაში. გარდა ამისა, თანაქრისტიანებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან დიდი ყუთებით გამოგვიგზავნეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თუმცა ეს არ ყოფილა ერთჯერადი შემთხვევა. ეს დახმარების პროგრამა ორწელიწად-ნახევარს გაგრძელდა“, – გვიამბო ერიხმა. c და­-ძმებისთვის ასეთი დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავდა.

მოწმეები შეერთებულ შტატებში ახარისხებენ შემოწირულ ტანსაცმელს ევროპაში გასაგზავნად.

სულიერზე კონცენტრირებულნი

 საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად და-ძმები უფრო მეტად ჩაერთნენ სულიერ საქმეებში.

იურგენ რუნდელი (წინ მარცხნივ) შპიტალ-ან-დერ-დრაუს კრების ძმებთან ერთად, 1954 წელი.

 კარგი სულიერი განრიგი (ეფესოელები 5:15, 16). ომის დროს და-ძმებისთვის რთული იყო ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების შოვნა და სულიერ საქმეებში მონაწილეობა. ომის შემდეგ კრების შეხვედრების ჩატარება და მსახურება განახლდა და ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ავსტრიაში მცხოვრები ძმა იურგენ რუნდელი იხსენებს: „იმ პერიოდში „ინფორმატორის“ d გამოცემებში ყურადღება მახვილდებოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, მსახურებაში ჩავბმულიყავით აქტიურად; მიმომსვლელი ზედამხედველებიც იმავესკენ მოგვიწოდებდნენ. ეს ძალიან დაგვეხმარა, მთელი ყურადღება იეჰოვაზე, იესოზე, ბიბლიის პირად შესწავლასა და ქადაგებაზე გადაგვეტანა. მაშინ მომცდენი ფაქტორებიც ნაკლებად იყო. Მაგალითად, საერთოდ არ გვქონდა ტელევიზორი“.

 და ულრიკე კროლოპი გვიზიარებს: „მახსოვს, რა სასიამოვნო იყო, როდესაც როგორც იქნა შევძელი ბიბლიური საკითხის გამოკვლევა. ამ მხრივ ჩემი მეუღლე კარგ მაგალითს მაძლევდა. როგორც კი „საგუშაგო კოშკის“ ახალ ნომერს მიიღებდა, ყველაფერს გვერდზე გადადებდა და მის შესწავლას იწყებდა“. ზემოთ მოხსენიებული კარინი გვიყვება: „ომის დროს ვხედავდით, როგორ ვკარგავდით მატერიალურ ქონებას. სულიერს კი, მართალია შეზღუდულად, მაგრამ მაინც ყოველთვის ვიღებდით. იეჰოვას მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობდით“.

ულრიკე კროლოპი

 კვლავ აქტიურად ქადაგება (მათე 28:19, 20). იეჰოვას მოწმეები ომის გამო თავისუფლად ვეღარ ქადაგებდნენ. ფრიდელმი იხსენებს: „ომის შემდეგ ყველა დაუყოვნებლივ ჩაერთო ქადაგების საქმეში“. ულრიკე ამბობს: „ჩემი ქმრის ოჯახს პირველად საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრის ფორმაში გამოწყობილმა იეჰოვას მოწმემ უქადაგა. აშკარაა, ამ ძმას დრო არ დაუკარგავს და გათავისუფლებისთანავე შეუდგა სასიხარულო ცნობის გავრცელებას“. იურგენი გვიზიარებს: „ომის შემდეგ ყველა ენთუზიაზმით იყო სავსე. ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო სრული დროით მსახურება“.

 „დაბომბილ ქალაქებში ცხოვრება საშინელება იყო“, – ამბობს ულრიკე. ბევრი ადამიანი ნანგრევებში ცხოვრობდა. როგორ პოულობდნენ მათ ქადაგების დროს მოწმეები? ულრიკე აგრძელებს: „სადაც კი ლამფის შუქს ან მილიდან გამომავალ კვამლს მოვკრავდით თვალს, იქ მივდიოდით“.

 ერთმანეთის გამხნევება (1 თესალონიკელები 5:11). ომის დროს ბევრ იეჰოვას მოწმეს სასტიკად ეპყრობოდნენ. თუმცა ომის დასრულების შემდეგ ისინი მომხდარზე კი აღარ ფიქრობდნენ, არამედ მთელი ყურადღება ერთმანეთის გამხნევებაზე ჰქონდათ გადატანილი. მათ უხაროდათ, რომ გაუძლეს ყოველგვარ განსაცდელს და იეჰოვას ერთგულება შეინარჩუნეს (იაკობი 1:2, 3). იოჰანესი, რომელიც ახლა აშშ-ში ცხოვრობს, ამბობს: „ჩვენი სარაიონო ზედამხედველი, რომელსაც თავად ჰქონდა გამოვლილი საკონცენტრაციო ბანაკი, ხშირად იხსენებდა გამამხნევებელ შემთხვევებს. მისი მონაყოლი რწმენას გვიმტკიცებდა“.

 Როგორც იოჰანესი ამბობს, იმის გახსენება, თუ როგორ ზრუნავდა იეჰოვა და-ძმებზე საკონცენტრაციო ბანაკებში და როგორ პასუხობდა მათ ლოცვებს, ეხმარებოდა მოწმეებს, ომის შემდეგაც იეჰოვას ერთგულები დარჩენილიყვნენ. Როგორც ზემოთ ვახსენეთ, გათავისუფლებული იეჰოვას მოწმეები კარგ სულიერ განრიგს მიჰყვებოდნენ – რეგულარულად კითხულობდნენ ბიბლიას, ესწრებოდნენ კრების შეხვედრებს და მონაწილეობდნენ ქადაგების საქმეში. ელიზაბეთი, რომელიც 1946 წელს ნიურნბერგში ჩატარებულ კონგრესს დაესწრო, იხსენებს: „გათავისუფლებული და-ძმები ფიზიკურად დაუძლურებულნი იყვნენ, მაგრამ, როდესაც თავიანთ შემთხვევებს ჰყვებოდნენ, ვხედავდით, რომ წმინდა სულით იყვნენ გაძლიერებულნი“ (რომაელები 12:11).

კარინ ჰარტიუნგი

 და-ძმების მხარდამხარ (რომაელები 1:11, 12). ომის პერიოდში სასტიკი დევნების გამო, მოწმეებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება არ ჰქონდათ. როგორც კარინი გვიყვება, და-ძმები ერთმანეთს ძალიან იშვიათად სტუმრობდნენ, რათა ყურადღება არ მიეპყროთ და თანაქრისტიანების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაეგდოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ომის შემდეგ შეიცვალა. ფრიდელმი გვიზიარებს: „და-ძმები ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. მათთვის კრების შეხვედრებზე დასწრება და მსახურებში მონაწილეობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო“.

 გერმანიაში მცხოვრები უხუცესი, სახელად დიტრიხი, გვიამბობს: „ომის შემდგომ პერიოდში ძალიან ცოტა იეჰოვას მოწმეს ჰყავდა ავტომობილი, ამიტომ კრების შეხვედრებზე ყველანი ერთად, ფეხით დავდიოდით. ამან უფრო დაგვაახლოვა და ერთ ოჯახად გვაქცია“.

რას ვსწავლობთ

 დღეს იეჰოვას ბევრი მსახური არაერთ განსაცდელს ხვდება, იქნება ეს სტიქიური უბედურება, ავადმყოფობა, ომი, დევნა ან ეკონომიკური პრობლემები (2 ტიმოთე 3:1). თუმცა ამაზე ზედმეტად არ უნდა ვიწუხოთ, რადგან ნაცისტური რეჟიმის დროს მცხოვრები და-ძმების მაგალითები გვარწმუნებს, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებს, განსაკუთრებით კი ბოლო დღეებში. ამიტომ ჩვენც, პავლე მოციქულის მსგავსად, გულდაჯერებული უნდა ვამბობდეთ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრაელები 13:6).

a გაეცანით გერტრუდ პოეტზინგერის ავტობიოგრაფიას, რომელიც გამოქვეყნებულია 1984 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ ინგლისურ ენაზე.

b გაეცანით ერიხ ფროსტის ავტობიოგრაფიას, რომელიც გამოქვეყნებულია 1961 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ ინგლისურ ენაზე.

c მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებულთა დახმარების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია „მათ საუკეთესო გაიღეს“, აგრეთვე წიგნი „ღვთის სამეფო მმართველობს“, 211, 218 და 219 გვერდებზე მოცემული ჩარჩოები.

d ახლა ვიყენებთ პუბლიკაციას „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“.