მოთხრობა 47
იეჰოვამ გააძლიერა ელია
იზებელმა გაიგო, რაც ბაალის წინასწარმეტყველებს დაემართათ და ძალიან განრისხდა. მან ელიას შეუთვალა: ხვალ ამ დროს შენც მკვდარი იქნები. ელიას ძალიან შეეშინდა და უდაბნოში გაიქცა. იქ მან ილოცა: იეჰოვა, მეტის ატანა აღარ შემიძლია, გთხოვ მომკალი! ძალაგამოცლილ ელიას ხის ძირში ჩაეძინა.
ცოტა ხანში ანგელოზმა გააღვიძა ელია და თბილად უთხრა: ადექი, ჭამე. ელიაც ადგა და დაინახა, რომ მრგვალი პური იდო გახურებულ ქვებზე და გვერდზე წყალი ედგა დოქით. ჭამა, დალია და ისევ დაიძინა. ანგელოზმა კვლავ გააღვიძა და უთხრა: ჭამე, ძალა გჭირდება, დიდი გზა გაქვს გასავლელი. ელიამ კვლავ ჭამა პური. ამის შემდეგ მან 40 დღე და ღამე იარა და ხორების მთას მიადგა. იქ ის გამოქვაბულში შევიდა დასაძინებლად, მაგრამ იეჰოვამ ჰკითხა: აქ რა გინდა ელია? ელიამ უპასუხა: ისრაელებმა დაარღვიეს შენთან დადებული აღთქმა; დაამსხვრიეს შენი სამსხვერპლოები და დახოცეს შენი წინასწარმეტყველები. ახლა ჩემი მოკვლაც უნდათ.
იეჰოვამ უთხრა ელიას: გადი და მთაზე დადექი. უცებ გამოქვაბულთან ძლიერმა ქარმა ჩაიქროლა. ქარს მიწისძვრა მოჰყვა, მიწისძვრას — ცეცხლი. ბოლოს ელიამ გაიგონა მშვიდი, წყნარი ხმა. მან სახეზე მოსასხამი აიფარა და გარეთ გამოვიდა. იეჰოვამ ჰკითხა: ელია, ვის გაურბიხარ? ვისი გეშინია? ელიამ უპასუხა: მე ერთიღა დავრჩი ცოცხალი. ამაზე იეჰოვამ მიუგო: ცდები, ისრაელში შენ გარდა კიდევ 7 000 თაყვანისმცემელი მყავს. ახლა წადი და შენ მაგივრად ელისე დანიშნე წინასწარმეტყველად. ელიაც დაუყოვნებლივ გაემართა იეჰოვას დავალების შესასრულებლად. როგორ ფიქრობ, შენც დაგეხმარება იეჰოვა, როცა მის დავალებას ასრულებ? რა თქმა უნდა! მოდი ახლა გვალვის პერიოდში გადავინაცვლოთ და ვნახოთ კიდევ ერთი საინტერესო ამბავი.
„ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6)