არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხელმძღვანელი საბჭოს წერილი

ხელმძღვანელი საბჭოს წერილი

ძვირფასო თანამორწმუნევ!

როგორც იცი, ბიბლიაში ბევრი ადამიანის ისტორიაა მოთხრობილი, რომელთა უმეტესობაც ღვთის ერთგული მსახური იყო და ისეთივე სირთულეებს ხვდებოდა, როგორსაც ჩვენ; ისინიც ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ (იაკობი 5:17, იხ. სქ.). ზოგს სხვადასხვა პრობლემა თუ საწუხარი ამძიმებდა, ზოგს ოჯახის წევრები და თანამორწმუნეები სტკენდნენ გულს, ზოგსაც დანაშულის გრძნობა ტანჯავდა.

მართალია, ღვთის ზოგ მსახურს გზა აებნა, მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ საბოლოოდ აქციეს ზურგი იეჰოვას? მათი უმეტესობა ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორშიც ფსალმუნმომღერალი, რომელიც ლოცულობდა: „დაკარგული ცხვარივით დავეხეტები. მოძებნე შენი მსახური, მე ხომ არ დამვიწყებია შენი მცნებები!“ (ფსალმუნი 119:176). ალბათ, შენთვისაც ნაცნობია ეს განცდა.

იეჰოვას ყოველთვის ახსოვს თავისი თაყვანისმცემლები, რომლებიც მის ფარას ჩამოშორდნენ. მეტიც, თავისკენ უხმობს მათ და ხშირად ამას თავისი მსახურების მეშვეობით აკეთებს. გავიხსენოთ, როგორ დაეხმარა იეჰოვა იობს, რომელმაც მრავალი გასაჭირი გამოიარა. მას დიდი ზარალი მიადგა, დაკარგა საყვარელი ადამიანები და მძიმე სენი შეეყარა. გარდა ამისა, იობი გულსატკენ სიტყვებს ისმენდა მათგან, ვისგანაც მხარდაჭერას ელოდა. მართალია, რაღაც დროის მანძილზე მას მცდარი თვალსაზრისი განუვითარდა, მაგრამ იეჰოვასთვის ზურგი არ შეუქცევია (იობი 1:22; 2:10).

იობისთვის აზროვნება რომ შეესწორებინა, იეჰოვამ თავისი მსახური ელიჰუ გამოიყენა. როდესაც იობმა თავისი საწუხარი გაუზიარა, ელიჰუმ გულისყურით მოუსმინა მას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვა საკუთარი აზრი. ხომ არ გააკრიტიკა ელიჰუმ იობი ან დამნაშავედ ხომ არ აგრძნობინა თავი? ხომ არ თვლიდა ელიჰუ, რომ იობზე უკეთესი იყო? არამც და არამც! ღვთის სულით აღძრულმა იობს უთხრა: „ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც. მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი“, შემდეგ კი გაამხნევა: „ჩემი არ შეგეშინდეს, არაფრით არ დაგამძიმებ“ (იობი 33:6, 7). ელიჰუმ ისედაც გულდამძიმებულ იობს უფრო კი არ დაუმძიმა გული, სიყვარულით მისცა რჩევა და გაამხნევა, რაც მას იმ წუთში ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

ვიდრე ამ ბროშურას გამოვცემდით, ყურადღებით მოვუსმინეთ და-ძმებს, რომლებიც ღვთის ფარას ჩამოშორდნენ; ვიმსჯელეთ მათ მდგომარეობასა თუ საწუხარზე (იგავები 18:13). შემდეგ ვილოცეთ და ბიბლიიდან შევიხსენეთ ღვთის იმ ერთგული მსახურების მაგალითები, რომლებიც მსგავს მდგომარეობაში იყვნენ. ბოლოს ბიბლიურ ისტორიებსა და თანამედროვე შემთხვევებს ამ ბროშურაში მოვუყარეთ თავი. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნო ამ ბროშურას. გვინდა, დაგარწმუნოთ ჩვენს სიყვარულში!

იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭო