ნაწილი 10
ბრძენი მეფე სოლომონი
იეჰოვა მეფე სოლომონს სიბრძნეს აძლევს. სოლომონის მეფობის დროს ხალხი მშვიდად და უზრუნველად ცხოვრობს.
როგორი იქნებოდა ცხოვრება, თუ მეფე და მთელი ერი იეჰოვას კანონებს დაიცავდნენ და მას უზენაეს ღმერთად აღიარებდნენ? მოდი განვიხილოთ, როგორ ცხოვრობდა ხალხი სოლომონის 40-წლიანი მეფობის დროს.
სიკვდილის წინ დავითმა თავისი ძე, სოლომონი გაამეფა. სოლომონს სიზმარში ღმერთი გამოეცხადა და უთხრა, რომ ყველა სათხოვარს შეუსრულებდა. სოლომონმა ღმერთს სიბრძნე და ცოდნა სთხოვა, რათა ხალხი სამართლიანად და ბრძნულად განესაჯა. იეჰოვამ მას სიბრძნე და გაგების უნარი მისცა. ღმერთი სოლომონს სიმდიდრეს, დიდებასა და ხანგრძლივ სიცოცხლესაც დაჰპირდა. მას მხოლოდ ღვთის მორჩილება მოეთხოვებოდა.
სოლომონმა თავისი სიბრძნით გაითქვა სახელი. ერთხელ მასთან ორი ქალი მივიდა, რომლებიც ერთ ბავშვს ვერ იყოფდნენ. ორივე ამტკიცებდა, რომ ბავშვის დედა თვითონ იყო. სოლომონმა ბრძანა, ბავშვი შუაზე გაეჭრათ და ერთი ნახევარი ერთი ქალისთვის მიეცათ, მეორე ნახევარი კი — მეორესთვის. პირველი ქალი თანახმა იყო, მაგრამ ნამდვილი დედა მეფეს შეევედრა, ბავშვი არ მოეკლათ და პირველი ქალისთვის მიეცათ. სოლომონი მიხვდა, რომ ბავშვის დედა ის იყო, ვისაც გული დაეწვა და ჩვილი მას მისცა. მეფის განაჩენის შესახებ მთელმა ისრაელმა გაიგო. ხალხი მიხვდა, რომ სოლომონში ღვთის სიბრძნე იყო.
ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული საქმე, რაც სოლომონმა გააკეთა, იეჰოვას ტაძრის მშენებლობა იყო. ეს დიდებული შენობა ებრაელების რელიგიურ ცენტრად იქცა. ტაძრის მიძღვნის დროს სოლომონმა ასე ილოცა: „აი, ვერ გიტევს შენ ზეცა, ზეცათა ზეცა, და ჩემი აშენებული სახლი როგორღა დაგიტევს?!“ (1 მეფეები 8:27).
სოლომონის დიდების ამბავი შორეულ ქვეყნებსაც მისწვდა. არაბეთიდან სოლომონს საბას დედოფალი ეწვია, რათა ენახა მისი დიდება, სიმდიდრე და სიბრძნე. ნანახით გაოცებულმა დედოფალმა იეჰოვას შეასხა ხოტბა, რომ მან ისრაელის ტახტზე ასეთი ბრძენი მეფე დასვა. იეჰოვას კურთხევით ძველ ისრაელში არასდროს ყოფილა ისეთი ბედნიერი და მშვიდობიანი ხანა, როგორიც სოლომონის მეფობისას იყო.
სამწუხაროდ, გავიდა დრო და სოლომონმა დაკარგა იეჰოვასგან ბოძებული სიბრძნე. მან არაფრად ჩააგდო ღვთის ბრძანება და ასობით ცოლი მოიყვანა, რომელთაგან ბევრი კერპთაყვანისმცემელი იყო. ცოლებმა სოლომონი თანდათანობით დააშორეს იეჰოვას და მისი გული კერპებისკენ მიდრიკეს. ამიტომ იეჰოვამ მას უთხრა, რომ სამეფოს უმეტეს ნაწილს წაართმევდა და მხოლოდ მამამისის, დავითის გულისთვის დაუტოვებდა მცირე ნაწილს. სოლომონის შეცდომების მიუხედავად იეჰოვა დავითთან დადებული შეთანხმების ერთგული დარჩა.
—1 მეფეები, თავები 1—11; 2 მატიანე, თავები 1—9; კანონი 17:17