თავი 1
„დაკარგულს მოვძებნი“
ცხვარი ბალახის ძოვას შეჰყვა და ფარას ჩამოშორდა. ის ვეღარც სხვა ცხვრებს ხედავს და ვეღარც მწყემსს. თანაც უკვე ბინდდება და შეიძლება ნადირის ლუკმადაც იქცეს. უეცრად მწყემსის ნაცნობი ხმა ჩაესმის, რომელიც პოულობს მას, ხელში აჰყავს, მოსასხამში ახვევს და ფარაში აბრუნებს.
იეჰოვა თავის თავს სწორედ ასეთ მწყემსს ადარებს. ის გვარწმუნებს: „მე თავად მოვძებნი ჩემს ცხვარს და თავადვე ვიზრუნებ მათზე“ (ეზეკიელი 34:11, 12).
ღვთის მზრუნველ კალთას შეფარებულნი
ვინ არის იეჰოვას ცხვარი? მარტივად რომ ვთქვათ, იეჰოვას ცხვარი არის ყველა, ვისაც უყვარს იგი და თაყვანს სცემს მას. ბიბლიაში ნათქვამია: „თაყვანი ვცეთ და პირქვე დავემხოთ მის წინაშე; მუხლი მოვიყაროთ იეჰოვას, ჩვენი შემოქმედის წინაშე! ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი ხალხი ვართ, მისი ფარის ცხვარი“ (ფსალმუნი 95:6, 7). როგორც მწყემსს მიჰყვება ცხვარი, ისე იეჰოვას მიჰყვებიან მისი თაყვანისმცემლები. თუმცა ისინი უშეცდომონი არ არიან. ღვთის მსახურები ზოგჯერ გაფანტული, დაკარგული და გზააბნეული ცხვრებივით არიან (ეზეკიელი 34:12; მათე 15:24; 1 პეტრე 2:25). როცა ცხვარი ფარას შორდება, იეჰოვა იმედს არ კარგავს, რომ ის დაბრუნდება.
კვლავაც შენს მწყემსად თვლი იეჰოვას? როგორ გვარწმუნებს ის, რომ ჩვენი მწყემსია? განვიხილოთ სამი მხარე.
სულიერად გვკვებავს. „საუკეთესო საძოვარზე მოძოვენ, — ამბობს იეჰოვა. — დაწვებიან საუკეთესო საძოვრებზე და . . . საუკეთესო საძოვრებზე გამოიკვებებიან“ (ეზეკიელი 34:14). იეჰოვა არასოდეს გვაკლებს ჯანსაღ, მრავალფეროვან და დროულ სულიერ საზრდოს. გახსენდება რომელიმე სტატია, მოხსენება ან ფილმი, რომლის მეშვეობითაც იეჰოვამ ლოცვაზე გიპასუხა? თუკი ასეა, ალბათ, დარწმუნდებოდი, რომ ღმერთი პირადად შენზე ზრუნავს.
გვიცავს და გვეხმარება. იეჰოვა გვპირდება: „გზააბნეულს დავაბრუნებ, დაშავებულს სახვევებს დავადებ და დასუსტებულს მოვაძლიერებ“ (ეზეკიელი 34:16). იეჰოვა აძლიერებს დასუსტებულებსა და საზრუნავით დამძიმებულებს. ის თავის ცხვარს იარებს უხვევს და უშუშებს ჭრილობას, რომელიც შესაძლოა თანაქრისტიანმა მიაყენა. იეჰოვა ფარაში აბრუნებს მას, ვინც გზას ასცდა ან ვინც უარყოფით გრძნობებს ებრძვის.
პირადად არის დაინტერესებული ჩვენი კეთილდღეობით. „გამოვკრებ მათ იმ ადგილებიდან, სადაც გაიფანტნენ, — ამბობს იეჰოვა. — დაკარგულს მოვძებნი“ (ეზეკიელი 34:12, 16). გზააბნეული ცხვარი იეჰოვასთვის დაკარგული არ არის. ის ყოველთვის ამჩნევს, რომ მის ფარას ცხვარი აკლია; ეძებს მას და როცა პოულობს, ხარობს (მათე 18:12—14). ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს იეჰოვა ხომ თავის ცხვრებად მოიხსენიებს (ეზეკიელი 34:31). დარწმუნებული იყავი, რომ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ!
გზააბნეული ცხვარი იეჰოვასთვის დაკარგული არ არის. ის ხარობს, როცა პოულობს მას!
„დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც უწინ“
რატომ გეძებს იეჰოვა და რატომ უნდა, რომ დაუბრუნდე? მას შენი ბედნიერება სურს. ის თავის ცხვარს ჰპირდება, რომ მათზე კურთხევები „წვიმასავით წამოვა“ (ეზეკიელი 34:26). ეს არ არის ფუჭი დანაპირები. ალბათ, თავადაც არაერთხელ დარწმუნებულხარ ამაში.
გაიხსენე დრო, როცა იეჰოვა გაიცანი. რა გრძნობა დაგეუფლა, როდესაც გაიგე, რა ჰქვია ღმერთს და რას ჰპირდება ადამიანებს? გახსოვს, როგორ ხარობდი და-ძმებთან ერთად კონგრესებზე ან როგორი ბედნიერი და კმაყოფილი ბრუნდებოდი შინ, როცა სასიხარულო ცნობას ვინმე დადებითად ეხმაურებოდა?
შენ დაიბრუნებ ამ სიხარულს! ძველად ღვთის მსახურები ასე ლოცულობდნენ: „იეჰოვა, დაგვაბრუნე შენთან და ჩვენც სიხარულით დაგიბრუნდებით! დაე ყველაფერი ისე იყოს, როგორც უწინ“ (გოდება 5:21). ღმერთმა შეისმინა მათი ლოცვა — ისინი დაუბრუნდნენ მას და კვლავაც სიხარულით განაგრძეს მსახურება (ნეემია 8:17). იეჰოვა შენც დაგეხმარება.
იეჰოვასთან დაბრუნება სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად — არც ისე იოლი. განვიხილოთ, რა სიძნელეები ახლავს თან იეჰოვასთან დაბრუნებას და რა დაგეხმარება მათ გადალახვაში.