არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რადიოსადგური WBBR, 1924 წელი

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲐᲠᲥᲘᲕᲘᲓᲐᲜ

სასიხარულო ცნობის „მაუწყებლობა“

სასიხარულო ცნობის „მაუწყებლობა“

 1924 წლის 24 თებერვალს, კვირა საღამოს ბიბლიის მკვლევრების a ახალი რადიოსადგური, WBBR ამოქმედდა. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? ვინ იყო მსმენელი? დღეს როგორ იყენებენ იეჰოვას მოწმეები თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს აუწყონ? (მათე 24:14).

ტექნიკოსი მუშაობს WBBR-ის სამართავ პანელზე

„და პროგრამაც დაიწყო“

 პირველი რადიოგადაცემა 20:30სთ-ზე გავიდა ეთერში და ორ საათს გაგრძელდა. პროგრამა გადაიცემოდა სტეიტენ-აილენდზე (ნიუ-იორკი) ახლად აშენებული სტუდიიდან. ხმის მთავარი ინჟინერი ძმა რალფ ლეფლერი იხსენებს: „სტუდიაში ყველა აღელვებული იყო. ვფიქრობდი, მივაწვდენდით თუ არა ხმას ვინმეს. თუმცა ღილაკს მაინც დავაჭირე ხელი იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა და პროგრამაც დაიწყო“.

 ამ ისტორიულ პროგრამას რადიოსადგურის ზედამხედველი, ძმა ვიქტორ შმიდტი უძღვებოდა. მან პროგრამა ნიჭიერი შემსრულებლების წარდგენით დაიწყო. ყველა მათგანი ბიბლიის მკვლევარი იყო. თავდაპირველად ერთმა ძმამ კლასიკური ნაწარმოები შეასრულა ფორტეპიანოზე. შემდეგ და კორა ველმენმა შეასრულა სიმღერა, სახელწოდებით „ოთხმოცდაცხრამეტი“, რომელიც დაფუძნებულია იესოს იგავზე დაკარგული ცხვრის შესახებ (ლუკა 15:4—7). შემსრულებლებს შორის იყო ფრედერიკ ფრენციც, რომელმაც იმღერა სიმღერა სახელწოდებით „მომნანიებელი“. ეს სიმღერაც დაფუძნებულია იესოს იგავზე გზასაცდენილი შვილის შესახებ (ლუკა 15:11–25).

რადიოსადგურ WBBR-ის გახსნის პროგრამა

 ძმა ჯოზეფ რუტერფორდმა, რომელიც იმ პერიოდში ბიბლიის მკვლევრებს ხელმძღვანელობდა, წარმოთქვა მიძღვნის მოხსენება. ამ მოხსენებაში მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს რადიოსადგური მესიანური სამეფოს ინტერესების მხარდაჭერას მოემსახურებოდა. მან აღნიშნა: „რადგანაც ღმერთმა ინება, რომ რადიო ჩვენს დროში გამოგონებულიყო, ეჭვგარეშეა, მისი სურვილია, ამ საშუალებით გავაგებინოთ ხალხს ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულების შესახებ“.

„ერთი ბგერაც კი არ გამომრჩენია“

 შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთით ბევრმა ადამიანმა მოისმინა პირველი გადაცემა. ერთმა მსმენელმა, რომელიც რადიოსადგურიდან 320 კილომეტრში, მორისვილში (ვერმონტი) ცხოვრობდა, აღნიშნა: „შემიძლია ვთქვა, რომ გადაცემამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა . . . ძმა რუტერფორდის ხმა განსაკუთრებით მკაფიოდ ისმოდა . . . ერთი ბგერაც კი არ გამომრჩენია“. ამ გადაცემას ფლორიდის შტატშიც კი ჰყავდა მსმენელი. ეს წამოწყება ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რასაც უამრავი სამადლობელი წერილიც ადასტურებს.

ჯოზეფ რუტერფორდი WBBR-ის სტუდიაში. პროგრამას უძღვება ვიქტორ შმიდტი.

 რადიოსადგური 33 წლის მანძილზე გადასცემდა სამეფო შესახებ ცნობას, b ძირითადად, შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დროთა განმავლობაში WBBR-ის რადიომაუწყებლობის არეალი გაიზარდა და ეს ცნობა მილიონობით ადამიანს მისწვდა. მისი დაფარვა გასცდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საზღვრებს. 1975 წლის იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში ვკითხულობთ: „1933 წელი გამორჩეული იყო, რადგან ამ წელს სასიხარულო ცნობა ექვს კონტინენტზე 408 რადიოსადგურის მეშვეობით გადაიცემოდა. რადიოსადგურებმა, მთლიანობაში, 23 783 ბიბლიური მოხსენება გადასცეს. იმ პერიოდში „საგუშაგო კოშკი“ ერთდროულად ბევრ სხვადასხვა სადგურს იყენებდა სამაუწყებლოდ. ასე რომ, რადიოტალღების მეშვეობით ღვთის განმადიდებელი ჭეშმარიტების სიტყვები გაისმოდა“.

რადიომაუწყებლობა კარდაკარ მსახურებამ ჩაანაცვლა

 როდესაც ბიბლიის მკვლევრებმა WBBR-ის გამოყენება დაიწყეს, შეერთებულ შტატებში საშუალოდ 1064 მაუწყებელი ქადაგებდა სასიხარულო ცნობას. რადიომაუწყებლობა ამ პატარა ჯგუფს ძალიან დაეხმარა ფართო მასებზე გასვლაში. 1957 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მაუწყებელთა საშუალო რაოდენობა 187 762-ს შეადგენდა, მთელ მსოფლიოში კი – 653 273-ს. კრების შეხვედრებზე მიღებული ცოდნის შედეგად ჩვენი გულმოდგინე და-ძმები სულ უფრო დაიხვეწნენ კარდაკარ ქადაგებაში და მსახურების სხვა ფორმებში.

 ამ ყველაფერმა ძმები ერთ რამეზე დააფიქრა: იყო თუ არა რადიომაუწყებლობა ისევ ისეთი ეფექტური, როგორიც ადრე, განსაკუთრებით, კარდაკარ ქადაგების ფონზე?! საბოლოოდ გადაწყდა, რომ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მფლობელობაში არსებული რადიოსადგური WBBR გაყიდულიყო. ასეც მოხდა. 1957 წლის 15 აპრილს რადიოსადგური გაიყიდა. გაყიდვამდე ერთი წლით ადრე რადიომაუწყებლობის ბოლო ეთერში ნეითან ნორს ჰკითხეს ამ გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ. როგორც ძმა ნორმა აღნიშნა, მოწმეების რიცხობრივი ზრდა იმ პერიოდისთვის ძირითადად კარდაკარ ქადაგების დამსახურება იყო. მან დასძინა: „თავის დროზე WBBR ბევრ ადამიანს დაეხმარა, მაგრამ დღესდღეობით მოწმეების რიცხობრივი ზრდა იმ ტერიტორიებზე უფრო შეინიშნება, სადაც WBBR არ მაუწყებლობს“. ამგვარად, ძმებმა დაასკვნეს, რომ კარდაკარ ქადაგებით უფრო მეტს მიაღწევდნენ ღვთის საქმეში, ვიდრე რადიოთი. თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ამით მაუწყებლობის ეპოქა დასრულდა.

განსხვავებული ფორმით დაგვიბრუნდა

 2014 წლის 6 ოქტომბერს განსაკუთრებული სიახლის მომსწრენი გავხდით; დაარსდა პირველი ინტერნეტტელევიზია, სახელწოდებით „JW მაუწყებლობა“. მაუწყებლობის ყოველთვიური პროგრამის ყურება შესაძლებელი გახდა ვებბრაუზერის, აპლიკაცია „JW ბიბლიოთეკის“, სატელიტური მიმღების და სხვა მოწყობილობების მეშვეობით. c თუმცა ამის მიუხედავად, მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში იეჰოვას ხალხი კვლავაც ეფექტურად იყენებს რადიოსა და ტელევიზიას. როგორ?

JW მაუწყებლობის პირველი გადაცემა, 2014 წლის ოქტომბერი

 ბოლო წლებში იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა ტელეკომპანიისა და რადიოსადგურების მეშვეობით გადასცემენ ყოველკვირეულ შეხვედრებსა და კონგრესებს ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ინტერნეტი არ არის ხელმისაწვდომი. ამგვარად საშუალება გვაქვს, მივაწვდინოთ ხმა უამრავ ადამიანს, მათ შორის, ბიბლიური ჭეშმარიტებით დაინტერესებულებს. ამ წამოწყებას საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა 2021-22 წლებში. აღმოსავლეთ აფრიკის ფილიალს რამდენიმე რადიოსადგურის მენეჯერმა შეატყობინა, რომ მათი მსმენელები ძალიან კმაყოფილები იყვნენ ყოველკვირეული შეხვედრების პროგრამის მოსმენით. უფრო მეტიც, მსმენელებმა კენიიდან, სამხრეთ სუდანიდან და ტანზანიიდან ბიბლიის შესწავლაც კი მოითხოვეს.

 აღსანიშნავია, რომ იეჰოვას მოწმეებისთვის სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელების ძირითადი საშუალება კარდაკარ, სტენდებით და jw.org ვებსაიტის მეშვეობით ქადაგებაა. ჩვენს ვებსაიტზე სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი ბიბლია და ბიბლიაზე დაფუძნებული ლიტერატურა 1080-ზე მეტ ენაზე. ბიბლიური საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს ამ ვებსაიტზე შეუძლიათ მიიღონ პასუხები და აგრეთვე გაიგონ, თუ სად ტარდება კრების შეხვედრები. ამ ყველაფრის დამსახურებაა, რომ კაცობრიობის ისტორიაში სასიხარულო ცნობის ქადაგება ასეთი მასშტაბური არასოდეს ყოფილა. დიახ, როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, დღეს სასიხარულო ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს (მათეს 24:14).

a 1931 წელს ბიბლიის მკვლევრებს „იეჰოვას მოწმეები“ ეწოდათ.

b გარკვეული დროის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს რადიოსადგურები სხვა ქვეყნებშიც ჰქონდათ, მაგალითად, ავსტრალიასა და კანადაში.