არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 27

ისინი იეჰოვას დაუპირისპირდნენ

ისინი იეჰოვას დაუპირისპირდნენ

უდაბნოში ყოფნის დროს კორახი, დათანი, აბირამი და კიდევ 250 კაცი მოსეს დაუპირისპირდნენ. ისინი მივიდნენ მასთან და უთხრეს: როდემდე უნდა ვითმინოთ?! შენ რატომ უნდა იყო ჩვენი წინამძღოლი და აარონი — ჩვენი მღვდელმთავარი? იეჰოვა მარტო შენთან და აარონთან კი არა, ჩვენთანაც არის. არ მოეწონა იეჰოვას მათი საქციელი. მან მიიჩნია, რომ ისინი პირადად მას დაუპირისპირდნენ და არა მოსესა და აარონს.

მოსემ უთხრა კორახსა და მის მომხრეებს: ხვალ კარავთან მოდით, თან თქვენი საცეცხლურები მოიტანეთ და ზედ საკმეველი მოაყარეთ. იქ გაგვაგებინებს იეჰოვა, თუ ვინ აირჩია.

მეორე დღეს კორახი და 250 კაცი კარავთან მივიდნენ მოსესთან შესახვედრად. მათ საკმეველი ააბოლეს, არადა ამის გაკეთების უფლება მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ. იეჰოვამ უთხრა მოსესა და აარონს: მოშორდით კორახსა და მის კაცებს!

ამ დროს დათანი, აბირამი და მათი ოჯახები არ იყვნენ შეხვედრის კარავთან, რადგან უარი თქვეს მოსესთან მისვლაზე. იეჰოვამ უთხრა ისრაელებს, მოშორებოდნენ კორახის, დათანისა და აბირამის კარვებს. ისინიც მაშინვე მოშორდნენ იქაურობას. დათანი და აბირამი ოჯახებთან ერთად თავიანთ კარვებთან იდგნენ. უეცრად მიწა გაიხსნა და ყველანი შიგ ჩაცვივდნენ. შეხვედრის კარავთან კი ცეცხლი გადმოვიდა იეჰოვასგან და დაწვა კორახი და მისი 250 კაცი.

ამის შემდეგ იეჰოვამ უთხრა მოსეს: გამოართვი ყველა საგვარეულოს თავკაცს თითო კვერთხი და ზედ დააწერე მათი სახელები. ლევის საგვარეულოს კვერთხს აარონის სახელი დააწერე. დააწყვე ისინი შეხვედრის კარავში. ვისაც მე ავირჩევ, მისი კვერთხი აყვავდება.

მეორე დღეს მოსემ გამოიტანა ყველა კვერთხი კარვიდან და აჩვენა თავკაცებს. აარონის კვერთხი აყვავებულიყო და ნუში გამოება. აი, ასე დაამტკიცა იეჰოვამ, რომ აარონი ჰყავდა არჩეული მღვდელმთავრად.

„გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ“ (ებრაელები 13:17)