არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 79

იესო ახდენს მრავალ სასწაულს

იესო ახდენს მრავალ სასწაულს

იესო დედამიწაზე სასიხარულო ცნობის საქადაგებლად მოვიდა. თუმცა იეჰოვამ მას სასწაულების მოხდენის ძალაც მისცა, რათა ხალხს ენახა, რას გააკეთებდა იესო გამეფების შემდეგ. მას ნებისმიერი ავადმყოფობის განკურნება შეეძლო. ამიტომ უამრავი ავადმყოფი მიდიოდა მასთან და ისიც კურნავდა მათ. ბრმებს თვალები ეხილებოდათ, ყრუებს სმენა უბრუნდებოდათ, ინვალიდები ფეხზე დგებოდნენ და დადიოდნენ, ბოროტი სულებისგან შეპყრობილები კი თავისუფლდებოდნენ დემონებისგან. ადამიანები იესოს მოსასხამზე შეხებითაც კი იკურნებოდნენ. მას ძალიან ბევრი ხალხი დაჰყვებოდა თან. იესოს ზოგჯერ მარტო ყოფნა და დასვენება უნდოდა, მაგრამ ასეთ დროსაც არავის ეუბნებოდა უარს დახმარებაზე.

ერთხელ იმ სახლში, სადაც იესო იმყოფებოდა, დამბლადაცემული კაცი მიიყვანეს. მაგრამ სახლი ხალხით იყო სავსე და ავადმყოფი შიგნით ვერ შეიყვანეს. ამიტომ სახურავი ერთ ადგილზე ახადეს და იქიდან ჩაუშვეს. იესომ უთხრა ამ კაცს: ადექი და გაიარე. კაციც ადგა და სიარული დაიწყო. ამის დანახვაზე იქ მყოფი ხალხი გაოცებული დარჩა.

სხვა დროს, როცა იესო ერთ სოფელში შევიდა, კეთრით დაავადებულმა ათმა კაცმა შორიდან დაუძახა მას: იესო, დაგვეხმარე! იმ დროს კეთრით დაავადებულებს ეკრძალებოდათ ადამიანებთან მიახლოება. იეჰოვას კანონის თანახმად, კეთრისგან განკურნებული ადამიანი ტაძარში უნდა მისულიყო. ამიტომ იესომ უთხრა მათ, რომ ტაძარში წასულიყვნენ. ისინიც წავიდნენ და გზაში განიკურნენ. როცა ერთ-ერთმა მათგანმა დაინახა, რომ განიკურნა, იესოსთან დაბრუნდა მადლობის სათქმელად და ღმერთის განსადიდებლად. იმ ათი კეთროვნიდან მხოლოდ ერთმა გადაუხადა იესოს მადლობა.

ერთ ქალს, რომელიც 12 წელი იყო ავად, განკურნების იმედი აღარ ჰქონდა. ერთხელ ის უკნიდან მიუახლოვდა იესოს და მოსასხამზე შეეხო. ის მაშინვე განიკურნა. იესომ იკითხა: ვინ შემეხო? ქალს შეეშინდა, მაგრამ მაინც მივიდა იესოსთან და სიმართლე უთხრა. იესომ დაამშვიდა ის: შვილო, წადი მშვიდობით.

სინაგოგის ერთ-ერთი წინამძღოლი, იაიროსი, იესოს შეევედრა: გთხოვ, წამოდი ჩემთან. ჩემი ერთადერთი გოგონა ძალიან ავადაა. იესოც გაჰყვა მას, მაგრამ, როცა სახლში მივიდნენ, გოგონა უკვე მკვდარი იყო. უამრავ ხალხს მოეყარა თავი სახლში და ყველანი გლოვობდნენ. იესომ უთხრა მათ: ნუ ტირით, გოგონა არ მომკვდარა, მას უბრალოდ სძინავს. შემდეგ გოგონას ხელი მოჰკიდა და უთხრა: შვილო, ადექი! გოგონა მაშინვე წამოდგა. იესომ მშობლებს უთხრა, რომ ბავშვისთვის საჭმელი მიეცათ. წარმოგიდგენია, რა გახარებულები იქნებოდნენ გოგონას მშობლები?!

„სცხო მას ღმერთმა წმინდა სული და მისცა ძალა . . . დადიოდა ყველგან, სიკეთეს აკეთებდა და კურნავდა ეშმაკის მიერ დაჩაგრულებს, რადგან ღმერთი იყო მასთან“ (საქმეები 10:38)