არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 15

იესო პირველ სასწაულს ახდენს

იესო პირველ სასწაულს ახდენს

იოანე 2:1—12

  • ქორწილი კანაში

  • იესო წყალს ღვინოდ აქცევს

უკვე სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ნათანაელი იესოს ერთ-ერთი პირველი მოწაფე გახდა. იესო და მისი რამდენიმე მოწაფე გალილეის ჩრდილოეთით მდებარე მშობლიური მხარისკენ მიმავალ გზას ადგანან. ისინი ქალაქ კანისკენ მიემართებიან; სწორედ ამ ქალაქიდანაა ნათანაელი. კანა მთაზე შეფენილი ქალაქია, რომელიც ნაზარეთიდან, იესოს მშობლიური ქალაქიდან, ჩრდილოეთით მდებარეობს. ახლა იესო თავის მოწაფეებთან ერთად კანაში საქორწილო ნადიმზეა მიწვეული.

მიწვეულთა შორის იესოს დედაცაა. მარიამი, რომელიც ახალშეუღლებულთა ოჯახის ახლო მეგობარია, როგორც ჩანს, სტუმრებს ემსახურება. ამიტომ ის მყისვე ამჩნევს, რომ სუფრას რაღაც აკლია და ამის შესახებ იესოს ატყობინებს: „ღვინო აღარა აქვთ“ (იოანე 2:3).

ამ სიტყვებით მარიამი იესოს მიანიშნებს, რომ რაღაც იღონოს. იმის დასანახვებლად, რომ განსხვავებული აზრი აქვს, იესო იმ დროს გავრცელებულ გამოთქმას იყენებს და ასე მიმართავს დედამისს: „მე და შენ რა გვაქვს საერთო?“ (იოანე 2:4). ამ სიტყვებში იესო იმას გულისხმობს, რომ, როგორც ღვთის ცხებული მეფე, ის ოჯახის წევრებისა და მეგობრების კი არა, მხოლოდ ზეციერი მამის კარნახით უნდა მოქმედებდეს. მარიამი ხვდება იესოს ნათქვამს და ყველაფერს მას ანდობს; შემდეგ მათ, ვინც სუფრას ემსახურება, ეუბნება: „ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“ (იოანე 2:5).

მასპინძლებს ექვსი დიდი ქვის ჭურჭელი აქვთ; თითოეულში 40 ლიტრზე მეტი წყალი ჩადის. იესო მსახურებს ეუბნება: „აავსეთ წყლით ეგ ჭურჭელი“. შემდეგ კი ასეთ მითითებას აძლევს: „ახლა კი ამოიღეთ და თამადას მიართვით“ (იოანე 2:7, 8).

თამადას იმდენად მოსწონს ღვინო, რომ აღფრთოვანებას ვერ მალავს, თუმცა მას წარმოდგენაც კი არა აქვს, რა სასწაული მოხდა მანამ, სანამ ამ ღვინოს სუფრაზე მიიტანდნენ. ის ნეფეს უხმობს და ეუბნება: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“ (იოანე 2:10).

ეს იესოს პირველი სასწაულია. მისი ახალშეძენილი მოწაფეები საკუთარი თვალით ხედავენ ამ სასწაულს და მისადმი რწმენა უმტკიცდებათ. მოგვიანებით იესო დედასთან და ნახევარძმებთან ერთად ქალაქ კაპერნაუმისკენ მიემართება, რომელიც გალილეის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს.