ჩვენი არქივიდან
წერა-კითხვის შემსწავლელი გლობალური პროგრამა წინ მიიწევს
„სოფელში გავიზარდე. ჩვენი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო; ამიტომ სკოლიდან გამოსვლა მომიწია, რომ მემუშავა და ოჯახს დავხმარებოდი“, — გვიყვება ბრაზილიაში მცხოვრები ავგუსტინო, რომელმაც წერა-კითხვა 33 წლის ასაკში ისწავლა. „წერა-კითხვის შესწავლამ ღირსების გრძნობა ამიმაღლა“, — ამბობს ის.
ავგუსტინო ერთ-ერთია იმ ასობით ათას ადამიანს შორის, რომელთაც იეჰოვას მოწმეებმა წერა-კითხვა ასწავლეს ბოლო 70 წლის განმავლობაში. რატომ ატარებენ იეჰოვას მოწმეები წერა-კითხვის შემსწავლელ კურსებს? რაში დაეხმარა ამ ხალხს ამგვარი განათლების მიღება?
წერა-კითხვის არცოდნა აფერხებს სწავლას
1930-იან წლებში იეჰოვას მოწმეები უკვე 115 ქვეყანაში ქადაგებდნენ. სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის რომ ექადაგათ, მისიონერები ხალხს ბიბლიური მოხსენებების ჩანაწერებს ასმენინებდნენ მშობლიურ ენებზე. ზოგ შემთხვევაში კი პუბლიკაციებსაც სთავაზობდნენ, თუ ეს ხელმისაწვდომი იყო მათ ენებზე. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი დიდ ინტერესს ავლენდა ბიბლიისადმი, წერა-კითხვის არცოდნა მრავალს უშლიდა ხელს.
ბევრს უჭირდა ბიბლიური პრინციპების გამოყენება, რადგან არ შეეძლოთ ბიბლიის წაკითხვა (იესო ნავეს ძე 1:8; ფსალმუნი 1:2, 3). მათთვის აგრეთვე რთული იყო ქრისტიანული პასუხისმგებლობების შესრულება. მაგალითად, მშობლებს, რომლებმაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, უჭირდათ შვილებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება (კანონი 6:6, 7). ახალმონათლული ქრისტიანებისთვის, რომლებმაც კითხვა არ იცოდნენ, რთული იყო სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გადაცემა.
საგანმანათლებლო კამპანია იწყება
1940-1950 წლებში ძმა ნეითან ნორი და მილტონ ჰენშელი, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები იყვნენ, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდნენ, რათა ორგანიზება გაეწიათ სამქადაგებლო საქმიანობისთვის. იმ ქვეყნის ფილიალებს, რომელთა ტერიტორიაზეც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცოდა, მოუწოდებდნენ, კრებებში ჩამოეყალიბებინათ წერა-კითხვის შემსწავლელი კურსები.
ფილიალები უგზავნიდნენ კრებებს ინსტრუქციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაეტარებინათ ეს კურსები. ზოგ ქვეყანაში უკვე არსებობდა პროგრამები და ძმებს შეეძლოთ მათი გამოყენება. მაგალითად ბრაზილიაში სახელმწიფომ ფილიალები საჭირო სახელმძღვანელოებითა და ინვენტარით უზრუნველყო. ზოგ ქვეყანაში კი იეჰოვას მოწმეებმა თავად შეიმუშავეს წერა-კითხვის შემსწავლელი პროგრამა.
სასწავლო კურსები ხელმისაწვდომი იყო ყველა ასაკის ადამიანისთვის. მთავარი მიზანი იყო, ხალხს მშობლიურ ენაზე ესწავლა წერა-კითხვა მაშინაც კი, თუ ერთ კრებაში რამდენიმე ენაზე საუბრობდნენ და-ძმები.
პროგრამა, რომელიც ეხმარება ხალხს
როგორ დაეხმარა ხალხს ეს საგანმანათლებლო პროგრამა? მექსიკაში მცხოვრები ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე ამბობს: „ახლა შემიძლია წავიკითხო ბიბლია და ჩავწვდე წაკითხულის მნიშვნელობას; ეს ჩემს გულს ეხება. მას შემდეგ, რაც კითხვა ვისწავლე, თავისუფლად ვესაუბრები მეზობლებს ჭეშმარიტებაზე და შემიძლია უფრო მეტ ადამიანთან ვიქადაგო“.
წერა-კითხვის შემსწავლელი პროგრამა ადამიანებს მხოლოდ ბიბლიის გაგებაში როდი დაეხმარა. ბურუნდიში მცხოვრები ისააკი გვიყვება: „წერა-კითხვის სწავლა ახალი პროფესიის ათვისებაშიც დამეხმარა. შევისწავლე სამშენებლო საქმე. მშენებლობა ჩემს პროფესიად იქცა და ახლა დიდ სამშენებლო პროექტებს ვხელმძღვანელობ“.
პერუში მცხოვრები ერთი და, სახელად ხესუსა, რომელმაც 49 წლის ასაკში ისწავლა წერა-კითხვა, ამბობს: „როგორც დიასახლისს, ხშირად მიწევს პროდუქტებისა და სხვადასხვა ნივთის შეძენა; ძალიან მჭირდებოდა პროდუქტების ეტიკეტებისა და შემადგენლობების წაკითხვა. ეს ჩემთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა. დღეს უკვე შემიძლია მშვიდად შევიძინო ის, რაც ოჯახში მჭირდება“.
წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა არაერთი ოფიციალური პირისგან დაიმსახურეს შექება განათლების სფეროში გაწეული შრომისთვის. იეჰოვას მოწმეები დღესაც ატარებენ ამგვარ კურსებს სხვადასხვა მეთოდით. ეს მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება. მათ ამ მიზნით შეადგინეს და დაბეჭდეს 224 მილიონამდე ბროშურა 720 ენაზე. a
a მაგალითად, ბროშურა „ისწავლეთ წერა-კითხვა“ ხელმისაწვდომია 123 ენაზე, ხოლო ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“ — 610 ენაზე.