არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 109

პეტრემ კორნელიუსს უქადაგა

პეტრემ კორნელიუსს უქადაგა

ამ სურათზე მოციქული პეტრე ორ მეგობართან ერთადაა. მაგრამ ვინ არის მის წინაშე დაჩოქილი კაცი? რატომ დაიჩოქა მან და სწორად მოიქცა ის?

ეს კაცი კორნელიუსია, რომის ჯარის ასისთავი. ის არ იცნობდა პეტრეს, მაგრამ უთხრეს, რომ ის სახლში მიეწვია. მოდი გავიგოთ, რატომ.

იესოს პირველი მიმდევრები იუდეველები იყვნენ, კორნელიუსი კი იუდეველი არ იყო. მაგრამ მას უყვარდა ღმერთი, ლოცულობდა და ხალხს დიდ სიკეთეს უკეთებდა. ერთხელ ნაშუადღევს ანგელოზი გამოეცხადა მას და უთხრა: ‘ღმერთი კეთილგანწყობილია შენდამი და შეისმინა შენი ლოცვები. გაგზავნე ხალხი პეტრედ წოდებულ კაცთან, რომელიც იოპეში, სიმონის სახლში, ზღვასთან ახლოს ცხოვრობს’.

კორნელიუსმა მაშინვე გაგზავნა კაცები პეტრეს მოსაძებნად. მეორე დღეს, როცა ისინი იოპეს მიუახლოვდნენ, პეტრე სიმონის სახლის ბანზე იყო. ღმერთმა პეტრეს ხილვაში ანახვა დიდი სუფრა, რომელიც ციდან ეშვებოდა. სუფრაზე ყველანაირი ცხოველი იყო. ღვთის კანონის თანახმად, ეს ცხოველები უწმინდურად ითვლებოდა და მათი ჭამა არ შეიძლებოდა; მაგრამ პეტრეს ხმა მოესმა: ‘ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე’.

‘არა! — მიუგო პეტრემ. — უწმინდური არაფერი მიჭამია’. მაგრამ მეორედაც მოესმა ხმა: ‘ნუღარ უწოდებ უწმინდურს იმას, რაზეც ღმერთი ამბობს, რომ წმინდაა’. ეს სამჯერ განმეორდა. პეტრე ჯერ კიდევ ფიქრობდა ხილვის მნიშვნელობაზე, როცა კორნელიუსის ხალხი სახლთან მივიდა და პეტრე იკითხა.

ის დაბლა ჩავიდა და უთხრა: ‘მე ვარ ის კაცი, თქვენ რომ ეძებთ. რისთვის მოხვედით?’ როცა კაცებმა უთხრეს, რომ ანგელოზის მითითებისამებრ კორნელიუსი იწვევდა, პეტრე დასთანხმდა წასვლაზე. მეორე დღეს მეგობრებთან ერთად პეტრე კესარეაში გაემგზავრა კორნელიუსის სანახავად.

კორნელიუსმა თავისთან შეკრიბა ნათესავები და მეგობრები. როცა პეტრე მივიდა, კორნელიუსი შეეგება და დაიჩოქა მის წინაშე, როგორც ამას სურათზე ხედავ. მაგრამ პეტრემ უთხრა: ‘ადექი, მეც ადამიანი ვარ’. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არასწორია ადამიანის წინაშე დამხობა და მისი თაყვანისცემა. ჩვენ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი.

პეტრემ უქადაგა იქ შეკრებილ ხალხს და თქვა: ‘ვხედავ, რომ ღმერთს მოსწონს ყველა ადამიანი, ვისაც უნდა, მას ემსახუროს’. როცა ის ლაპარაკობდა, ღმერთმა წმინდა სული მოაფინა იქ მყოფთ და ისინი სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ. ამან გააოცა პეტრესთან მყოფი იუდეველი მოწაფეები, რადგან ეგონათ, რომ ღმერთს მხოლოდ იუდეველები მოსწონდა. ახლა ისინი მიხვდნენ, რომ ღვთის თვალში ერთი ეროვნება მეორეზე არ უპირატესობს. კარგი იქნება, თუ ყოველთვის გვემახსოვრება ეს.