არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 22

იესო ოთხ მოწაფეს უხმობს

იესო ოთხ მოწაფეს უხმობს

მათე 4:13—22; მარკოზი 1:16—20; ლუკა 5:1—11

  • იესო თავის ოთხ მოწაფეს მოუწოდებს, თავი მიუძღვნან ღვთის საქმეს

  • უბრალო მებადურებს იესო „ადამიანთა მებადურებად აქცევს“

მას შემდეგ, რაც ნაზარეთელებმა იესოს მოკვლა დააპირეს, მან დატოვა თავისი მშობლიური ქალაქი და გეზი კაპერნაუმისკენ აიღო. ეს ქალაქი, როგორც ვიცით, გალილეის ზღვის ახლოს მდებარეობდა, რომელსაც „გენესარეთის ტბასაც“ უწოდებდნენ (ლუკა 5:1). ამგვარად შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება, რომ გალილეაში, ზღვის პირას მცხოვრები ხალხი დიდ სინათლეს იხილავდა (ესაია 9:1, 2).

სწორედ აქ, გალილეაში აგრძელებს იესო თავისი ცნობის გაცხადებას და ყველას ამცნობს, რომ „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათე 4:17). კაპერნაუმში ის თავის ოთხ მოწაფეს პოულობს, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მას დაჰყვებოდნენ, მაგრამ იუდეიდან გალილეაში დაბრუნების შემდეგ კვლავ ძველ საქმეს, თევზაობას მიჰყვეს ხელი (იოანე 1:35—42). თუმცა ახლა უკვე დადგა დრო, როცა მათ მთელი თავისი დრო იესოსთან ერთად უნდა გაატარონ; იესოს სურს, მუდამ გვერდით ჰყავდეს ისინი და ბევრი ასწავლოს, რათა უფრო დახელოვნებული მქადაგებლები გახდნენ და მას შემდეგაც განაგრძონ დავალებული საქმე, როცა იესო მათთან აღარ იქნება.

როდესაც იესო გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვება, სიმონ-პეტრეს ხედავს, რომელიც თავის ძმასთან, ანდრიასთან და სხვა მებადურებთან ერთად ბადეებს რეცხავს. იესო უახლოვდება მათ, ადის პეტრეს ნავზე და სთხოვს, ნაპირს მოშორდეს. ცოტათი რომ შორდებიან ნაპირს, იესო ჯდება და ნაპირზე შეკრებილი ხალხის დამოძღვრას იწყებს; ის მათ ღვთის სამეფოზე ესაუბრება.

მოგვიანებით იესო პეტრეს ეუბნება: „ღრმად შეცურდი და ბადეები ისროლეთ თევზის დასაჭერად“. ამაზე პეტრე ეუბნება: „მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ რახან შენ ამბობ, ვისვრი ბადეებს“ (ლუკა 5:4, 5).

პეტრე და მასთან მყოფნი ასეც იქცევიან და იმდენ თევზს იჭერენ, რომ ბადეები ეხევათ. ამ დროს მათ სხვა ნავში მყოფი მათი ამხანაგები ეშველებიან. ორივე ნავი თევზით ივსება და ჩაძირვას იწყებს. ამის დანახვაზე პეტრე ძირს ემხობა და იესოს ევედრება: „გამშორდი, უფალო, ცოდვილი კაცი ვარ“. ამაზე იესო პასუხობს: „ნუ გეშინია, ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკა 5:8, 10).

შემდეგ იესო პეტრესა და ანდრიას მიმართავს: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“ (მათე 4:19). მათ კიდევ ორი მებადური, ზებედეს ვაჟები, იაკობი და იოანე, უერთდება. ისინიც უყოყმანოდ მიჰყვებიან იესოს. ასე რომ, ეს ოთხი მამაკაცი მზად არის, დატოვოს თავისი საქმე და იესოს გაჰყვეს. ისინი პირველები გახდნენ იმ მოწაფეებს შორის, რომლებმაც მთელი თავის ცხოვრება ღვთის საქმეს მიუძღვნეს.