არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 100

იესო გეთსემანეს ბაღში

იესო გეთსემანეს ბაღში

ზემოთა ოთახიდან გასვლის შემდეგ იესო და მოციქულები გეთსემანეს ბაღში წავიდნენ. ისინი ბევრჯერ ყოფილან იქ. იესომ უთხრა მოციქულებს, ეფხიზლათ და ელოცათ, თვითონ კი ცოტა მოშორებით გავიდა და მუხლმოყრილი ლოცულობდა.

მოგვიანებით ის მოციქულებთან დაბრუნდა. იცი, რას აკეთებდნენ ისინი? მათ ეძინათ! იესომ სამჯერ უთხრა მოციქულებს, ეფხიზლათ, მაგრამ რამდენჯერაც დაბრუნდა, იმდენჯერ მძინარენი დახვდნენ. ‘როგორ გძინავთ ასეთ დროს?! — ჰკითხა იესომ ბოლოს. — მოახლოვდა საათი, როცა მტერს უნდა გადამცენ’.

ამ დროს გაისმა ჩოჩქოლის ხმა. გამოჩნდნენ კაცები, რომლებსაც ხელში მახვილები და ხელკეტები ეჭირათ. გზას ისინი ჩირაღდნებით ინათებდნენ. როცა ახლოს მივიდნენ, ერთი კაცი გამოეყო მათ, იესოსთან მივიდა და აკოცა, როგორც ეს სურათზე ჩანს. ეს კაცი იუდა ისკარიოტელი იყო. რატომ აკოცა იუდამ იესოს?

იესომ ჰკითხა მას: ‘იუდა, კოცნით გამცემ?’ კოცნით იუდამ ნიშანი მისცა მასთან მყოფთ, რომ ეს იესო იყო. მტრებმა ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს. მაგრამ პეტრეს არ უნდოდა, იესო უბრძოლველად დაენებებინა. მან მახვილი ამოიღო, ახლო მდგომ კაცს მოუქნია და ყური ჩამოათალა. იესო ყურზე შეეხო კაცს და გაუმთელა.

მან უთხრა პეტრეს: ‘ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას. ნუთუ არ იცი, რომ შემიძლია ვთხოვო მამაჩემს, ათასობით ანგელოზი გამომიგზავნოს დასახმარებლად?!’ იესოს მართლაც შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ არ უთხოვია. მან იცოდა, რომ დადგა დრო, როცა ის მტრებს უნდა შეეპყროთ, ამიტომ წინააღმდეგობა არ გაუწევია. ვნახოთ, რა გადახდა იესოს შემდეგ.