არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოთხრობა 116

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ?

რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ?

იცი, რას კითხულობენ ეს გოგონა და მისი მეგობრები? დიახ, ეს არის წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“. ისინიც იმავე მოთხრობას კითხულობენ, რომელსაც შენ — „რა უნდა გავაკეთოთ, რომ მარადიულად ვიცოცხლოთ?“

იცი, რა გაიგეს მათ? მარადიულად რომ ვიცოცხლოთ, იეჰოვასა და მისი ძის, იესოს შესახებ უნდა ვისწავლოთ. ბიბლიაში ნათქვამია: ‘მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გაიცნო ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, რომელიც მან დედამიწაზე გამოგზავნა’.

როგორ შეგიძლია გაიცნო იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე? ერთ-ერთი საშუალებაა, თავიდან ბოლომდე წაიკითხო წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“. ამ წიგნიდან ბევრ რამეს გაიგებ იეჰოვასა და იესოზე, მათ საქმეებსა და განზრახვებზე. მაგრამ მხოლოდ ამ წიგნის წაკითხვა საკმარისი არ იქნება.

ხედავ სურათზე სხვა წიგნსაც? ის ბიბლიაა. სთხოვე ვინმეს, ბიბლიიდან წაგიკითხოს მუხლები, რომლებზეც ეს მოთხრობებია დაფუძნებული. ბიბლია დაწვრილებით გვიხსნის, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის მოსაწონი მსახურები ვიყოთ და მარადიულად ვიცოცხლოთ. ამიტომ ჩვენ ხშირად უნდა ვიკითხოთ ბიბლია.

მაგრამ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მხოლოდ გაცნობა საკმარისი არ არის. ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი ვიცოდეთ მათ შესახებ, მაგრამ მარადიული სიცოცხლე ვერ მივიღოთ. იცი, კიდევ რა არის საჭირო?

საჭიროა, ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენო. გახსოვს იუდა ისკარიოტელი? ის ერთ-ერთი იყო იესოს თორმეტი მოციქულიდან. იუდამ იეჰოვასა და იესოზე ძალიან ბევრი იცოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ის ხარბი გახდა და 30 ვერცხლად გასცა იესო. ამიტომ იუდა მარადიულ სიცოცხლეს ვერ მიიღებს.

გახსოვს გეხაზი? მის შესახებ 69-ე მოთხრობაში წავიკითხეთ. მან მოისურვა ტანსაცმელი და ფული, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, და ნაამანს ტყუილი უთხრა, რომ ისინი მიეღო. ამიტომ იეჰოვამ დასაჯა გეხაზი. ის ჩვენც დაგვსჯის, თუ მის კანონებს არ დავემორჩილებით.

თუმცა იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას. გინდა, შენც მათნაირი იყო? პატარა სამუელმა კარგი მაგალითი დაგვიტოვა. გახსოვს, 55-ე მოთხრობაში წავიკითხეთ, რომ სამუელი სულ რაღაც 4-5 წლისა იყო, როცა იეჰოვას კარავში დაიწყო მსახურება? ასე რომ, იეჰოვას განდიდება პატარებსაც შეუძლიათ.

ჩვენ ყველას გვინდა, რომ იესოს მივბაძოთ. 87-ე მოთხრობაში წავიკითხეთ, რომ პატარა იესო ტაძარში თავისი ზეციერი მამის შესახებ ლაპარაკობდა. მოდი მივბაძოთ მას და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ველაპარაკოთ ჩვენი ღვთის, იეჰოვასა და მისი ძის, იესოს შესახებ. თუ ასე მოვიქცევით, მარადიულად ვიცხოვრებთ სამოთხეში დედამიწაზე.