არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 18

ღვთის სიტყვაში ასახული სიბრძნე

ღვთის სიტყვაში ასახული სიბრძნე

1, 2. რა „წერილი“ მოგვწერა იეჰოვამ და რატომ?

 ᲒᲐᲮᲡᲝᲕᲡ, ბოლოს როდის მიიღე შორს მცხოვრები საყვარელი ადამიანისგან წერილი? ცხოვრებაში არცთუ ისე ბევრ რამეს შეუძლია ისეთი სიხარულის მონიჭება, როგორც ძვირფასი ადამიანისგან გამოგზავნილ გულწრფელ წერილს. გვიხარია, როდესაც ვიგებთ მისი ჯანმრთელობის, წარმატებებისა და მომავალი გეგმების შესახებ. ასეთი ურთიერთობა აახლოებს საყვარელ ადამიანებს, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან.

2 მაშ, განა შეიძლება რამემ საყვარელი ღვთისგან გამოგზავნილ წერილზე მეტად გაგვახაროს? გარკვეულწილად, იეჰოვამ თავისი სიტყვით — ბიბლიით — „წერილი“ მოგვწერა, რომელშიც საკუთარი თავის შესახებ გვიყვება, თუ ვინ არის ის, რა გააკეთა, რა განზრახვები აქვს სამომავლოდ და კიდევ სხვა მრავალი რამის შესახებ. იეჰოვამ თავისი სიტყვა იმიტომ მოგვცა, რომ სურს დავუახლოვდეთ მას. ჩვენმა ყოველმხრივ ბრძენმა ღმერთმა საუკეთესო შესაძლებლობა გამონახა ჩვენთან საურთიერთოდ. ბიბლიის წერა შეუდარებელი სიბრძნის წყალობით ხდებოდა და, აქედან გამომდინარე, მისი შინაარსიც ღვთის სიბრძნეს ირეკლავს.

რატომ მაინცდამაინც წერილი?

3. როგორ გადასცა იეჰოვამ მოსეს კანონი?

3 ზოგს შეიძლება აინტერესებდეს, რატომ არ მიმართა იეჰოვამ უფრო შთამბეჭდავ მეთოდს ადამიანებთან საურთიერთოდ, მაგალითად, რატომ არ გაისმა ხმა ზეციდან? ფაქტობრივად, იეჰოვა ხანდახან ლაპარაკობდა კიდეც ზეციდან ანგელოზების მეშვეობით, რომლებიც მის წარმომადგენლებად მსახურობენ. მაგალითად, ასე მოხდა, როდესაც ისრაელებს კანონი მისცა (გალატელები 3:19). ზეციდან ხმა იმდენად შიშის მომგვრელი იყო, რომ შეშინებულმა ისრაელებმა ითხოვეს, აღარ დალაპარაკებოდა იეჰოვა ამგვარად და მოსეს მეშვეობით გადაეცა სათქმელი (გამოსვლა 20:18—20). ამრიგად, იეჰოვამ ანგელოზების მეშვეობით მოსეს სიტყვიერად გადასცა დაახლოებით 600 კანონი.

4. ახსენი, რატომ არ იქნებოდა საიმედო ღვთის კანონის სიტყვიერად გადაცემა.

4 მაგრამ, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ კანონი წერილობითი სახით არასოდეს იარსებებდა? შეძლებდა მოსე ზუსტად დაემახსოვრებინა კანონთა კრებულის ყველა ნიუანსი და ერისთვის სრულყოფილად გადაეცა? ან მომავალი თაობებისთვის როგორღა გახდებოდა ცნობილი? მხოლოდ ზეპირი გადმოცემების იმედზე უნდა ყოფილიყვნენ? ეს არ იქნებოდა ღვთის კანონის გადაცემის საიმედო საშუალება. წარმოიდგინე, რა მოხდებოდა, თუ რაღაც ამბავი თანმიმდევრობით უნდა გადაგეცა ადამიანებისთვის, ისე რომ პირველისთვის შენ გეთქვა, მერე იმას მეორესთვის და ასე შემდეგ. ის, ვის ყურამდეც ინფორმაცია ბოლოს მიაღწევდა, თავდაპირველი ნათქვამისგან საგრძნობლად განსხვავებულ ამბავს მოისმენდა. ღვთის კანონს ასეთი საშიშროება არ ემუქრებოდა.

5, 6. რა უბრძანა იეჰოვამ მოსეს თავის სიტყვასთან დაკავშირებით და რატომ წარმოადგენს ჩვენთვის კურთხევას, რომ იეჰოვას სიტყვა წერილობითი სახით გვაქვს?

5 იეჰოვამ ბრძნულად გადაწყვიტა, რომ მისი სიტყვა დაწერილიყო. მან მოსეს უბრძანა: „დაწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვების საფუძველზე ვდებ შეთანხმებას შენთან და ისრაელთან“ (გამოსვლა 34:27). ასე დაიწყო ბიბლიის წერა ძვ. წ. 1513 წელს. ამის შემდგომ 1 610 წლის განმავლობაში იეჰოვა „მრავალჯერ და მრავალი სახით ელაპარაკა“ დაახლოებით 40 მამაკაცს, რომლებიც შემდეგ ბიბლიას წერდნენ (ებრაელები 1:1). ღვთის სიტყვა უცვლელი სახით რომ შემოენახათ, ერთგული გადამწერები დიდ სიფრთხილეს იჩენდნენ, რომ ყოველი სიტყვა ზუსტად გადაეწერათ (ეზრა 7:6; ფსალმუნი 45:1).

6 ნამდვილად დიდი კურთხევაა, რომ იეჰოვა წერილობით ურთიერთობს ჩვენთან. მიგიღია ოდესმე წერილი, რომელიც იმდენად ძვირფასი ყოფილა შენთვის (შეიძლება იმიტომ რომ, მასში შენთვის მანუგეშებელი სიტყვები ყოფილა ჩაწერილი), რომ შეგინახავს და შემდგომში არაერთხელ გადაგიკითხავს? იეჰოვასგან გამოგზავნილი „წერილიც“ ზუსტად ასეთია. რადგან იეჰოვამ თავისი სიტყვა წერილობით გადმოგვცა, შესაძლებლობა გვაქვს, რეგულარულად ვიკითხოთ ის და ვიფიქროთ, თუ რის თქმა უნდა ამით ღმერთს ჩვენთვის (ფსალმუნი 1:2). ნებისმიერ დროს, როცა კი ვსაჭიროებთ ამას, ბიბლიიდან შეგვიძლია ნუგეში მივიღოთ (რომაელები 15:4).

რატომ მაინცდამაინც ადამიანები?

7. როგორ გამოჩნდა იეჰოვას სიბრძნე იმაში, რომ მან თავისი სიტყვის დასაწერად ადამიანები გამოიყენა?

7 თავისი სიტყვის დასაწერად ადამიანების გამოყენება იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს. დაფიქრდი, იეჰოვას ეს საქმე ანგელოზებისთვის რომ მიენდო, განა ბიბლია ისეთივე მიმზიდველი იქნებოდა? ფაქტია, ანგელოზებს შეეძლოთ, იეჰოვა ზეადამიანური თვალსაზრისიდან გამომდინარე აღეწერათ და ღვთისადმი თავიანთი თავდადებისა და ერთგული მიწიერი მსახურების შესახებ ცნობები გადმოეცათ. მაგრამ ნუთუ შევძლებდით ამ სრულყოფილი, სულიერი ქმნილებების თვალსაზრისით შეგვეხედა სამყაროსთვის, რომელთა ცოდნაც, გამოცდილებაცა და ძალაც დიდად აღემატება ჩვენსას? (ებრაელები 2:6, 7).

8. რა მხრივ მისცა ღმერთმა ბიბლიის დამწერებს უფლება, რომ გამოეყენებინათ თავიანთი გონებრივი შესაძლებლობები? (იხილე სქოლიო).

8 იეჰოვამ მიწიერი მწერლების მეშვეობით ზუსტად ის გადმოგვცა, რაც გვჭირდება — ჩანაწერები „ღვთისგან არის შთაგონებული“, მაგრამ მასში აზრები ისეა გადმოცემული, რომ ადამიანის გულს სწვდება (2 ტიმოთე 3:16). როგორ გააკეთა ეს? როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში ბიბლიის თითოეულ დამწერს უფლებას აძლევდა, თავად ეპოვა „სასიამოვნო სიტყვები . . . და ზედმიწევნით გადმოეცა ჭეშმარიტება“ (ეკლესიასტე 12:10, 11). სწორედ ამით აიხსნება ბიბლიის სტილის სხვადასხვაობა; ჩანაწერებში აისახა თითოეული დამწერის წარსული და პიროვნული თვისებები. a ამისდა მიუხედავად, ამ მამაკაცებს „წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტრე 1:21). აქედან გამომდინარე, საბოლოო ნაყოფი ნამდვილად ღვთის სიტყვაა (1 თესალონიკელები 2:13).

„მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“.

9, 10. ბიბლიის დასაწერად ადამიანების გამოყენებით, რატომ გახდა ის უფრო გულში ჩამწვდომი და მიმზიდველი?

9 ბიბლიის დასაწერად ადამიანების გამოყენებამ, ის ძალიან მიმზიდველ და გულში ჩამწვდომ წიგნად აქცია. მის დამწერებს ჩვენი მსგავსი გრძნობები ჰქონდათ. ისინი არასრულყოფილები იყვნენ და ისეთივე განსაცდელებსა და წინააღმდეგობებს ხვდებოდნენ, როგორსაც ჩვენ. ზოგჯერ, იეჰოვას სული აღძრავდა მათ, დაეწერათ თავიანთი პირადი გრძნობებისა და სირთულეების შესახებ (2 კორინთელები 12:7—10). ისინი ხშირად პირველ პირში წერდნენ და მათ მიერ ჩაიწერა ის სიტყვები, რომლებსაც ვერც ერთი ანგელოზი ვერ იტყოდა.

10 ასე იყო ისრაელის მეფე დავითის შემთხვევაში. სერიოზული ცოდვების ჩადენის შემდეგ, მან შეთხზა ფსალმუნი, რომელშიც ღვთის წინაშე გული გადმოღვარა და პატიებას ევედრებოდა. მან დაწერა: „განმწმინდე ჩემი ცოდვისგან, რადგან კარგად ვუწყი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას. აი, დანაშაულით დავიბადე და ცოდვილი ჩავესახე დედაჩემს. თავიდან ნუ მომიშორებ და შენს წმინდა სულს ნუ წამართმევ. ღვთისთვის საამო მსხვერპლი დამწუხრებული სულია; მომნანიებელ და მოდრეკილ გულს შენ არ უგულებელყოფ, ღმერთო“ (ფსალმუნი 51:2, 3, 5, 11, 17). გრძნობ ამ სიტყვების დამწერის სულიერ ტანჯვას? არასრულყოფილი ადამიანის გარდა შეეძლო ვინმეს ასეთი გულსაკლავი გრძნობების გამოხატვა?

რატომ ადამიანების შესახებ?

11. როგორი ცხოვრებისეული მაგალითებია ჩაწერილი ბიბლიაში „ჩვენ სასწავლებლად“?

11 ბიბლიას სხვა რამეც ხდის მიმზიდველს. მნიშვნელოვანწილად, ბიბლია არის წიგნი ადამიანების შესახებ. მასში იმ რეალური პიროვნებების შესახებ არის მოთხრობილი, რომლებიც ღმერთს ემსახურებოდნენ და მათ შესახებაც, რომლებიც არ ემსახურებოდნენ. ბიბლიის მეშვეობით ვიგებთ მათი ცხოვრებისა და გაჭირვების შესახებ; იმასაც, თუ რა ანიჭებდათ დიდ სიხარულს; ვხედავთ, თუ რა შედეგები მოჰქონდა მათი ცხოვრების წესის შეცვლას. ეს ყველაფერი „ჩვენ სასწავლებლად დაიწერა“ (რომაელები 15:4). ამ ცხოვრებისეული მაგალითებით იეჰოვა ჩვენს გულებს სწვდება. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

12. რა მხრივ გვეხმარება ორგული ადამიანების შესახებ ბიბლიური ჩანაწერები?

12 ბიბლია ორგულ და ბოროტ ადამიანებზეც კი მოგვითხრობს და გვიყვება, რა მოიმკეს მათ. ასეთ მონათხრობში თვალნათლივაა ასახული მათი არასასურველი თვისებები, რაც ჩვენთვის ადვილი აღსაქმელი ხდება. მაგალითად, ორგულობის ამკრძალავი რა კანონი შეიძლებოდა ყოფილიყო იუდას ცოცხალ მაგალითზე უფრო ძლიერი, რომელმაც მუხანათურად გასცა იესო? (მათე 26:14—16, 46—50; 27:3—10). ასეთი გულში ჩამწვდომი ჩანაწერები გვეხმარება, დავინახოთ და მოვიშოროთ ჩვენში არსებული უარყოფითი თვისებები.

13. როგორ გვეხმარება ბიბლია კარგი თვისებების გამომუშავებაში?

13 ბიბლიაში ღვთის ბევრი ერთგული მსახურის შესახებაც არის მოთხრობილი. მასში ვკითხულობთ მათი თავდადებისა და ერთგულების შესახებ. ცოცხალი მაგალითების საფუძველზე მათ იმ თვისებებს ვხედავთ, რომელთა გამომუშავებაც ღმერთთან დასაახლოებლად გვესაჭიროება. მაგალითისთვის ავიღოთ რწმენა. ბიბლია ზუსტად განმარტავს, რა არის რწმენა და გვეუბნება, რამდენად მნიშვნელოვანია ის, თუ გვინდა, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ (ებრაელები 11:1, 6). მაგრამ ბიბლიაში რწმენის გამოვლენის ცოცხალ მაგალითებსაც ვხვდებით. დაუფიქრდი, თუ როგორი რწმენა გამოავლინა აბრაამმა, როდესაც ისაკს მსხვერპლად სწირავდა (დაბადება, თავი 22; ებრაელები 11:17—19). ასეთი ჩანაწერების წყალობით სიტყვა „რწმენა“ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ადვილი გასაგებიც ხდება. სიბრძნის როგორი გამოვლინებაა, რომ იეჰოვა არა მარტო კარგი თვისებების გამომუშავებისკენ მოგვიწოდებს, არამედ ცოცხალი მაგალითებით გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

14, 15. რას მოგვითხრობს ბიბლია ერთ ქალზე, რომელიც ტაძარში მივიდა და რას ვსწავლობთ აქედან იეჰოვას შესახებ?

14 ხშირ შემთხვევაში ბიბლიაში ჩაწერილი ცოცხალი მაგალითებით ვიგებთ, თუ როგორი პიროვნებაა იეჰოვა. განვიხილოთ იმ ქალის შემთხვევა, რომელიც იესომ ტაძარში შენიშნა. ფულის ჩასაყრელთან ახლოს მჯდარი იესო ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი შესაწირავებს. ბევრმა მდიდარმა „ის გაიღო, რაც ზედმეტი ჰქონდა“. მაგრამ იესომ ღარიბ ქვრივზე შეაჩერა მზერა. მან ორი ლეპტა შესწირა, რაც ძალიან მცირე თანხას შეადგენდა. b ქვრივს რაც ებადა, ყველაფერი შესწირა. იესომ, რომელიც სრულყოფილად ირეკლავდა იეჰოვას აზროვნებას, თქვა: „ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო“. ამ სიტყვების თანახმად, მან იმაზე მეტი გაიღო, ვიდრე ყველა დანარჩენმა ერთად (მარკოზი 12:41—44; ლუკა 21:1—4; იოანე 8:28).

15 განა მრავლისმეტყველი არ არის ის ფაქტი, რომ მათგან, რომლებიც იმ დღეს ტაძარში მივიდნენ, მხოლოდ ეს ქვრივი იქნა გამორჩეული და ბიბლიაში მოხსენიებული?! ამ მაგალითიდან იეჰოვა გვასწავლის, რომ იგი მადლიერი ღმერთია. ის სიამოვნებით იღებს მთელი გულით გაღებულ ძღვენს და არ ადარებს იმას, თუ სხვებმა რამდენი გაიღეს. იეჰოვამ ამით საუკეთესო გზა გამონახა ამ გულში ჩამწვდომი ჭეშმარიტების სასწავლებლად!

ის, რაც არ დაიწერა

16, 17. როგორ გამოვლინდა იეჰოვას სიბრძნე მაშინაც კი, როდესაც თავის სიტყვაში ყველაფერი არ ჩააწერინა?

16 ცხადია, როდესაც საყვარელ ადამიანს წერილს უწერ, ყველაფერს დაწვრილებით ვერ მოუყვები. ასე რომ, ირჩევ, რის შესახებ მისწერო. ასევე იეჰოვამ თავის სიტყვაში მოსახსენიებლად გარკვეული ადამიანები და მოვლენები შეარჩია. მაგრამ ამ მოვლენებსაც კი, ბიბლია ყოველთვის დაწვრილებით არ წარმოგვიდგენს (იოანე 21:25). მაგალითად, როდესაც ბიბლია ღვთის განაჩენის შესახებ საუბრობს, მასში არსებული ინფორმაცია შეიძლება ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ყველა კითხვას. იეჰოვას სიბრძნე იმაშიც გამოვლინდა, რომ თავის სიტყვაში ყველაფერი არ ჩააწერინა. როგორ?

17 ის, თუ როგორ დაიწერა ბიბლია, გულების შემოწმების საშუალებას გვაძლევს. ებრაელების 4:12 ამბობს: „ღვთის სიტყვა [ან ცნობა] არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი და აღწევს ხორცისა და სულის . . . გაყოფის ადგილამდე და არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“. ბიბლიური ინფორმაცია ღრმად აღწევს ჩვენს გულებში და გვანახვებს, თუ სინამდვილეში საით არის მიმართული ჩვენი ფიქრები და ზრახვები. ისინი, რომლებიც კრიტიკული სულით კითხულობენ ბიბლიას, ხშირად იმის გამო ბრკოლდებიან, რომ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. ასეთ ადამიანებს იმაშიც შეიძლება შეეპაროთ ეჭვი, რომ იეჰოვა ნამდვილად მოსიყვარულე, ბრძენი და სამართლიანი ღმერთია.

18, 19. ა) რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული, თუ ბიბლიის კითხვისას ხანდახან ისეთი კითხვა წამოგვეჭრება, რომელზედაც პასუხს მაშინვე ვერ ვიღებთ? ბ) რა არის საჭირო ღვთის სიტყვის გასაგებად და როგორ ადასტურებს ეს იეჰოვას უდიდეს სიბრძნეს?

18 ამის საპირისპიროდ, როდესაც მთელი გულით და გულწრფელად ვიკვლევთ ბიბლიას, კონტექსტში ვხედავთ იეჰოვას მოქმედებას და ვგებულობთ, თუ როგორი პიროვნებაა ის. აქედან გამომდინარე, გული არ უნდა გაგვიტყდეს იმის გამო, თუ გარკვეულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე კითხვები წამოგვეჭრება და პასუხებს მაშინვე ვერ მივაგნებთ. მაგალითად: როდესაც ასაწყობ სურათს ვაწყობთ, შეიძლება თავიდან გაგვიჭირდეს გარკვეული ნაწილის მოძებნა, ან ვერ ვხვდებით სად შეიძლება მოერგოს ესა თუ ის ნაწილი. და მაინც, უკვე საკმაოდ ბევრი ნაწილი ავაწყვეთ, რაც საშუალებას გვაძლევს, წარმოვიდგინოთ, როგორი უნდა იყოს საბოლოო სურათი. მსგავსადვე, ბიბლიის სწავლისას ნელ-ნელა ვიგებთ, თუ როგორი პიროვნებაა იეჰოვა და დროთა განმავლობაში მის შესახებ ზუსტი სურათიც გვექმნება. მაშინაც კი, თუ თავიდან ვერ ვიგებთ ზოგ ადგილს ბიბლიიდან ან მას ღვთის პიროვნულ თვისებებთან ვერ ვაკავშირებთ, უკვე გვაქვს საკმარისზე მეტი ცოდნა იეჰოვას შესახებ, საიდანაც ვასკვნით, რომ ის უსაზღვროდ მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთია.

19 აქედან გამომდინარე, რომ გავიგოთ ღვთის სიტყვა, იგი წრფელი გულით და მიუკერძოებლად უნდა ვიკითხოთ და შევისწავლოთ. განა ეს იეჰოვას უდიდესი სიბრძნის დადასტურება არ არის?! განათლებული ადამიანები ისეთ წიგნებს წერენ, რომელთა გაგებაც მხოლოდ „ბრძენებსა და ჭკვიანებს“ შეუძლიათ. მაგრამ ისეთი წიგნის დასაწერად, რომლის გაგებაც მხოლოდ წრფელი გულის ხალხს შეუძლია, ღვთიური სიბრძნეა საჭირო! (მათე 11:25).

სიბრძნის წიგნი

20. რატომ შეუძლია მხოლოდ იეჰოვას, გვიჩვენოს ცხოვრების საუკეთესო გზა და რა გვხვდება ბიბლიაში, რაც ჩვენთვისაა სასარგებლო?

20 იეჰოვა თავის სიტყვაში ცხოვრების საუკეთესო გზას გვიჩვენებს. როგორც შემოქმედი, მან ჩვენზე უკეთ იცის ჩვენი მოთხოვნილებები. ძირითადი ადამიანური მოთხოვნილებები კი — მაგალითად, სიყვარულისკენ სწრაფვა, ბედნიერების წყურვილი და კარგი ურთიერთობები — არ იცვლება. ბიბლიაში უხვად არის სიბრძნე, რომელიც გვეხმარება, ჩვენი ცხოვრება აზრით აღსავსე გავხადოთ (იგავები 2:7). ამ წიგნის თითოეული ნაწილი შეიცავს თავს, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ბრძნული ბიბლიური რჩევები. მაგრამ მოდი ახლა ერთი მაგალითი განვიხილოთ.

21—23. რომელი ბრძნული რჩევა დაგვეხმარება, რომ ბრაზი და გულისწყრომა გულში არ ჩავიდოთ?

21 შეგიმჩნევიათ ოდესმე, რომ ადამიანი, რომელიც წყენასა და გულისწყრომას გულში იდებს, ხშირად საკუთარ თავს აყენებს ზიანს? წყენა მძიმე ტვირთია. როდესაც წყენას გულში ვიტოვებთ, მასზე ფიქრს გონებიდან ვერ ვიგდებთ; ეს კი სულის სიმშვიდესა და სიხარულს გვართმევს. მეცნიერული გამოკვლევების თანახმად, ბრაზი გულისა და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკს ზრდის. ამ გამოკვლევებზე დიდი ხნით ადრე ბიბლიაში ასეთი ბრძნული აზრი ჩაიწერა: „მოეშვი რისხვას და ნუღარ ბრაზობ“ (ფსალმუნი 37:8). როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

22 ღვთის სიტყვა ასეთ ბრძნულ რჩევას გვთავაზობს: „გამჭრიახობა რისხვას აცხრობს; დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავები 19:11). გამჭრიახობა არის უნარი, ზედაპირის ანუ ხილულის მიღმაც დაინახო. გამჭრიახობა გვეხმარება, რომ ჩავწვდეთ, რატომ ილაპარაკა ან გააკეთა სხვამ ესა თუ ის. თუ ვეცდებით, ჩავწვდეთ მის გრძნობებსა და მდგომარეობას, თუ რატომ მოიქცა ადამიანი ასე, შევძლებთ თავიდან მოვიშოროთ მის შესახებ უარყოფით ფიქრები და გრძნობები.

23 ბიბლია ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ გვირჩევს: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლოსელები 3:13). გამოთქმაში „მოუთმინეთ“ ის აზრია ნაგულისხმევი, რომ სხვების მიმართ მომთმენები ვიყოთ და მათი გამაღიზიანებელი თვისებები ავიტანოთ. ასეთი მიმტევებლობა დაგვეხმარება, არ დავიბოღმოთ და უხეშად არ მოვექცეთ მწყენინებელს. სიტყვა „პატიებაში“ იგულისხმება რისხვის დაცხრომა. ჩვენმა ბრძენმა ღმერთმა იცის, რომ უნდა მივუტევოთ სხვებს, როდესაც ასე მოქცევისთვის მყარი საფუძველი გვაქვს. ეს არა მარტო მათ მოუტანს სარგებლობას, არამედ ჩვენც შევინარჩუნებთ სულისა და გონების სიმშვიდეს (ლუკა 17:3, 4). რა უსაზღვრო სიბრძნეა ღვთის სიტყვაში!

24. რა შედეგი მოაქვს ჩვენთვის ღვთიური სიბრძნის თანახმად ცხოვრებას?

24 უსაზღვრო სიყვარულით აღძრულ იეჰოვას სურდა, ჩვენთან ურთიერთობა ჰქონოდა. ამისათვის მან საუკეთესო გზა გამონახა — „წერილი“, რომელიც ადამიანების მიერ ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობით დაიწერა. შედეგად, მასში იეჰოვას სიბრძნეა ჩადებული. ეს სიბრძნე „სანდოა“ (ფსალმუნი 93:5). თუ ამ სიბრძნის თანახმად ვცხოვრობთ და მას სხვებსაც ვუზიარებთ, ეს ყოველმხრივ ბრძენ ღმერთთან გვაახლოებს. მომდევნო თავში იეჰოვას შორსმჭვრეტელური სიბრძნის სხვა მხარეს განვიხილავთ: მომავლის განჭვრეტისა და თავისი განზრახვების შესრულების უნარს.

a მაგალითად, დავითს, რომელიც მწყემსი იყო, მწყემსის ცხოვრებიდან მოჰყავს მაგალითები (ფსალმუნი 23). მათე მებაჟე იყო და საკმაოდ ხშირად მოიხსენიებს ციფრებსა და ფულის ერთეულებს (მათე 17:27; 26:15; 27:3). ლუკა, რომელიც ექიმი იყო, ისეთ სიტყვებს იყენებს, რომლებიც მის სამედიცინო განათლებაზე მეტყველებს (ლუკა 4:38; 14:2; 16:20).

b ლეპტა იმ დროს მიმოქცევაში არსებული ებრაული ფულის უმცირესი მონეტა იყო. ორი ლეპტა დღიური გასამრჯელოს 1/64 ნაწილს შეადგენდა. ეს თანხა ერთი ბეღურის საფასურიც კი არ იყო, რომელიც ღარიბების საკვებ უიაფეს ფრინველად ითვლებოდა.