არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 30

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

ცეცხლმოკიდებული ბუჩქი

ცხვრისთვის საძოვრების ძებნისას მოსე ხორების მთას მიადგა. მან დაინახა ცეცხლმოკიდებული ბუჩქი, რომელიც არ იწვოდა!

‘უცნაურია, — გაიფიქრა მოსემ. — მივალ და ახლოდან ვნახავ’. როცა ბუჩქს მიუახლოვდა, ხმა მოესმა: ‘ახლოს ნუ მოხვალ. ფეხზე გაიხადე სანდლები, რადგან წმინდა მიწაზე დგახარ’. ღმერთი ანგელოზის მეშვეობით ელაპარაკებოდა მოსეს, ამიტომ მან სახე დაიფარა.

ღმერთმა უთხრა: ‘ვიხილე ჩემი ხალხის ჩაგვრა ეგვიპტეში. გავათავისუფლებ მათ მონობიდან და შენ გგზავნი ეგვიპტიდან მათ გამოსაყვანად’. იეჰოვას სურდა, თავისი ხალხი ქანაანის მშვენიერ მიწაზე დაესახლებინა.

მოსემ მიუგო: ‘მე ვინა ვარ, რომ ეს გავაკეთო?! მაგრამ დავუშვათ, წავედი. როცა ისრაელები მკითხავენ, ვინ გამოგგზავნაო, რა ვუპასუხო?’

‘აი რა უნდა უპასუხო, — უთხრა ღმერთმა. — იეჰოვამ, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან’. შემდეგ დასძინა: ‘ეს არის ჩემი სახელი მარადიულად’.

‘დავუშვათ, არ დამიჯერეს, რომ შენ გამაგზავნე’, — მიუგო მოსემ.

‘რა გიჭირავს ხელში?’ — ჰკითხა ღმერთმა.

‘ჯოხი’, — უპასუხა მოსემ.

‘დააგდე მიწაზე’, — უთხრა ღმერთმა. მიწაზე დაგდებული ჯოხი გველად იქცა. იეჰოვამ სხვა სასწაულიც უჩვენა მოსეს. ‘უბეში ჩაიყავი ხელი’, — უთხრა ღმერთმა. მოსე ასეც მოიქცა და, როცა უბიდან ხელი ამოიღო, თოვლივით თეთრი ჰქონდა! ხელზე კეთრი მოსდებოდა. იეჰოვამ მესამე სასწაულის მოხდენის ძალაც მისცა მოსეს. ბოლოს კი უთხრა: ‘როცა ისრაელები ამ სასწაულებს ნახავენ, დაგიჯერებენ, რომ მე გაგაგზავნე’.

მოსე სახლში დაბრუნდა და ითროს უთხრა: ‘წავალ, ნათესავებს მოვინახულებ ეგვიპტეში’. ითრო დაემშვიდობა მოსეს და ისიც ეგვიპტის გზას დაადგა.