თავი 3
გულისტკივილი — როცა „ჩივილის მიზეზი“ გვაქვს
„ჩემს კრებაში ერთმა დამ დამაბრალა, რომ ფული მოვპარე. ეს ამბავი კრებაში სხვებმაც გაიგეს. ზოგმა ჩემი მხარე დაიჭირა, ზოგმაც — მისი. ბოლოს იმ დამ მითხრა, რომ ყველაფერი გაარკვია და ჩემი ბრალი არ ყოფილა. მართალია, ბოდიში მომიხადა, მაგრამ იმის მერე, რაც გამოვიარე, მეგონა, ვერასდროს ვაპატიებდი“ (ლინდა).
ლინდას მსგავსად შენთვისაც ხომ არ უტკენია გული თანამორწმუნეს? სამწუხაროდ, ზოგზე იმდენად ცუდად იმოქმედა სხვების საქციელმა, რომ ეს მათ სულიერობაზე უარყოფითად აისახა. შეიძლება შენს შემთხვევაშიც ასე მოხდა.
ვინ „ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს“?
ფაქტია, შეიძლება გაგვიჭირდეს იმ თანამორწმუნის პატიება, რომელმაც გული გვატკინა. მაგრამ ქრისტიანებს ხომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი?! (იოანე 13:34, 35). თუ თანამორწმუნე ცუდად გექცევა, შეიძლება გული ძალიან გეტკინოს და იქამდეც კი მიხვიდე, რომ სულიერად და ემოციურად გამოიფიტო (ფსალმუნი 55:12, 13).
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ზოგჯერ ქრისტიანებს აქვთ „ჩივილის მიზეზი“ (კოლოსელები 3:13). როცა მსგავსი ფაქტის წინაშე პირადად ვდგებით, ამ დროს განსაკუთრებით გვიჭირს საღად აზროვნება. რა უნდა გვახსოვდეს? განვიხილოთ სამი ბიბლიური პრინციპი.
ჩვენი ზეციერი მამა ყველაფერს ხედავს. იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარება. ის ხედავს ჩვენს გულისტკივილს, როცა უსამართლობის მსხვერპლი ვხდებით (ებრაელები 4:13). ამასთანავე, იეჰოვა თანაგვიგრძნობს (ესაია 63:9). ღმერთი არასოდეს დაუშვებს, რომ გასაჭირმა, ვაებამ ან თუნდაც თანაქრისტიანმა მის სიყვარულს ჩამოგვაშოროს (რომაელები 8:35, 38, 39). მოდი, მივბაძოთ იეჰოვას და არავის და არაფერს მივცეთ უფლება, ჩვენსა და მას შორის ჩადგეს!
პატიება თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. როდესაც ვპატიობთ მათ, ვინც ცუდად გვექცევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაუბრალოებთ, ვამართლებთ ან თვალს ვხუჭავთ მათ საქციელზე. გახსოვდეს, რომ იეჰოვა არასოდეს იწყნარებს ცოდვას, თუმცა პატიობს შემცოდველს, თუ ის გულწრფელად ინანიებს (ფსალმუნი 103:12, 13; აბაკუმი 1:13). როდესაც იეჰოვა მოგვიწოდებს, მიმტევებლები ვიყოთ, ფაქტობრივად გვთხოვს, რომ მას მივბაძოთ. იეჰოვა მარადიულად არ გვინაწყენდება (ფსალმუნი 103:9; მათე 6:14).
თუ წყენას გულში არ ჩავიტოვებთ, ეს ჩვენთვისვე იქნება კარგი. რატომ ვამბობთ ამას? წარმოიდგინე, რომ ქვა გაშლილი მკლავით გიჭირავს. ცოტა ხნით მისი დაჭერა, ალბათ, არ გაგიჭირდება. მაგრამ, თუ რამდენიმე წუთით, ერთი საათით ან უფრო მეტი ხნით გეჭირება, რა თქმა უნდა, მკლავი ძალიან დაგეღლება. ცხადია, ქვის წონა იგივე რჩება, მაგრამ, რაც უფრო დიდხანს გიჭირავს, მით უფრო მძიმე გეჩვენება. ასე ხდება მაშინაც, როცა გულში წყენას ვიტოვებთ, თუნდაც პატარას. რაც უფრო დიდხანს ვატარებთ გულით წყენას, მით უფრო ვვნებთ საკუთარ თავს. ამიტომაც მოგვიწოდებს იეჰოვა, რომ გავთავისუფლდეთ ბოღმისგან. ეს ჩვენთვისვეა კარგი (იგავები 11:17).
„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იეჰოვა პირადად დამელაპარაკა“
რა დაეხმარა ლინდას, გულში წყენა არ ჩაეტოვებინა და თანაქრისტიანისთვის ეპატიებინა? უმთავრესად, ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება (ფსალმუნი 130:3, 4). ლინდაზე განსაკუთრებით იმ აზრმა მოახდინა გავლენა, რომ, თუ ჩვენ ვაპატიებთ სხვებს, იეჰოვაც გვაპატიებს (ეფესოელები 4:32—5:2). მან თქვა: „ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იეჰოვა პირადად დამელაპარაკა“.
დროთა განმავლობაში ლინდამ წყენა დაივიწყა. მან მთელი გულით აპატია მწყენინებელს. დღეს ისინი კარგი მეგობრები არიან. ლინდა ღვთის მსახურებაშიც აქტიურად ჩაება. იეჰოვა შენც დაგეხმარება.