არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 7

მამაცი კაცი

მამაცი კაცი

დედამიწაზე ადამიანები გამრავლდნენ. უმრავლესობა კაენივით ცუდად იქცეოდა. თუმცა ერთი კაცი განსხვავებული იყო. მას ენოქი ერქვა. ის მამაცი ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვები ბოროტებას სჩადიოდნენ, ენოქი ღმერთს ემსახურებოდა.

იცი, რატომ იქცეოდა ხალხი ცუდად? გახსოვს, ვინ უბიძგა ადამსა და ევას, არ დამორჩილებოდნენ ღმერთს და აკრძალული ნაყოფი ეჭამათ? ეს იყო ბოროტი ანგელოზი, რომელსაც ბიბლიაში სატანა ეწოდება. ის ყველა ადამიანს ბოროტებისკენ უბიძგებს.

ერთხელ იეჰოვა ღმერთმა ენოქს დაავალა, ხალხისთვის ეთქვა ის, რაც მათ არ მოეწონებოდათ. აი რა უნდა ეთქვა: „ერთ დღეს ღმერთი ყველა ბოროტ ადამიანს გაანადგურებს“. ამის მოსმენაზე ხალხი, ალბათ, ძალიან განრისხდა. ისინი შეიძლება ენოქის მოკვლასაც კი ცდილობდნენ. ენოქს სიმამაცე სჭირდებოდა, რომ მათთვის ღვთის განაჩენი გაეცხადებინა.

ღმერთმა არ დაუშვა, რომ ენოქს დიდხანს ეცხოვრა ამ ბოროტ ხალხში. მან მხოლოდ 365 წელი იცოცხლა. რატომ ვამბობთ, რომ ეს „მხოლოდ 365 წელი“ იყო? იმ დროს ადამიანები უფრო ჯანმრთელები იყვნენ და დიდხანს ცოცხლობდნენ. მაგალითად, ენოქის შვილმა, მეთუშალახმა 969 წელი იცოცხლა.

ენოქის სიკვდილის შემდეგ ადამიანები უარესად გაბოროტდნენ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ‘ისინი მხოლოდ ბოროტებაზე ფიქრობდნენ’ და ‘დედამიწა ძალადობით აივსო’.

იცი, რატომ ხდებოდა მაშინ დედამიწაზე ამდენი უბედურება? ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სატანამ კიდევ ერთ ხერხს მიმართა ადამიანების გასაბოროტებლად. ამის შესახებ მომდევნო მოთხრობაში წავიკითხავთ.