არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 49

ბოროტი დედოფალი დაისაჯა

ბოროტი დედოფალი დაისაჯა

მეფე ახაბი იზრეელში თავისი სასახლის სარკმლიდან ხშირად უყურებდა ერთი კაცის, ნაბოთის, ვენახს. მეფეს მოსწონდა ნაბოთის ვენახი და გადაწყვიტა, ეყიდა ის. მაგრამ ნაბოთმა არ მიჰყიდა მას ვენახი, რადგან იეჰოვას კანონის მიხედვით, მემკვიდრეობით მიღებული მიწის გაყიდვა არ შეიძლებოდა. დააფასა მეფემ ნაბოთის სწორი გადაწყვეტილება? არა, პირიქით, ის ძალიან გაბრაზდა, საწოლ ოთახში ჩაიკეტა და საჭმელსაც კი აღარ ჭამდა.

ახაბს მისმა ცოლმა, ბოროტმა დედოფალმა იზებელმა, უთხრა: შენ ისრაელის მეფე ხარ. რასაც მოისურვებ, ყველაფერი შეგიძლია გქონდეს. მე მოგცემ იმ მიწას. ქალმა წერილები დაწერა და ქალაქის უხუცესებს დაუგზავნა. წერილებში ეწერა, რომ ნაბოთი ღვთის გმობაში დაედანაშაულებინათ და ქვებით ჩაექოლათ. ქალაქის უხუცესებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც დედოფალმა ბრძანა. ამის შემდეგ იზებელმა ახაბს უთხრა: ნაბოთი მკვდარია. მისი ვენახი ახლა შენია.

ნაბოთი არ იყო ერთადერთი უდანაშაულო ადამიანი, ვინც იზებელს ჰყავდა მოკლული. მან იეჰოვას ბევრი სხვა თაყვანისმცემელიც მოაკვლევინა. თავად იზებელი კერპებს სცემდა თაყვანს და ბევრ სხვა ცუდ საქმესაც სჩადიოდა. იეჰოვა ყველაფერს ხედავდა. საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ის.

ახაბის სიკვდილიდან მალევე ისრაელში მისი ვაჟი, იეჰორამი გამეფდა. იეჰოვამ გადაწყვიტა იზებელისა და მისი ოჯახის დასჯა და ეს საქმე იეჰუს დაავალა.

იეჰუ გიჟივით მიაქროლებდა ეტლს იზრეელისკენ, სადაც იზებელი ცხოვრობდა. იეჰორამი ეტლით გამოვიდა იეჰუსთან შესახვედრად და ჰკითხა: რა ხდება, ხომ მშვიდობაა? იეჰუმ მიუგო: რა მშვიდობა უნდა იყოს, როცა დედაშენი იზებელი ამდენ ბოროტებას სჩადის. იეჰორამმა ეტლი მოატრიალა გასაქცევად, მაგრამ იეჰუმ ისარი ესროლა მას და მოკლა.

შემდეგ იეჰუ იზებელის სასახლისკენ გაემართა. როცა იზებელმა შეიტყო, იეჰუ მოდისო, თვალები შეიღება, თავი გაილამაზა და ზედა სართულის სარკმლიდან დაიწყო ყურება. როცა იეჰუ სასახლეს მიუახლოვდა, იზებელი უხეშად მიესალმა მას. იეჰუმ მსახურებს, რომლებიც დედოფლის გვერდით იდგნენ, ქვემოდან შესძახა: გადმოაგდეთ იზებელი ძირს! მათაც სტაცეს ხელი დედოფალს და გადააგდეს. ის მიწაზე დაენარცხა და მოკვდა.

ამის მერე იეჰუმ ახაბის 70 ვაჟი გამოასალმა სიცოცხლეს და ისრაელი ბაალის თაყვანისმცემლობისგან გაწმინდა. ხედავ, იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარება და ის საჭირო დროს პასუხს აგებინებს ყველას, ვინც ცუდად იქცევა?

„თავიდან სიხარბით მოპოვებული მემკვიდრეობა მომავალში კურთხეული არ იქნება“ (იგავები 20:21)