არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 17

„რა განუზომელია ღვთის . . . სიბრძნე“

„რა განუზომელია ღვთის . . . სიბრძნე“

1, 2. რა განზრახვა ჰქონდა იეჰოვას მეშვიდე დღესთან დაკავშირებით და როგორ გამოიცადა ღვთის სიბრძნე ამ დღის დასაწყისში?

 ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ, რომლის შექმნითაც ღმერთმა მეექვსე შემოქმედებითი დღის სიდიადე დააგვირგვინა, დიდების მწვერვალიდან უცბად წუმპეში აღმოჩნდა. იეჰოვამ განაცხადა, რომ „ყველაფერი, რაც შექმნა“, მათ შორის ადამიანი, „ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). მაგრამ მეშვიდე დღის დასაწყისში ადამმა და ევამ სატანის მხარე დაიკავეს და ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოავლინეს. ისინი ცოდვაში ჩაეფლნენ და თავს არასრულყოფილება და სიკვდილი დაიტეხეს.

2 ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს იეჰოვას განზრახვა მეშვიდე დღესთან დაკავშირებით ვერ შესრულდა და არც იმედის არანაირი ნაპერწკალი არსებობდა. ეს დღეც, ისევე როგორც წინა ექვსი დღე, ათასობით წელი უნდა გაგრძელებულიყო. იეჰოვამ წმინდად გამოაცხადა მეშვიდე დღე, რომლის მიწურულისთვისაც მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცეოდა და სრულყოფილი ადამიანებით აივსებოდა (დაბადება 1:28; 2:3). მაგრამ ადამიანთა ურჩობის შემდეგ, როგორღა შესრულდებოდა ეს ყოველივე? რას იღონებდა ღმერთი? ზუსტად აქ გამოჩნდებოდა იეჰოვას განუზომელი სიბრძნის საოცარი დადასტურება.

3, 4. ა) რატომ არის ედემის ბაღში დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით იეჰოვას მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოწიწების შთამნერგავი სიბრძნის გამოვლენა? ბ) იეჰოვას სიბრძნის გამოკვლევისას, რა ჭეშმარიტება უნდა ვაღიაროთ თავმდაბლურად?

3 იეჰოვამ სასწრაფოდ მიიღო ზომები. მან სატანასა და ურჩ წყვილს განაჩენი გამოუტანა; ამასთანავე, რაღაც საოცარ მოვლენებზე მიუთითა, კერძოდ იმაზე, თუ როგორ გამოსწორდებოდა დაუმორჩილებლობის შედეგად შექმნილი სავალალო მდგომარეობა (დაბადება 3:15). იეჰოვას განზრახვა შორს გამიზნულია და ის ედემის ბაღიდან მოყოლებული მთელი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ათასობით წლის განმავლობაში ეტაპობრივად სრულდება; ამასთან, ის მომავალსაც ეხება. ის საოცრად მარტივია, თუმცა იმდენად ღრმაა, რომ ბიბლიის მკითხველს შეიძლება მთელი სიცოცხლე დასჭირდეს მის გამოსაკვლევად და მასზე საფიქრელად. გარდა ამისა, იეჰოვას განზრახვა აუცილებლად შესრულდება. ამ განზრახვის თანახმად, ბოროტებას, ცოდვასა და სიკვდილს ბოლო მოეღება, ერთგული ადამიანები კი გასრულყოფილდებიან. ეს ყველაფერი მეშვიდე დღის გასვლამდე მოხდება, და, ყველაფრის მიუხედავად, ის რაც განიზრახა იეჰოვამ დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით, ზუსტად მის მიერ დადგენილ დროს შესრულდება!

4 განა არ გვინერგავს ასეთი სიბრძნე შიშნარევ მოწიწებას?! მოციქულმა პავლემ აღტაცებით თქვა: „რა განუზომელია ღვთის . . . სიბრძნე“ (რომაელები 11:33). ღვთის ამ თვისების სხვადასხვა მხარეების გამოკვლევისას, თუნდაც ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, თავმდაბლობა უნდა გვეყოს, ვაღიაროთ ის უმნიშვნელოვანესი ჭეშმარიტება, რომ ამით იეჰოვას უკიდეგანო სიბრძნის მხოლოდ ზედაპირს თუ ჩავწვდებით (იობი 26:14). თავდაპირველად, მოდი განვსაზღვროთ, რას ნიშნავს ეს შთამბეჭდავი თვისება.

რა არის ღვთის სიბრძნე?

5, 6. რა კავშირი არსებობს ცოდნასა და სიბრძნეს შორის და რამდენად უსაზღვროა იეჰოვას ცოდნა?

5 სიბრძნე და ცოდნა ერთი და იგივე არ არის. კომპიუტერს ზღვა ინფორმაციის შენახვა შეუძლია, მაგრამ არავინ იტყოდა, რომ ეს მოწყობილობა ბრძენია. თუმცა, შემეცნებასა და სიბრძნეს შორის ნამდვილად არსებობს კავშირი (იგავები 10:14). მაგალითად, თუ სერიოზული ავადმყოფობის გამო მკურნალობასთან დაკავშირებით ბრძნული რჩევა გესაჭიროება, განა იმ ადამიანს მიაკითხავდი, ვისაც მედიცინაში არაფერი გაეგება? ცხადია, არა! ასე რომ, ჭეშმარიტი სიბრძნისთვის საფუძვლიანი ცოდნაა მნიშვნელოვანი.

6 იეჰოვა უსაზღვრო ცოდნას ფლობს. როგორც „მარადიულობის მეფე“, მხოლოდ ის არის მარად არსებული (გამოცხადება 15:3). და მთელი ამ ხნის, აღურიცხველი საუკუნეების, მანძილზე მან ყველაფერი იცის. ბიბლია ამბობს: „არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისთვის, არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და ღიაა მისი თვალისთვის, ვის წინაშეც ვართ ანგარიშვალდებულნი“ (ებრაელები 4:13; იგავები 15:3). რადგან იეჰოვა შემოქმედია, მან ყველაფერი იცის თავისი ქმნილების შესახებ და დასაბამიდანვე აკვირდება ადამიანის საქმიანობას. ის თითოეული ადამიანის გულს იკვლევს და მის თვალს არაფერი გამოეპარება (1 მატიანე 28:9). იეჰოვამ ნების თავისუფლებით დაგვაჯილდოვა და ხარობს, როდესაც ცხოვრებაში გონივრულ არჩევანს ვაკეთებთ. ის ლოცვების მომსმენია და ერთდროულად უამრავ ლოცვას ისმენს! (ფსალმუნი 65:2). ალბათ, ზედმეტი იქნებოდა იმაზე ლაპარაკი, რომ იეჰოვას სრულყოფილი მეხსიერება აქვს.

7, 8. როგორ ავლენს იეჰოვა გონიერებას, გამჭრიახობასა და სიბრძნეს?

7 იეჰოვა არა მარტო ცოდნას ფლობს, არამედ მოვლენებს შორის ურთიერთკავშირსაც ხედავს და უსასრულო დეტალებისგან შედგენილ საერთო სურათსაც. ის განასხვავებს კარგს ცუდისგან, მნიშვნელოვანს — უმნიშვნელოსგან და შესაბამისად აფასებს და განსჯის. უფრო მეტიც, ის გარეგნობაზე მეტს ხედავს და ღრმად სწვდება, თუ რა გვაქვს გულში (1 სამუელი 16:7). ასე რომ, იეჰოვას აქვს გონიერება და გამჭრიახობა, ანუ ფლობს ისეთ თვისებებს, რომლებიც ცოდნაზე მეტია. მაგრამ სიბრძნე ამ ყოველივეზე აღმატებულია.

8 სიბრძნე ერთმანეთთან აკავშირებს ცოდნას, გამჭრიახობასა და გონიერებას, რაც საქმეებში ვლინდება. ზოგი სიტყვა, რომელიც ბიბლიის ორიგინალში „სიბრძნედ“ ითარგმნება, სიტყვასიტყვით „ნაყოფიერ მუშაობას“ ან „პრაქტიკულ სიბრძნეს“ ნიშნავს. ასე რომ, იეჰოვას სიბრძნე მხოლოდ თეორიული არ არის. ის პრაქტიკული და მოქმედია. ასეთი უდიდესი ცოდნითა და გონიერებით იეჰოვა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებს და მათ განსახორციელებლად საუკეთესო გზას მიმართავს. აი, ეს არის ჭეშმარიტი სიბრძნე! იეჰოვას მოქმედებაში ჩანს იესოს განაცხადის ჭეშმარიტება: „სიბრძნე საქმეებით მტკიცდება“ (მათე 11:19). მთელ სამყაროში იეჰოვას საქმეები მისი სიბრძნის უდიდესი დადასტურებაა.

ღვთის სიბრძნის მტკიცებები

9, 10. ა) რა სახის სიბრძნეს ფლობს იეჰოვა და რაში ვლინდება ეს? ბ) იეჰოვას სიბრძნის როგორ მტკიცებას გვაძლევს უჯრედი?

9 განა არ გაოცებულხარ ხელოსნის ოსტატობით, როდესაც მისი შექმნილი ლამაზი და ხარისხიანი ნივთები გინახავს? ეს სიბრძნის შთამბეჭდავი გამოვლინებაა (გამოსვლა 31:1—3). იეჰოვა თავად არის ასეთი სიბრძნის წყარო და მფლობელი. მეფე დავითმა იეჰოვას შესახებ თქვა: „ხოტბას შეგასხამ, რადგან კრძალვას მგვრის, თუ რა საოცრად ვარ შექმნილი. საოცარია შენი საქმენი და კარგად ვუწყი ეს“ (ფსალმუნი 139:14). მართლაც, რაც მეტად ვიკვლევთ ადამიანის სხეულს, მით მეტად გვიჩნდება კრძალვა იეჰოვას სიბრძნისადმი.

10 მაგალითად, ადამიანის სიცოცხლე ერთი უჯრედიდან — დედის კვერცხუჯრედისა და მამის სპერმატოზოიდის შერწყმით — იწყება. მალე განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გაყოფას იწყებს და მრავალუჯრედიან ჩანასახად იქცევა. ადამიანს თითქმის 100 ტრილიონი პაწაწინა უჯრედი აქვს. დაახლოებით 10 000 საშუალო ზომის უჯრედი ქინძისთავის ბოლოზე დაეტეოდა. მიუხედავად ამისა, თითოეული მათგანის სტრუქტურა საოცარი სირთულისაა. უჯრედი გაცილებით რთული ერთეულია, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი ნებისმიერი მანქანა ან ფაბრიკა. მეცნიერები უჯრედს გალავნიან ქალაქს ადარებენ, სადაც მოწმდება შემსვლელი და გამომსვლელი ტვირთი, მოწესრიგებულია სატრანსპორტო სისტემა, საკომუნიკაციო ქსელი, ენერგოსისტემები, არსებობს ფაბრიკები, ხდება ნარჩენების გადამუშავება და ნეიტრალიზაცია, არსებობს დამცავი მექანიზმები და მის ბირთვში არსებული, ერთგვარი, ცენტრალური მთავრობაც კი. გარდა ამისა, უჯრედს მხოლოდ რამდენიმე საათში ზუსტად თავისი მსგავსი უჯრედის წარმოქმნაც კი შეუძლია!

11, 12. ა) რის მიხედვით ხდება ჩანასახში უჯრედის სხვადასხვა ფუნქციების მქონე უჯრედებად დაყოფა და როგორ ეთანხმება ეს ფსალმუნის 139:16-ში ჩაწერილ სიტყვებს? ბ) როგორ ვლინდება, რომ ადამიანის ტვინი საოცრადაა შექმნილი?

11 ცხადია, ყველა უჯრედი ერთნაირი არ არის. როდესაც ჩანასახის კვერცხუჯრედი გაყოფას იწყებს, მათ საკმაოდ განსხვავებული ფუნქციების შესრულება ეკისრებათ. ზოგი ნერვულ უჯრედებად იქცევა, სხვები კი ძვლის, კუნთების, სისხლის ან თვალის უჯრედებად. ეს სხვადასხვა ფუნქციები უჯრედის გენეტიკური ნახაზების „ბიბლიოთეკაში“, ᲓᲜᲛ-შია ჩაპროგრამებული. საინტერესოა, რომ დავითმა შთაგონებით მიმართა იეჰოვას: „შენმა თვალებმა ჯერ კიდევ ჩემი ჩანასახი იხილა და შენს წიგნში ჩაიწერა იმ დღეების შესახებ“ (ფსალმუნი 139:16).

12 სხეულის ზოგი ორგანო წარმოუდგენლად რთული აგებულებისაა. მაგალითად, განვიხილოთ ადამიანის ტვინი. ზოგიერთი მას სამყაროში აღმოჩენილ ყველაზე რთულ მოწყობილობად მიიჩნევს. მასში დაახლოებით 100 მილიარდი ნერვული უჯრედია, შესაძლოა იმდენივე, რამდენი ვარსკვლავიცაა ჩვენს გალაქტიკაში. თითოეული ასეთი უჯრედი სხვა უჯრედებთან ათასობით კავშირს წარმოქმნის. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია დაიტიოს მთელი მსოფლიოს ბიბლიოთეკებში არსებული ინფორმაცია და მისი მახსოვრობის უნარი უკიდეგანოა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ათეული წლებია, რაც ამ საოცრად შექმნილ ორგანოს სწავლობენ, ისინი აღიარებენ, რომ შეიძლება ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდნენ მისი მუშაობის პრინციპს.

13, 14. ა) როგორ აჩვენებენ ჭიანჭველები და სხვა ქმნილებები, რომ „თანდაყოლილი აქვთ სიბრძნე“ და რას ვსწავლობთ აქედან შემოქმედზე? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ობობას ქსელი იეჰოვას სიბრძნეზე მეტყველებს?

13 მაგრამ ადამიანი იეჰოვას შემოქმედებითი სიბრძნის დამადასტურებელი მხოლოდ ერთი მაგალითია. ფსალმუნის 104:24 ამბობს: „რაოდენ მრავალია შენი საქმენი, იეჰოვა! ყოველივე სიბრძნით შექმენი; სავსეა დედამიწა შენი ნაშრომით“. იეჰოვას სიბრძნე ჩვენს გარშემო არსებულ ნებისმიერ ქმნილებაში ჩანს. მაგალითად, ჭიანჭველებს „თანდაყოლილი აქვთ სიბრძნე“ (იგავები 30:24). ეს მართლაც ასეა, რადგან ჭიანჭველების კოლონიები დიდებულად არის ორგანიზებული. ზოგ კოლონიას საქონელივით ჰყავს მოშენებული ბუგრები (მცენარის ტილები), რომლებსაც უვლიან, აბინავებენ და „წველიან“. სხვები მუშის ფუნქციებს ასრულებენ და სოკოს „მოსავალიც“ კი მოჰყავთ თავიანთი „მიწისქვეშა ბაღებიდან“. ჭიანჭველას გარდა, სხვა ბევრი ქმნილებაც ისეა შექმნილი, რომ ინსტინქტით საოცრებებს ახდენს. ჩვეულებრივი ბუზი ისე ოსტატურად აფრინდება და წრიულ მოძრაობებს გააკეთებს, რომ ადამიანის შექმნილი ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავიც კი ვერ შეედრება. სეზონურად გადამფრენ ფრინველებს გზის გაკვლევასა და უკან დაბრუნებაში ეხმარებათ ვარსკვლავები, დედამიწის მაგნიტური ველი ან ერთგვარი შინაგანი რუკა. ბიოლოგები წლებს ანდომებენ ღვთის ამ ქმნილებებში ჩადებული ურთულესი „მოწყობილობების“ შესწავლას. მაშ, რამდენად ბრძენი უნდა იყოს ყოველივეს შემოქმედი ღმერთი!

14 მეცნიერები იეჰოვას შემოქმედებითი სიბრძნიდან ბევრ რამეს სწავლობენ. საფუძველი ჩაეყარა საინჟინრო ტექნიკის ახალ დარგს, ბიონიკას, რომელიც ცოცხალი ორგანიზმების აგებულებისა და ფუნქციების შესწავლის საფუძველზე წყვეტს საინჟინრო ამოცანებს. მაგალითად, ალბათ, გაოცებულხარ ობობას ქსელის სილამაზით. მაგრამ ინჟინერი ხედავს, რომ ქსელი საოცარი სქემით არის გაბმული. რამდენიმე, ერთი შეხედვით, ფაქიზი ძაფი პროპორციულად ფოლადზე ბევრად უფრო მტკიცე და ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე უფრო გამძლეა. რამდენად მტკიცე? წარმოიდგინე ობობას ქსელი, რომელიც თევზსაჭერი გემის ბადის ზომამდეა გაზრდილი. ასეთ ქსელს სამგზავრო თვითმფრინავის გაჩერება შეუძლია ჰაერში. დიახ, იეჰოვამ ყველა ეს ქმნილება სიბრძნით შექმნა.

ვინ დააჯილდოვა ქმნილებები დედამიწაზე თანდაყოლილი სიბრძნით?

სიბრძნე ზეცაში

15, 16. ა) იეჰოვას სიბრძნის როგორი დადასტურებაა ვარსკვლავებით მოჭედილი ცა? ბ) როგორ ვლინდება სიბრძნე იმაში, რომ იეჰოვა ანგელოზების ურიცხვი ლაშქრის უზენაესი მბრძანებელია?

15 იეჰოვას სიბრძნე აშკარად ჩანს მის ყველა ნახელავში. ვარსკვლავები, რაზეც ნაწილობრივ უკვე მეხუთე თავში ვისაუბრეთ, სივრცეში უწესრიგოდ არ არის მიმოფანტული. იეჰოვას ბრძნული კანონების წყალობით ზეცა ლამაზად ორგანიზებული გალაქტიკებისგან შედგება. გალაქტიკები თავის მხრივ, გროვებად არიან შეკრული, რომლებიც წარმოქმნიან ზეგროვებს ანუ გიგანტურ სისტემებს (იობი 38:33). გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვა ციურ სხეულებს „ლაშქარს“ უწოდებს! (ესაია 40:26). მაგრამ არსებობს სხვა ლაშქარიც, რომელიც უფრო აშკარად აჩვენებს იეჰოვას სიბრძნეს.

16 როგორც მეოთხე თავში განვიხილეთ, იეჰოვას „ლაშქართა ღმერთი“ ეწოდება, რადგან იგი ასობით მილიონი სულიერი ქმნილებისგან შემდგარი ლაშქრის უზენაესი მბრძანებელია. ეს იეჰოვას ძლიერების დადასტურებაა. მაგრამ სიბრძნე როგორღა ვლინდება? მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ: იეჰოვა და იესო ყოველთვის შრომობენ (იოანე 5:17). აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ უზენაესის მომსახურე ანგელოზებიც დღენიადაგ დაკავებული არიან. ნურც იმას დაივიწყებ, რომ ანგელოზები ადამიანებზე მაღალ საფეხურზე დგანან და მათზე ძლიერები და გონიერები არიან (ებრაელები 1:7; 2:7). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ ყველა ანგელოზი დაასაქმა. მათ უკვე მილიარდობით წლებია, რაც სასიამოვნო სამუშაო აქვთ — სიხარულით ასრულებენ მის სიტყვას და მის ნებას (ფსალმუნი 103:20, 21). რა საოცარ სიბრძნეს უნდა ფლობდეს ეს მმართველი!

იეჰოვაა ერთადერთი ბრძენი

17, 18. რატომ ამბობს ბიბლია, რომ იეჰოვაა ერთადერთი ბრძენი და რატომ გვინერგავს ასეთი სიბრძნე მოწიწების გრძნობას?

17 ასეთი მტკიცებების გათვალისწინებით, განა უნდა გვიკვირდეს ბიბლიის ნათქვამი, რომ იეჰოვას სიბრძნე უზენაესია?! მაგალითად, ის ამბობს, რომ იეჰოვაა ერთადერთი ბრძენი (რომაელები 16:27). მხოლოდ იეჰოვა ფლობს სიბრძნეს სრული გაგებით. ის არის ჭეშმარიტი სიბრძნის წყარო (იგავები 2:6). ამიტომაც იესო, რომელიც იეჰოვას ყველა დანარჩენ ქმნილებაზე ბრძენია, საკუთარ სიბრძნეს კი არ ეყრდნობოდა, არამედ მამის ნათქვამს იმეორებდა (იოანე 12:48—50).

18 ყურადღება მიაქციე, რა სიტყვებით გამოხატა მოციქულმა პავლემ იეჰოვას შეუდარებელი სიბრძნე: „რა განუზომელია ღვთის გულუხვობა, სიბრძნე და ცოდნა! ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომაელები 11:33). ამ სიტყვებით პავლემ ძლიერი გრძნობა — ღრმა მოწიწება — გამოხატა. აქ გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად „განუზომლად“ ითარგმნება, მიუთითებს დიდ სიღრმეზე და ახლოსაა სიტყვასთან „უფსკრული“. ამის შემდეგ, როდესაც პავლეს სიტყვებს ვკითხულობთ, თვალწინ ცოცხალი სურათი წარმოგვიდგება. როდესაც იეჰოვას სიბრძნეზე ვფიქრობთ, თითქოს უძირო და უკიდეგანო უფსკრულში ვიხედებით, რომელიც იმდენად ღრმა და ვრცელია, რომ თვალს ვერასოდეს მივაწვდენთ, მის გადმოცემაზე ან დაწვრილებით აღწერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ (ფსალმუნი 92:5). განა ეს მოკრძალებას არ გვინერგავს?

19, 20. ა) რატომ არის არწივი ღვთის სიბრძნის სათანადო სიმბოლო? ბ) როგორ აჩვენა იეჰოვამ, რომ მომავლის განჭვრეტა შეუძლია?

19 იეჰოვა ერთადერთი ბრძენი იმ გაგებითაც არის, რომ მხოლოდ მას შეუძლია მომავლის განსაზღვრა. გაიხსენეთ, ის შორსმხედველ არწივს იყენებს თავისი სიბრძნის სიმბოლურად გამოსახატავად. მთის არწივი მხოლოდ 5 კილოგრამს იწონის, მაგრამ თვალები ზრდასრული ადამიანის თვალებზე დიდი აქვს. არწივს საოცრად მახვილი მხედველობა აქვს; მას შეუძლია პაწაწინა მსხვერპლი ასობით მეტრიდან და კილომეტრებიდანაც კი შეამჩნიოს! იეჰოვამ ერთხელ არწივის შესახებ თქვა, რომ „მისი თვალი შორიდან ჭვრეტს“ (იობი 39:29). არწივის მსგავსად, იეჰოვასაც შეუძლია შორიდან განჭვრიტოს მომავალი!

20 ბიბლიაში ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტია. მასში ასობით წინასწარმეტყველებას ანუ წინასწარ დაწერილ ისტორიას ვკითხულობთ. ომების შედეგებზე, მსოფლიო იმპერიების აღზევებისა და დაცემის და მხედართმთავრების კონკრეტული საბრძოლო სტრატეგიის შესახებაც კი წინასწარმეტყველებდა ბიბლია და ზოგჯერ ასობით წლით ადრე (ესაია 44:25—45:4; დანიელი 8:2—8, 20—22).

21, 22. ა) რატომ არის საფუძველს მოკლებული დაასკვნა, რომ იეჰოვამ წინასწარ იცის, რა არჩევანს გააკეთებ ცხოვრებაში? მოიყვანე მაგალითი. ბ) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა სიბრძნეს უსიყვარულოდ არ იყენებს?

21 მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ღმერთმა წინასწარ იცის, რა არჩევანს გააკეთებ ცხოვრებაში? იმას, ვისაც ბედისწერის სჯერა, დარწმუნებულია, რომ ეს ასეა. მაგრამ ეს აზრი, სინამდვილეში, ჩრდილს აყენებს იეჰოვას სიბრძნეს, რადგან ეს ნიშნავს, თითქოს იგი ვერ აკონტროლებს მომავლის განჭვრეტის უნარს. თვალსაჩინოებისთვის, თუ სასიამოვნო და ლამაზი ხმა გაქვს, ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის, გინდა თუ არ გინდა, უნდა იმღერო? აბსურდია! ასევე, მართალია იეჰოვას შეუძლია ჩვენი მომავლის განსაზღვრა, მაგრამ ამას ყოველთვის არ აკეთებს. ეს ჩვენი ძვირფასი ძღვნის ანუ ნების თავისუფლების ხელყოფა იქნებოდა, რომელსაც იეჰოვა არასოდეს წაგვართმევს (კანონი 30:19, 20).

22 ყველაზე უარესი კი ისაა, რომ, ვისაც ბედისწერის სჯერა, ფიქრობს, რომ ყველა უბედურების მიღმა ღმერთი დგას და სიბრძნეს უსიყვარულოდ იყენებს. მაგრამ ამაზე დიდი სიცრუე, ალბათ, არ არსებობს! ბიბლია გვასწავლის, რომ იეჰოვა ბრძენია (იობი 9:4). ზოგ თარგმანში გამოყენებულია სიტყვა „გულბრძენი“. აქ სიტყვა-სიტყვით გულზე არ არის საუბარი, მაგრამ ბიბლიაში ხშირად ვხვდებით ამ სიტყვას მოტივებისა და გრძნობების, მაგალითად სიყვარულის, აღსაწერად. ასე რომ, იეჰოვას სიბრძნეს, ისევე როგორც მის სხვა თვისებებს, სიყვარული მართავს (1 იოანე 4:8).

23. რის კეთებისკენ უნდა აღგვძრას იეჰოვას აღმატებულმა სიბრძნემ?

23 ბუნებრივია, რომ იეჰოვას სიბრძნე სრულიად საიმედოა. ის იმდენად აღემატება ჩვენს სიბრძნეს, რომ ღვთის სიტყვა სიყვარულით მოგვიწოდებს: „მთელი გულით მიენდე იეჰოვას და საკუთარ გონებას ნუ დაენდობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის მოგისწორებს სავალს“ (იგავები 3:5, 6). მოდი კიდევ უფრო გამოვიკვლიოთ იეჰოვას სიბრძნე, რათა ჩვენს ყოველმხრივ ბრძენ ღმერთს დავუახლოვდეთ.