არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კითხვა 5

როგორ მოვიქცე, თუ სკოლაში მჩაგრავენ?

როგორ მოვიქცე, თუ სკოლაში მჩაგრავენ?

რატომ ღირს დაფიქრება

შენს რეაქციაზეა დამოკიდებული, სიტუაცია გაუმჯობესდება თუ გაუარესდება.

როგორ მოიქცეოდი?

წარმოიდგინე, რომ ერთ ბიჭს, პირობითად მათეს, აღარ უნდა სკოლაში წასვლა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამი თვის წინ კლასელებმა მასზე ცუდი ხმები გაავრცელეს და დამამცირებელი მეტსახელები შეარქვეს. ზოგჯერ კლასელები, ვითომ შემთხვევით, ეჯახებოდნენ და წიგნს ხელიდან აგდებინებდნენ. ზოგჯერ უკნიდან ვიღაც ხელს კრავდა ხოლმე, მაგრამ, როცა მიიხედავდა, იმდენი ბიჭი იდგა ერთად, რომ ვერ ხვდებოდა, რომელი იყო. ბოლოს მათემ თანატოლებისგან მუქარის შემცველი მესიჯიც კი მიიღო.

მათეს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?

შეჩერდი და დაფიქრდი!

მდგომარეობა გამოუვალი ნამდვილად არ არის. თუ მოინდომებ, ჩხუბისთავს მუშტი-კრივის გარეშეც მოიგერიებ. აი, რა შეგიძლია გააკეთო:

  • ნუ აჰყვები! ბიბლიაში ნათქვამია: „სულელი თავს ვერ თოკავს, ბრძენი კი სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (იგავები 29:11). თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებ, ყოველ შემთხვევაში გარეგნულად მაინც, შეიძლება ის, ვინც შენ გამოწვევას ცდილობს, საერთოდ შეგეშვას.

  • ნუ გადაუხდი სამაგიეროს! ბიბლიაში წერია: „ნურავის გადაუხდით სამაგიეროს“ (რომაელები 12:17). სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი სიტუაციას უფრო გაამწვავებს.

  • ნუ გაეხვევი უსიამოვნებაში! ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება“ (იგავები 22:3). რამდენადაც შესაძლებელია, მოერიდე იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება შარში გაგხვიონ. აგრეთვე შეეცადე, თავი აარიდო სიტუაციებს, სადაც უსიამოვნებას გადაეყრები.

  • ნუ აღელდები! ბიბლია გვეუბნება: „მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს“ (იგავები 15:1). ეცადე, ზოგჯერ დაცინვა ხუმრობაში გაატარო. მაგალითად, თუ გეუბნებიან, რომ მსუქანი ხარ, შეგიძლია უთხრა: „ისე, რამდენიმე კილოგრამის დაკლება ნამდვილად არ მაწყენდა“.

  • ნურაფერს უპასუხებ! 19 წლის ნორა ამბობს: „დუმილით აჩვენებ, რომ გაცილებით ძლიერი და მტკიცე ხასიათი გაქვს, ვიდრე მას, ვინც შენს დაჩაგვრას ცდილობს. ამასთანავე, დაამტკიცებ, რომ საკუთარი ემოციების კონტროლი შეგიძლია, რაც ჩხუბისთავს ნამდვილად არ გამოსდის“ (2 ტიმოთე 2:24).

  • იყავი მტკიცე და თავდაჯერებული! მჩაგვრელებმა კარგად იციან, ვისთან გაუვათ და ვისთან — არა. მათი სამიზნეები, ძირითადად, ისეთი მოზარდები არიან, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ და უჭირთ წინააღმდეგობის გაწევა. თუ აგრძნობინებ, რომ მათ ჭკუაზე არასდროს გაივლი, უკან დაიხევენ.

  • დაელაპარაკე ვინმეს! ერთი ყოფილი მასწავლებელი ამბობს: „ყველანაირად ვცდილობდი, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც ავიწროებდნენ, ჩემთვის გული გადაეშალათ. ამის შესახებ სხვასთან საუბარი აუცილებელიცაა, რადგან ასე სხვასაც დაიცავ, ბულინგის მსხვერპლი რომ არ გახდეს“.

თავდაჯერებულობა სიმტკიცეს შეგმატებს, რაც მჩაგვრელებს ნამდვილად არ გააჩნიათ.