კითხვა 4
როგორ მოვიქცე, როცა რაღაცას ვაშავებ?
როგორ მოიქცეოდი?
წარმოიდგინე, ერთი ბიჭი, პირობითად ლუკა, თავის მეგობრებთან ერთად ბურთს თამაშობს. მოულოდნელად ლუკას მიერ დარტყმული ბურთი მეზობლის ფანჯარას ხვდება და მინა იმსხვრევა.
ლუკას ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?
შეჩერდი და დაფიქრდი!
რამდენიმე არჩევანი გაქვს:
-
გაიქცე.
-
სხვას გადააბრალო.
-
მოუბოდიშო მეზობელს და ზარალის ანაზღაურება შესთავაზო.
თავიდან შეიძლება გაქცევა მოგინდეს, მაგრამ გახსოვდეს, რომ, რაც არ უნდა დააშავო, შეცდომის აღიარება ყოველთვის სწორი არჩევანია.
რატომ უნდა აღიარო შეცდომები
-
ეს სწორი საქციელია.
ბიბლიაში წერია: „გვსურს, ყოველმხრივ პატიოსნად ვიქცეოდეთ“ (ებრაელები 13:18).
-
სხვები ადვილად გაპატიებენ.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება, ხოლო ვინც აღიარებს და აღარ ჩაიდენს, შეწყალებული იქნება“ (იგავები 28:13).
-
რაც ყველაზე მთავარია, ღმერთს გულს გაუხარებ.
ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას სძულს მზაკვარი კაცი, მართლებთან კი მეგობრობს“ (იგავები 3:32).
ერთი 20 წლის გოგონა, სახელად კარენი გვიყვება, როგორ დაუმალა ერთხელ მამამისს, სიჩქარის გადაჭარბების გამო რომ დააჯარიმეს. საბოლოოდ სიმართლე მაინც გაირკვა. კარენი იხსენებს: „დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მამამ ჩემს სახელზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი აღმოაჩინა და მკაცრად მისაყვედურა“.
„შეცდომის დამალვა მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. საკუთარ საქციელზე ადრე თუ გვიან მაინც აგებ პასუხს“, — ამბობს კარენი.
რას გვასწავლის დაშვებული შეცდომა
ბიბლიაში ნათქვამია: „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2). როგორც ვხედავთ, შეცდომების უმალვე აღიარება თავმდაბლობისა და მოწიფულობის მაჩვენებელია.
გარდა ამისა, დაშვებული შეცდომებიდან ყოველთვის რაღაცას ვსწავლობთ. ერთი გოგონა, ვერა ამბობს: „ვცდილობ, დაშვებული შეცდომებიდან რაღაც ვისწავლო, რაც გამოცდილებას მძენს. ეს მეხმარება, უკეთეს პიროვნებად ჩამოვყალიბდე და მსგავს სიტუაციაში სხვაგვარად მოვიქცე“.
ახლა წარმოიდგინე, რომ მამაშენის ფოტოაპარატი გააფუჭე. როგორ მოიქცევი?
-
არაფერს ეტყვი იმ იმედით, რომ ვერაფერს შეამჩნევს.
-
ყველაფერს მოუყვები.
-
ეტყვი, რომ გაფუჭდა, მაგრამ სხვას გადააბრალებ.
გამოცდა ვერ ჩააბარე, რადგან სათანადოდ არ მოემზადე. როგორ მოიქცევი?
-
იტყვი, რომ რთული გამოცდა იყო.
-
პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებ.
-
მასწავლებელს გადააბრალებ და იტყვი, რომ მას ამოჩემებული ჰყავხარ.
ახლა გადახედე ზემოთ მოხსენიებულ პირობით სიტუაციებს; წარმოიდგინე თავი მამაშენის და შენი მასწავლებლის ადგილას. რას იფიქრებენ ისინი შენზე, თუ შეცდომას დამალავ ან პირიქით, მაშინვე აღიარებ?
გაიხსენე, რა შეცდომა დაუშვი და უპასუხე შემდეგ კითხვებს.
რა შეცდომა დაუშვი და როგორ მოიქეცი?
-
არ გაამხილე.
-
სხვას გადააბრალე.
-
მაშინვე აღიარე.
როგორ იგრძენი თავი, როცა დანაშაული არ გაამხილე?
-
მშვენივრად — სინდისს არ შევუწუხებივარ.
-
დამნაშავედ — უნდა მეთქვა სიმართლე.
რისი გაკეთება აჯობებდა ამ შემთხვევაში?
რა ისწავლე დაშვებული შეცდომიდან?
რას ფიქრობ?
რატომ არ აღიარებს ბევრი შეცდომებს?
რას იფიქრებენ სხვები, თუ არასდროს აღიარებ შეცდომებს?
რას იფიქრებენ სხვები, თუ აღიარებ შეცდომებს? (ლუკა 16:10).