მოთხრობა 113
პავლეს პატიმრობა რომში
შეხედე, პავლეს ბორკილები ადევს და რომაელი ჯარისკაცი დარაჯობს. ის პატიმარია და რომის კეისრის გადაწყვეტილებას ელოდება. თუმცა ხალხს მისი ნახვის უფლება აქვს.
რომში ჩასვლიდან სამი დღის შემდეგ პავლემ ზოგიერთ იუდეველ წინამძღოლს შეუთვალა, რომ მასთან მისულიყვნენ. მის სანახავად რომში ბევრი იუდეველი მივიდა. პავლემ მათ იესოსა და ღვთის სამეფოს შესახებ უქადაგა. ზოგმა ირწმუნა და ქრისტიანი გახდა, ზოგმა კი არა.
პავლემ იმ ჯარისკაცებს უქადაგა, რომლებიც მას ყარაულობდნენ. ორწლიანი პატიმრობის განმავლობაში პავლემ ყველასთან იქადაგა, ვისთანაც კი შეძლო. ამის წყალობით კეისრის სახლეულობამაც მოისმინა სასიხარული ცნობა და ზოგი მათგანი ქრისტიანი გახდა.
მაგრამ ვინ არის ეს კაცი, წერილს რომ წერს? შეგიძლია გამოიცნო? მართალი ხარ, ის ტიმოთეა. ისიც დაპატიმრებული იყო სამეფოს შესახებ ქადაგებისთვის, მაგრამ გაათავისუფლეს. ახლა ის პავლეს ეხმარება. იცი, რას წერს ტიმოთე? მოდი გავიგოთ.
გახსოვს ქალაქები ფილიპე და ეფესო, რომლებზეც 110-ე მოთხრობაში ვისაუბრეთ? პავლემ ამ ქალაქებში ქრისტიანული კრებები ჩამოაყალიბა. მან ციხიდან წერილები მისწერა ეფესოელებსა და ფილიპელებს. დღეს ეს წერილები ბიბლიის ნაწილია. როგორც სურათზე ხედავ, პავლე ფილიპეში მცხოვრები ქრისტიანი მეგობრებისთვის წერილის ტექსტს კარნახობს ტიმოთეს.
ფილიპელებმა პავლეს მიმართ სითბო გამოავლინეს. მათ პავლეს საჩუქრები გაუგზავნეს ციხეში, ამიტომ ის მადლობას უხდის. საჩუქრები პავლეს ეპაფროდიტემ ჩაუტანა, მაგრამ ძალიან ავად გახდა და კინაღამ მოკვდა. ახლა ის კარგად გრძნობს თავს და მზად არის სახლში დასაბრუნებლად. სწორედ მას გაატანენ პავლე და ტიმოთე წერილს ფილიპეში.
ციხეში ყოფნისას პავლემ კიდევ ორი წერილი დაწერა, რომლებიც ასევე ბიბლიის ნაწილი გახდა. ერთ-ერთი წერილი კოლოსელი ქრისტიანებისთვის იყო. იცი, რა ეწოდება მას ბიბლიაში? პავლეს წერილი კოლოსელების მიმართ. მეორე კი მის მეგობარ ფილიმონს ეკუთვნის, რომელიც ასევე კოლოსეში ცხოვრობდა. წერილი ეხება ფილიმონის მსახურ ონისიმოსს.
ონისიმოსი გაექცა ფილიმონს და რომში ჩავიდა. მან როგორღაც გაიგო, რომ პავლე ციხეში იჯდა და მის სანახავად მივიდა. პავლემ ონისიმოსს უქადაგა და მალე ის ქრისტიანი გახდა. მან ძალიან ინანა, რომ ბატონს გაექცა. იცი, რას სწერს პავლე ამ წერილში ფილიმონს?
ის სწერს, რომ აპატიოს ონისიმოსს. ‘უკან გიგზავნი, — მისწერა პავლემ. — მაგრამ ახლა ის მხოლოდ მსახური არ არის, ის შენი ქრისტიანი ძმაცაა’. ეს ორი წერილი კოლოსეში ონისიმოსმა წაიღო; ერთი კოლოსეს კრებისთვის იყო, მეორე კი ფილიმონისთვის. შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ გაუხარდებოდა ფილიმონს, როცა გაიგებდა, რომ მისი მსახური ქრისტიანი გახდა.
ფილიპელ ქრისტიანებსა და ფილიმონს პავლემ მართლაც სასიხარულო რამ მისწერა. ‘გიგზავნით ტიმოთეს, — სწერდა ის ფილიპელებს. — მაგრამ მალე მეც გინახულებთ’. ფილიმონს კი სწერდა: ‘ბინა მომიმზადე, რომ შენთან დავრჩე’.
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პავლემ ბევრი და-ძმა მოინახულა სხვადასხვა ქალაქში. მაგრამ მოგვიანებით ის ისევ დააპატიმრეს რომში. მან უკვე იცოდა, რომ მოკლავდნენ. ამიტომ ტიმოთეს წერილი მისწერა და სთხოვა, რომ სასწრაფოდ მისულიყო მასთან. ‘ღვთის ერთგული ვიყავი და ღმერთი დამაჯილდოებს’, — სწერდა ის. პავლეს სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ რომაელებმა იერუსალიმი გაანადგურეს.
ბიბლია სხვა წიგნებსაც შეიცავს. იეჰოვა ღმერთმა მოციქულ იოანეს ბიბლიის ბოლო წიგნები დააწერინა, მათ შორის „გამოცხადება“. ეს წიგნი მომავალს ეხება. მოდი გავიგოთ, რა მოხდება მომავალში.