პირადად თქვენ რისი გჯერათ?
ფუნდამენტალისტებს სჯერათ, რომ დედამიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, რამდენიმე ათასწლეულის წინ ექვს 24-საათიან დღეში შეიქმნა. ათეისტები კი ირწმუნებიან, რომ ღმერთი არ არსებობს, ბიბლია ზღაპრების წიგნია, სიცოცხლე კი უმართავი და შემთხვევითი პროცესების შედეგია.
ადამიანთა უმეტესობა ამ ორ ურთიერთგამომრიცხავ შეხედულებას შორის მერყეობს. შესაძლოა თქვენც მათ შორის ხართ. შეიძლება გწამთ ღმერთი და აფასებთ ბიბლიას, მაგრამ ამავე დროს იზიარებთ იმ გამოჩენილი მეცნიერების აზრს, რომლებსაც სჯერათ, რომ სიცოცხლე არავის შეუქმნია. თუ შვილები გყავთ, ალბათ ფიქრობთ, რა უპასუხოთ, როცა ისინი შემოქმედებაზე და ევოლუციაზე გეკითხებიან.
რა არის ამ ბროშურის მიზანი?
ამ ბროშურის მიზანი არ არის მათი გაკრიტიკება, ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს შემოქმედებაზე ან საერთოდ არ სწამს ღვთის არსებობის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ბროშურა დაგეხმარებათ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, რაზეა თქვენი მრწამსი დაფუძნებული. მასში განხილულია ბიბლიაში აღწერილი სამყაროს შექმნის პროცესი, რომელზეც შესაძლოა ადრე არც დაფიქრებულხართ. ამ ბროშურაში ისიც არის ახსნილი, რატომ უნდა გვქონდეს სწორი წარმოდგენა სიცოცხლის წარმოშობაზე.
თქვენც ეთანხმებით მათ, ვინც ამბობს, რომ გონიერი შემოქმედი არ არსებობს და ბიბლია არ არის სანდო? იქნებ გამოგეკვლიათ, რას ამბობს ბიბლია სინამდვილეში. ვისი სიტყვები უფრო სანდოა, ბიბლიის თუ ევოლუციონისტების? (ებრაელები 11:1). მოდი, გავეცნოთ ფაქტებს.