არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ შექმნა თავდაპირველად?

ვინ შექმნა თავდაპირველად?

ბოლო წლებში მეცნიერები და ინჟინრები, პირდაპირი გაგებით, მცენარეებისა და ცხოველებისგან სწავლობენ (იობი 12:7, 8). ისინი იკვლევენ სხვადასხვა ქმნილების აგებულებას და მათ იმიტაციას ახდენენ. მეცნიერების ამ დარგს ბიონიკა ეწოდება. მისი ამოცანაა, შექმნას ახალი პროდუქცია და გააუმჯობესოს უკვე არსებული მექანიზმები. ქვემოთ მოყვანილი მაგალითების განხილვისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: სინამდვილეში ვინ იმსახურებს ქებას ასეთი საუცხოო კონსტრუქციების შექმნისთვის?

ვეშაპის ფარფლები

ავიაკონსტრუქტორებს კუზა ვეშაპისგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. ზრდასრული ვეშაპი დაახლოებით 30 ტონას იწონის — იმდენს, რამდენსაც დატვირთული სატვირთო მანქანა. ვეშაპს შედარებით მოუქნელი სხეული აქვს და დიდი ფრთისმაგვარი ფარფლები. მიუხედავად ამისა, ეს 12-მეტრიანი ცხოველი საკმაოდ სხარტად მოძრაობს წყალში.

მეცნიერები განსაკუთრებით დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ ახერხებს ეს ტლანქი ცხოველი მკვეთრი წრიული მოძრაობების შესრულებას. მათ აღმოაჩინეს, რომ საიდუმლო ვეშაპის ფარფლებში იმალება. ვეშაპის ფარფლების წინა ნაწილი თვითმფრინავის ფრთისგან განსხვავებით, გლუვი არ არის — ის დაკბილულია და ამობურცული ხორკლების ზოლი გასდევს.

წყალში სწრაფად გადაადგილებისას ხორკლები ხელს უწყობს ამწევი ძალის ზრდას და წყლის წინაღობის შემცირებას. როგორ? ერთ საბუნებისმეტყველო ჟურნალში აღნიშნულია, რომ ხორკლების მეშვეობით წყლის ნაკადი თანაბრად ნაწილდება ფარფლებს ზემოთ მაშინაც კი, თუ ვეშაპი მკვეთრ მოძრაობებს აკეთებს (Natural History).10

ვის ეკუთვნის ბუნების „პატენტი“?

რაში გამოადგებათ მეცნიერებს ეს აღმოჩენა? კუზა ვეშაპის ფარფლების პრინციპით აგებული თვითმფრინავის ფრთებს, ჰაერის ნაკადის დასარეგულირებლად, უფრო ნაკლები ფრთაუკანები თუ სხვა მოწყობილობები დასჭირდება. ასეთი ფრთები უსაფრთხო იქნება და ნაკლები მოვლა დასჭირდება. ბიომექანიკოს ჯონ ლონგის აზრით, მალე „ყველა რეაქტიული თვითმფრინავის ფრთებს ექნება ისეთივე ხორკლები, როგორიც კუზა ვეშაპის ფარფლებზეა“.11

თოლიას ფრთები

თვითმფრინავის ფრთები ფრინველების ფრთებზე დაკვირვების შედეგად არის შექმნილი. მიუხედავად ამისა, ამ ბოლო დროს ინჟინრებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს. ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“ ნათქვამია: „ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შექმნეს დისტანციური მართვის საფრენი აპარატის მოდელი, რომელსაც თოლიას მსგავსად შეუძლია ილივლივოს, ელვის სისწრაფით დაეშვას ქვემოთ და შემდეგ ჰაერში აიჭრას“.12

თოლიები ასეთ შთამბეჭდავ მკვეთრ მოძრაობებს იმის წყალობით ასრულებენ, რომ ფრთებს ბეჭის სახსართან და იდაყვთან ხრიან. იმავე ჟურნალში ნათქვამია, რომ თოლიას მოქნილი ფრთების მიბაძვით ინჟინრებმა შექმნეს „საფრენი აპარატის 60-სანტიმეტრიანი მოდელი, რომელშიც პატარა მოტორი აკონტროლებს ფრთების მამოძრავებელ მეტალის რამდენიმე ღერძს“. ასეთი ფრთები ამ პატარა საფრენ აპარატს ჰაერში ლივლივისა და მაღალ შენობებს შორის პიკირების საშუალებას აძლევს. საჰაერო ძალების წარმომადგენლებს სურთ, შექმნან ადვილმანევრირებადი საჰაერო ხომალდები დიდ ქალაქებში ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აღმოსაჩენად.

თოლიას კიდურები

თოლიას კიდურები ყინულზეც კი არ ეყინება. როგორ ინარჩუნებს მისი სხეული სითბოს? ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმ საოცარი მექანიზმით, რომელიც ცივ რეგიონებში მობინადრე ცხოველებს აქვთ განვითარებული. ეს ურთიერთსაწინააღმდეგოდინებიანი თბოგამცვლელი სისტემის მოქმედებით აიხსნება.

სითბო გადაეცემა და სხეულში რჩება. სიცივე ფეხებში რჩება.

რა არის ურთიერთსაწინააღმდეგოდინებიანი თბოგამცვლელი სისტემა? წარმოიდგინეთ ორი ერთმანეთზე მიტყუპებული მილი. აქედან ერთში თბილი წყალი მიედინება, მეორეში — ცივი. როდესაც მილებში სითხე ერთი და იმავე მიმართულებით მიედინება, ერთი მილიდან მეორეს სითბოს მხოლოდ 50 პროცენტი გადაეცემა. მაგრამ, როცა მილებში სითხე ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მიედინება, მაშინ ერთი მილიდან მეორეს სითბოს თითქმის 100 პროცენტი გადაეცემა.

როცა თოლია ყინულზე დგას, თბოგამცვლელი სისტემის საშუალებით კიდურებიდან ზემოთ მიმავალი სისხლი ნელ-ნელა თბება. თბოგამცვლელი სისტემა სითბოს უნარჩუნებს ფრინველის სხეულს და ხელს უშლის კიდურებიდან სითბოს დაკარგვას. ართურ ფრაასმა, საავიაციო ინჟინერ-მექანიკოსმა ამ სისტემას „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეგენერატიული თბოგადამცემი სისტემა“ უწოდა.13 ეს სისტემა იმდენად უნიკალურია, რომ ინჟინრებმაც დანერგეს ის პრაქტიკაში.

ვისი დამსახურებაა ეს ყოველივე?

მცირე აეროდინამიკური წინააღმდეგობის მქონე ავტომობილი, რომელსაც ხოკერა თევზის ფორმა აქვს

შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია მუშაობს მრავალფეხა რობოტის შექმნაზე, რომელიც მორიელის მსგავსად იმოძრავებს. ფინელმა ინჟინრებმა გამოიგონეს ექვსფეხა ტრაქტორი, რომელსაც უზარმაზარი მწერის მსგავსად შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა. სხვა მკვლევარებმა შექმნეს ქსოვილი მიკროსკოპული სარქველებით, რომლებიც ფიჭვის გირჩზე არსებული ქერცლის მსგავსად იხსნება და იხურება. ასეთი ქსოვილი სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ავტომობილების მწარმოებლები მუშაობენ მანქანის ისეთ მოდელზე, რომელსაც ხოკერა თევზის მსგავსად მცირე აეროდინამიკური წინააღმდეგობა ექნება. სხვა მეცნიერები იკვლევენ ერთ-ერთი მოლუსკის ამორტიზაციის უნარს, რათა შექმნან უფრო მსუბუქი და მტკიცე ტყვიაგაუმტარი ჟილეტები.

დელფინის სონარი გაცილებით დახვეწილია, ვიდრე ადამიანის მიერ შექმნილი მოწყობილობა

ბუნება იმდენ კარგ იდეას გვთავაზობს, რომ მეცნიერებმა შექმნეს მონაცემთა ბაზა, რომელშიც უკვე შეიტანეს ათასობით ბიოლოგიური სისტემა. მონაცემთა ეს ბაზა საშუალებას მისცემს მეცნიერებს, „ახალი გამოგონებებისთვის ბუნებას დაესესხონ“, — ნათქვამია ჟურნალ „ეკონომისტში“. ამ ბაზაში შესული ბუნებრივი სისტემები „ბიოლოგიური პატენტების“ სახელით არის ცნობილი. როგორც წესი, ამ პატენტების მფლობელი არის რომელიმე პირი ან კომპანია, რომელიც ოფიციალურად აცხადებს ახალი იდეისა თუ გამოგონების შესახებ. მონაცემთა ბაზაში არსებულ „ბიოლოგიურ პატენტებთან“ დაკავშირებით ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამია: «იმით, რომ მკვლევარებმა ბიონიკურ გამოგონებებს „ბიოლოგიური პატენტები“ უწოდეს, მათ ცხადყვეს, რომ ფაქტობრივად ამ პატენტების მფლობელი ბუნებაა».14

მეცნიერები ცდილობენ გამოიყენონ მოლუსკ ჰალიოტისის ნიჟარის ამორტიზაციის უნარი

საიდან აქვს ბუნებას ამდენი საოცარი იდეა? ბევრი მკვლევარის აზრით, ბუნებაში არსებული უამრავი სასწაული მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციური ცდებისა და შეცდომების შედეგია. მაგრამ არიან მეცნიერები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ დასკვნას აკეთებენ. „ნიუ-იორკ ტაიმზის“ 2005 წლის 7 თებერვლის ნომერში დაიბეჭდა მიკრობიოლოგ მაიკლ ბიჰის სიტყვები: „ბუნება იმაზე მოწმობს, რომ ეს ყველაფერი გონივრული ჩანაფიქრის შედეგია, ამიტომ შეგვიძლია შემდეგი არგუმენტის მოყვანა: თუ ვხედავთ, რომ რაიმე ძალიან ჰგავს იხვს, მასავით დადის და ყიყინებს, და არანაირი საწინააღმდეგო მოსაზრება არ გაგვაჩნია, უნდა დავასკვნათ, რომ ის იხვია“. რისი თქმა უნდოდა ამით ბიჰის? „თუ ყველაფერი ასე ცხადია, რატომღა უნდა უარვყოთ ის ფაქტი, რომ ბუნება გონივრული ჩანაფიქრის შედეგია“.15

მოლეკულური ძალების წყალობით გეკონს ყველაზე გლუვ ზედაპირსაც შეუძლია მიეკრას

ინჟინერი, რომელმაც გამოიგონა უსაფრთხო და უფრო ეფექტური თვითმფრინავის ფრთა, აღიარებას იმსახურებს. მოხერხებული ქსოვილის ან მრავალფუნქციური ავტომობილის გამომგონებლებიც ქებას იმსახურებენ. მაგრამ მეწარმე, რომელიც ითვისებს სხვის იდეას და არღვევს საავტორო უფლებებს, დამნაშავედ ითვლება.

გონივრულად მიგაჩნიათ, რომ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები რთული საინჟინრო პრობლემების გადასაჭრელად ბუნებისგან სესხულობენ გენიალურ იდეებს მაშინ, როცა ბუნების არსებობას ინტელექტს მოკლებულ ევოლუციას მიაწერენ? თუ იმიტაციას სჭირდება დიზაინერი, რა შეიძლება ითქვას ორიგინალზე? ვინ უფრო მეტ პატივს იმსახურებს, მთავარი ინჟინერი თუ მისი შეგირდი, რომელიც მას ჰბაძავს?

ლოგიკური დასკვნა

მრავალი ადამიანი, რომელიც აშკარად ხედავს ბუნებაში შემოქმედის ხელს, ეთანხმება პავლე მოციქულის სიტყვებს: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:19, 20).