არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 46

გამოცდა ქარმელის მთაზე

გამოცდა ქარმელის მთაზე

ისრაელის ათტომიან სამეფოს ბევრი ცუდი მეფე ჰყავდა, მაგრამ ახაბი მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეფე იყო. მან ცოლად მოიყვანა ბოროტი ქალი, სახელად იზებელი, რომელიც ცრუ ღმერთს, ბაალს, სცემდა თაყვანს. ახაბმა და იზებელმა დახოცეს იეჰოვას წინასწარმეტყველები და ქვეყანა ბაალის თაყვანისმცემლებით აავსეს. რა მოიმოქმედა იეჰოვამ? მან წინასწარმეტყველი ელია გაგზავნა ახაბთან მნიშვნელოვანი ცნობის სათქმელად.

ელიამ უთხრა მეფე ახაბს, რომ მისი ცოდვების გამო ისრაელში წვიმა აღარ მოვიდოდა. მართლაც, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყანაში მოსავალი არ მოდიოდა და ხალხი შიმშილობდა. იეჰოვამ კვლავ გაგზავნა ელია ახაბთან. მეფემ უთხრა მას: შენ დააქციე ჩვენი ქვეყანა! ყველაფერი შენი ბრალია! ელიამ უპასუხა: ჩემი ბრალი არაა, ქვეყანაში რომ გვალვაა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, ბაალს რომ ეთაყვანები. მოდი გამოცდა მოვაწყოთ. შეკრიბე ხალხი, მათ შორის ბაალის წინასწარმეტყველები ქარმელის მთაზე.

ხალხი მთაზე შეიკრიბა. ელიამ მიმართა მათ: გადაწყვიტეთ, თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, თუ ბაალია, მას გაჰყევით! ასეთ რამეს გთავაზობთ: მოამზადოს ბაალის 450-მა წინასწარმეტყველმა შესაწირავი და მოუხმონ თავიანთ ღმერთს; მეც მოვამზადებ შესაწირავს და მოვუხმობ იეჰოვას. ვინც ცეცხლით გვიპასუხებს, ის იქნება ჭეშმარიტი ღმერთი. ხალხიც დათანხმდა.

ბაალის წინასწარმეტყველებმა მოამზადეს შესაწირავი და მთელი დღის განმავლობაში უხმობდნენ თავიანთ ღმერთს: ბაალ, გვიპასუხე! ბაალი დუმდა. ბოლოს ელიამ დაცინვა დაუწყო მათ ღმერთს: რაც შეიძლება ხმამაღლა დაუძახეთ. ალბათ ჩაეძინა, გააღვიძეთ. საღამომდე უხმობდნენ ბაალის წინასწარმეტყველები თავიანთ ღმერთს, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანდა.

შემდეგ ელიას ჯერი დადგა. მან დაალაგა შესაწირავი სამსხვერპლოზე, წყალი დაასხა და ილოცა: იეჰოვა, გააგებინე ამ ხალხს, რომ შენა ხარ ჭეშმარიტი ღმერთი. მაშინვე ციდან ცეცხლი ჩამოვარდა იეჰოვასგან და დაწვა შესაწირავი. ხალხი აყვირდა: იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! ელიამ უთხრა მათ: დაიჭირეთ ბაალის წინასწარმეტყველები. იმ დღეს ბაალის 450 წინასწარმეტყველი მოკლეს.

მოგვიანებით, როცა ცაზე პატარა ღრუბელი გამოჩნდა, ელიამ ახაბს უთხრა: ძლიერი წვიმა მოვა. ადი შენს ეტლზე და სახლში წადი. ამასობაში მოიღრუბლა, ჩამობნელდა, ქარმა დაუბერა და კოკისპირულმა წვიმამ დასცხო. როგორც იქნა გვალვა დასრულდა. ახაბი მთელი სისწრაფით მიაქროლებდა თავის ეტლს, მაგრამ იეჰოვას დახმარებით, ელია უფრო სწრაფად გაიქცა. თუმცა საინტერესოა, დასრულდა ამით ელიას განსაცდელები? ამას შემდეგი მოთხრობიდან გაიგებ.

„იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18)