აქვს მნიშვნელობა, რისი გვჯერა?
როგორ ფიქრობთ, აქვს სიცოცხლეს აზრი? ევოლუციონისტი უილიამ პროვაინი ამბობს: „რასაც ევოლუციური პროცესების შესახებ ვიგებთ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და სერიოზულ გავლენას ახდენს სიცოცხლის აზრისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე“. რა დასკვნამდე მივიდა ის? „მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ ადამიანისა და სამყაროს არსებობაში“.32
მოდი ვიმსჯელოთ, რა იგულისხმება ამ სიტყვებში. თუ სიცოცხლეს აზრი არა აქვს, მაშინ ისღა გვრჩება, რომ სიკეთე ვაკეთოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებები, სიკვდილისას კი სამუდამოდ შევწყვიტოთ არსებობა. გამოდის, რომ მხოლოდ ბუნების წყალობით გვაქვს ტვინი, რომელსაც აზროვნების, მსჯელობისა და სიცოცხლის აზრზე ფიქრის უნარი აქვს.
მაგრამ ამ სიტყვებში უფრო მეტი იგულისხმება. ევოლუციის მომხრეებს სჯერათ, რომ ღმერთი არ არსებობს, ან თუ არსებობს, ადამიანების ცხოვრებაში არ ერევა. გამოდის, რომ ჩვენი მომავალი დამოკიდებულია პოლიტიკოსებზე, მეცნიერებსა და რელიგიურ წინამძღოლებზე. წარსულით თუ ვიმსჯელებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში ქაოსი, კონფლიქტები და მორალური დეგრადაცია ყოველთვის იარსებებს. ევოლუციის თეორია მართალი რომ ყოფილიყო, გამართლებული იქნებოდა შემდეგი დევიზით ცხოვრება: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორინთელები 15:32).
მაგრამ ბიბლიაში წერია: „[ღმერთო] შენთან არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). ამ სიტყვებში ბევრი რამ იგულისხმება.
თუ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები სიმართლეა, მაშინ სიცოცხლეს ნამდვილად აქვს აზრი. ჩვენს შემოქმედს შესანიშნავი რამ აქვს ჩაფიქრებული მათთვის, ვისაც მის მოსაწონად ცხოვრება სურს (ეკლესიასტე 12:13). ღმერთი ადამიანებს ჰპირდება ცხოვრებას ისეთ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ იქნება სიკვდილი კონფლიქტები, ქაოსი და უზნეობა (ფსალმუნი 37:10, 11; ესაია 25:6—8).
მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დაადასტურებს იმას, რომ სიცოცხლეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა ვეცნობით ღმერთს და ვემორჩილებით მას (იოანე 17:3). ასეთი რწმენა მხოლოდ ოცნება როდია. ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ სიცოცხლეს გონიერმა შემოქმედმა მისცა დასაბამი.