არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 100

მაგალითი ათ მინაზე

მაგალითი ათ მინაზე

ლუკა 19:11—28

  • იესოს მაგალითი მოჰყავს ათ მინაზე

მართალია, იესო იერუსალიმში აპირებს ჩასვლას, მაგრამ ის, როგორც ჩანს, მოწაფეებთან ერთად ჯერ კიდევ ზაქეს სახლში იმყოფება. მოწაფეები ფიქრობენ, რომ ღვთის სამეფო, რომლის მეფეც იესო იქნება, მალე დამყარდება (ლუკა 19:11). მათ ისევე უჭირთ ამ საკითხის გაგება, როგორც იმის, რომ იესო უნდა მოკვდეს. იესოს მათთვის მაგალითი მოჰყავს იმის დასანახვებლად, რომ სამეფოს დამყარებამდე დიდი დრო უნდა გავიდეს.

ის ამბობს: „ერთი დიდგვაროვანი შორეულ ქვეყანაში წავიდა, რომ სამეფო ძალაუფლება მიეღო და უკან დაბრუნებულიყო“ (ლუკა 19:12). ფაქტია, რომ ასეთი მოგზაურობა გარკვეულ დროს წაიღებდა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ამ მაგალითში „დიდგვაროვანი“ იესოს განასახიერებს, რომელიც „შორეულ ქვეყანაში“ ანუ ზეცაში მიდის, სადაც მამა მას სამეფო ძალაუფლებას გადასცემს.

იესო ჰყვება, რომ დიდგვაროვანი გამგზავრებამდე ათ მონას უხმობს, თითოეულს ერთ ვერცხლის მინას აძლევს და ეუბნება, „ბრუნვაში გაუშვით ჩემს დაბრუნებამდეო“ (ლუკა 19:13). ერთი ვერცხლის მინა საკმაოდ სოლიდურ თანხას უტოლდება და მიწათმოქმედის დაახლოებით სამი თვის გასამრჯელოს უდრის.

მოწაფეები შესაძლოა ხვდებიან, რომ ამ ათ მონას ჰგვანან, რადგან იესომ ერთხელ უკვე შეადარა ისინი სამკლის მუშებს (მათე 9:35—38). რა თქმა უნდა, მას არ უთხოვია მათთვის, რომ მისთვის პირდაპირი გაგებით მარცვლეული მიეტანათ. სინამდვილეში სამკალში იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებიც მოწაფეებს შეუერთდებიან და რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ღვთის სამეფოში დაიმკვიდრონ ადგილი. მოწაფეებმა ყველაფერი უნდა გაიღონ იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი გახდეს სამეფოს მემკვიდრე.

კიდევ რის თქმა უნდოდა იესოს ამ მაგალითით? მან თქვა, რომ დიდგვაროვანი სძულდათ მის თანამოქალაქეებს; მათ „უკან ელჩები დაადევნეს [დიდგვაროვანს] და დააბარეს, არ გვინდა, ჩვენზე იმეფოსო“ (ლუკა 19:14). მოწაფეებმა იციან, რომ იუდეველები არ იღებენ იესოს და ზოგს მისი მოკვლაც კი სურს. იესოს სიკვდილისა და ზეცაში აღდგომის შემდეგ, ფაქტობრივად, ყველა იუდეველი კვლავ ამავე განწყობას ავლენდა, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ მოწაფეებს დევნიდნენ. მათ აშკარად გამოხატეს, რომ არ სურდათ, იესო მათი მეფე ყოფილიყო (იოანე 19:15, 16; საქმეები 4:13—18; 5:40).

მაგრამ როგორ იქცევა ათი მონა, რომელთაც დიდგვაროვანმა მინები ჩააბარა იმ დრომდე, სანამ „სამეფო ძალაუფლებას“ მიიღებს და უკან დაბრუნდება? იესო განაგრძობს: «როცა სამეფო ძალაუფლება მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა, დაებარებინათ მასთან ის მონები, რომლებსაც ვერცხლის ფული მისცა, რომ გაეგო, რა მოიგეს, ფული რომ ბრუნვაში გაუშვეს. მივიდა პირველი მონა და მოახსენა: „ბატონო, შენმა მინამ ათი მინა მოიგო“. მან მიუგო: „ყოჩაღ, კარგი მონა ხარ! რადგან მცირედში ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ძალაუფლება“. მივიდა მეორე და უთხრა: „ბატონო, შენმა მინამ ხუთი მინა მოიგო“. იმასაც უთხრა, ხუთ ქალაქზე დაგაყენებო» (ლუკა 19:15—19).

თუ მოწაფეები ამ მონების მსგავსნი იქნებიან და არაფერს დაიშურებენ იმისთვის, რომ ხალხი მოწაფეებად მოამზადონ, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იესოს გულს გაუხარებენ. მათ ეჭვი არ უნდა შეეპაროთ, რომ ასეთი გულმოდგინებისთვის აუცილებლად დაჯილდოვდებიან. რა თქმა უნდა, ყველა იესოს მოწაფეს არა აქვს ერთნაირი მდგომარეობა, შესაძლებლობები თუ უნარი. როგორც არ უნდა იყოს, იესო, რომელიც „სამეფო ძალაუფლებით“ მოვა, აღიარებს და აკურთხებს მათ ერთგულებისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მოწაფეების მომზადებას მოახმარეს (მათე 28:19, 20).

თუმცა არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ როგორ ამთავრებს იესო თავის მაგალითს: «მივიდა სხვა მონა და უთხრა: „ბატონო, აჰა, შენი მინა, ნაჭერში გამოკრულს ვინახავდი. მეშინოდა შენი, რადგან სასტიკი კაცი ხარ. იღებ, რაც არ ჩაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს“. მან უთხრა: „შენივე პირით გაგასამართლებ, ბოროტო მონავ. ხომ იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ. ვიღებ, რაც არ ჩამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესავს? მაშ, რატომ არ ჩადე საქმეში ჩემი ვერცხლის ფული? როცა დავბრუნდებოდი, მას მოგებასთან ერთად მივიღებდი“. მაშინ მან იქ მდგომებს უთხრა: „წაართვით მას ეგ ერთი მინა და მიეცით ათი მინის მქონეს“» (ლუკა 19:20—24).

ამ მონამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი ბატონისთვის მეტი მოგება მოეტანა, რის გამოც ბევრი დაკარგა. მოციქულებს ერთი სული აქვთ, იესო ღვთის სამეფოს მეფე გახდეს. ამიტომ ის, რასაც იესო ბოლო მონასთან დაკავშირებით ამბობს, მათ ალბათ მიახვედრებს, რომ თუ გულმოდგინეები არ იქნებიან, ვერ დაიმკვიდრებენ ადგილს ღვთის სამეფოში.

ასე რომ, იესოს სიტყვებმა უნდა უბიძგოს ერთგულ მოწაფეებს, მეტი გააკეთონ. თავის სათქმელს ის ასე ასრულებს: „გეუბნებით: ვისაც აქვს, მეტი მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“. იგი დასძენს, რომ მისი მტრები, რომლებსაც არ სურთ, იესო მათი მეფე გახდეს, სასჯელს დაიტეხენ თავს. ამის შემდეგ იესო კვლავ იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგება (ლუკა 19:26—28).