არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 77

ქალი ჭასთან

ქალი ჭასთან

პასექის დღესასწაულიდან გარკვეული დროის შემდეგ იესო და მისი მოწაფეები სამარიის გავლით გალილეაში ბრუნდებოდნენ. ისინი ქალაქ სიქართან ახლოს იაკობის ჭასთან გაჩერდნენ. იესო ჭასთან ჩამოჯდა დასასვენებლად, მოწაფეები კი ქალაქში წავიდნენ საჭმლის საყიდლად.

იმ დროს წყლის ამოსაღებად ჭასთან ერთი ქალი მივიდა. იესომ მას უთხრა: დამალევინე წყალი. ქალმა მიუგო: რატომ მელაპარაკები, მე ხომ სამარიელი ვარ? იუდეველები არ ელაპარაკებიან სამარიელებს. იესომ უთხრა მას: რომ იცოდე, ვინ ვარ, შენ თვითონ მთხოვდი წყალს და მეც დაგალევინებდი სიცოცხლის წყალს. ქალმა ჰკითხა იესოს: როგორ უნდა დამალევინო წყალი, ჭურჭელიც კი არა გაქვს? იესომ ქალს უპასუხა: მას, ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდება. ქალმა სთხოვა: ბატონო, გთხოვ, მომეცი ეგ წყალი.

შემდეგ იესომ ქალს უთხრა: წადი და შენს ქმარს დაუძახე. ქალმა კი უთხრა მას, რომ ქმარი არ ჰყავდა. იესომ მიუგო: მართალს ამბობ; ხუთი ქმარი გყავდა და ის, ვინც ახლა გყავს, შენი ქმარი არ არის. ქალმა უთხრა იესოს: ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ. ჩემს ხალხს სწამს, რომ ღმერთს თაყვანი ამ მთაზე უნდა ვცეთ, მაგრამ იუდეველები ამბობენ, რომ მხოლოდ იერუსალიმშია შესაძლებელი თაყვანისცემა. მე მჯერა, რომ როცა მესია მოვა, ის გვასწავლის, როგორ ვცეთ ღმერთს თაყვანი. ამის შემდეგ იესომ ქალს ისეთი რამ უთხრა, რაც მანამდე არავისთვის უთქვამს: მე ვარ მესია!

ქალი მაშინვე წავიდა და სამარიელებს უთხრა: მგონი, მესია ვიპოვე. მან ყველაფერი იცის ჩემზე. წამოდით და ნახეთ! ისინიც გაჰყვნენ ჭასთან და მოისმინეს იესოს ქადაგება.

სამარიელებმა იესოს სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო. ის ორი დღე დარჩა სამარიაში და ბევრ რამეს ასწავლიდა ხალხს. მისი სიტყვები მრავალმა ირწმუნა. მათ სამარიელ ქალს უთხრეს: ახლა უკვე ვიცით, რომ ეს კაცი ნამდვილად ქვეყნიერების მხსნელია.

„მოვიდეს მწყურვალი და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხადება 22:17)