არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 5

დაუბრუნდით „თქვენს მწყემსსა და ზედამხედველს“

დაუბრუნდით „თქვენს მწყემსსა და ზედამხედველს“

თუ ამ ბროშურაში განხილული რომელიმე სირთულის პირისპირ დგახარ, გახსოვდეს, რომ მარტო არა ხარ. მსგავს პრობლემებს ბევრი ქრისტიანი ხვდება. ასეთი სირთულეები არც ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურებისთვის იყო უცხო. მათ იეჰოვა ედგა მხარში და იმავეს გააკეთებს შენს შემთხვევაშიც.

გჯეროდეს, რომ იეჰოვა სიხარულით მიგიღებს!

გჯეროდეს, რომ იეჰოვა სიხარულით მიგიღებს! იგი დაგეხმარება, გული არ დაგიმძიმოს საფიქრალმა, დაძლიო გულისტკივილი, დაიბრუნო სუფთა სინდისი და იგრძნო შინაგანი სიმშვიდე. კვლავ გაგიჩნდება სურვილი, თანაქრისტიანებთან ერთად ემსახურო იეჰოვას. შედეგად, შენზეც გამართლდება პავლე მოციქულის სიტყვები: „გზააბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კი თქვენს მწყემსსა და ზედამხედველს დაუბრუნდით“ (1 პეტრე 2:25).

იეჰოვასთან დაბრუნება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან გულს გაუხარებ ზეციერ მამას (იგავები 27:11). იეჰოვას გრძნობები აქვს და მისთვის სულერთი არ არის ჩვენი საქციელი. ცხადია, ის არ გვაძალებს მსახურებას, რადგან სურს, რომ მთელი გულით გვიყვარდეს (კანონი 30:19, 20). ერთმა ბიბლეისტმა თქვა: „ადამიანის გულისკარს სახელური გარედან არა აქვს. მისი გაღება მხოლოდ შიგნიდან შეიძლება“. თუ იეჰოვას მსახურებისკენ სიყვარული აღგვძრავს, ჩვენს გულისკარს ვუღებთ და უძვირფასეს საჩუქარს, ერთგულებას ვუძღვნით, რითაც უდიდეს სიხარულს ვანიჭებთ. როდესაც იეჰოვას მისთვის საკადრისად ვცემთ თაყვანს, დიდ ბედნიერებას განვიცდით, რასაც ვერაფერი შეედრება! (საქმეები 20:35; გამოცხადება 4:11).

თუ კვლავ ჩაებმები ქრისტიანულ მსახურებაში, სულიერ მოთხოვნილებებს დაიკმაყოფილებ (მათე 5:3). ბევრს უჩნდება კითხვა: „რატომ ვარსებობთ?“. ისინი ცდილობენ, გაიგონ, რა არის სიცოცხლის აზრი. ადამიანებში ეს მოთხოვნილება იეჰოვამ ჩადო. მან ისე შეგვქმნა, რომ მისადმი მსახურება კმაყოფილებას გვანიჭებდეს. როდესაც იეჰოვას მთელი გულით ვცემთ თაყვანს, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს (ფსალმუნი 63:1—5).

იეჰოვას ძალიან უნდა, რომ დაუბრუნდე. ამაში ეჭვი არასდროს შეგეპაროს! ჩვენ ბევრი ვილოცეთ და გულდასმით მოვამზადეთ ეს ბროშურა, რომელიც შესაძლოა ქრისტიანმა უხუცესმა ან თანამორწმუნემ გადმოგცა. ახლა შენ კითხულობ ამ ბროშურას და მასში ჩაწერილი აზრები გულთან ახლოს მიგაქვს. ეს ყოველივე იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვას არ დავიწყებიხარ და სიყვარულით გიხმობს! (იოანე 6:44).

მანუგეშებელია, რომ იეჰოვა არასოდეს ივიწყებს თავის დაკარგულ ცხვარს. ეს საკუთარ თავზე გამოსცადა დონამ, რომელიც ამბობს: «ჭეშმარიტებას ნელ-ნელა ჩამოვცილდი, მაგრამ ხშირად მახსენდებოდა 139-ე ფსალმუნის 23-ე და 24-ე მუხლებში ჩაწერილი სიტყვები: „გამომიკვლიე, ღმერთო, და შეიცანი ჩემი გული. შემამოწმე და ნახე, რა მიფორიაქებს სულს. ნახე, ისეთი რამ ხომ არ არის ჩემში, რაც ზიანს მომიტანდა, და წამიძეხი მარადიულობის გზაზე!“. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ადგილი ქვეყნიერებაში კი არა, ღვთის ორგანიზაციაში იყო. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. უბრალოდ მასთან დასაბრუნებელი გზა უნდა მეპოვა. ბედნიერი ვარ, რომ ასეც მოვიქეცი!».

„დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ იეჰოვას არასდროს მივუტოვებივარ. უბრალოდ მასთან დასაბრუნებელი გზა უნდა მეპოვა“.

ვლოცულობთ, რომ კიდევ ერთხელ შეიგრძნო „იეჰოვასგან მომდინარე სიხარული“ (ნეემია 8:10). იეჰოვასთან დაბრუნებას არასოდეს ინანებ!