არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 54

რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „სიცოცხლის პურს“

რატომ უწოდებს იესო საკუთარ თავს „სიცოცხლის პურს“

იოანე 6:25—48

  • იესო არის „პური ზეციდან“

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, როცა იესო გალილეის ზღვის აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სასწაულებრივად დააპურა ათასობით ადამიანი და შემდეგ, მისი გამეფება რომ მოინდომეს, გაერიდა ამ ხალხს. იმავე დღეს, ღამით, მან აღელვებულ ზღვაზე გაიარა და გადაარჩინა პეტრე, რომელიც მისკენ წყალდაწყალ მიემართებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ დაეჭვდა, ჩაძირვა დაიწყო. ამასთან, იესომ ქარიშხალიც დააცხრო, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ეხსნა ნავში მსხდომი თავისი მოწაფეები.

ახლა კი იგი კვლავ ბრუნდება გალილეის ზღვის დასავლეთით, კაპერნაუმის ტერიტორიაზე. ის ხალხი, რომელიც ცოტა ხნის წინ სასწაულებრივად დააპურა, პოულობს მას და ეკითხება: „აქ როდის მოხვედი?“. იესო საყვედურობს ხალხს, რადგან ხვდება, რა მიზნით არიან მასთან მისული — ისინი მოელიან, რომ იგი ამჯერადაც დააპურებს მათ. იესო მოუწოდებს ამ ხალხს: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“. ამის მოსმენაზე ისინი კითხულობენ: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღვთის საქმეები ვაკეთოთ?“ (იოანე 6:25—28).

შესაძლოა მათ მხედველობაში აქვთ საქმეები, რომელთა შესრულებაც ღვთის კანონით მოეთხოვებათ, მაგრამ იესო ბევრად უფრო აღმატებულ და ღირებულ საქმეზე საუბრობს: „ღვთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ ის, ვინც მან გამოგზავნა“. თუმცა, მრავალი სასწაულის მიუხედავად, ამ ხალხს არ სჯერა იესოსი. ისინი ნიშანს ითხოვენ, რომ ირწმუნონ იგი. „რას გააკეთებ?“ — ეკითხებიან. «ჩვენი მამა-პაპა მანანას ჭამდა უდაბნოში, როგორც დაწერილია: „ზეციდან მისცა მათ საჭმელად პური“» (იოანე 6:29—31; ფსალმუნი 78:24).

პასუხად იესო ისეთ სიტყვებს ეუბნება, საიდანაც ჩანს, სინამდვილეში ვინ ზრუნავდა მათზე და ვინ იდგა მომხდარი სასწაულების მიღმა: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ მამაჩემი გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან, რადგან ღვთის პური ის არის, ვინც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას“. ხალხი ვერ სწვდება იესოს ნათქვამის მნიშვნელობას და იხვეწება: „უფალო, ყოველთვის მოგვეცი ეს პური“ (იოანე 6:32—34). საინტერესოა, რა პურზე საუბრობს იესო.

იესო ხსნის: „მე სიცოცხლის პური ვარ. ვინც ჩემთან მოდის, არასოდეს მოშივდება, და ვისაც მე ვწამვარ, არასოდეს მოსწყურდება. ეს ყველაფერი გითხარით, მიხილეთ კიდეც, მაგრამ მაინც არა გწამთ . . . ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად კი არ ჩამოვსულვარ, არამედ ჩემი გამომგზავნელისა. ჩემი გამომგზავნელის ნება ის არის, რომ მისი მოცემულიდან არაფერი დავკარგო, არამედ ყველაფერი აღვადგინო უკანასკნელ დღეს, რადგან მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 6:35—40).

იესოს სიტყვები ხალხს აღიზიანებს; იუდეველები აღშფოთებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ იესო საკუთარ თავს „ზეციდან ჩამოსულ პურს“ უწოდებს (იოანე 6:41). მათთვის იესო ჩვეულებრივი ადამიანია; მათ იციან, რომ მისი მშობლები გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან არიან. ისინი ამბობენ: „ეს იესო არ არის, იოსების ვაჟი, რომლის დედ-მამასაც ვიცნობთ?“ (იოანე 6:42).

იესო ეუბნება ამ ხალხს: «გეყოთ დრტვინვა. ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. წინასწარმეტყველთა წიგნებში წერია: „ყველა იეჰოვას მიერ განისწავლება“. ყველა, ვინც მოუსმინა მამას და ისწავლა, ჩემთან მოდის. იმას კი არ ვამბობ, რომ ვინმეს უხილავს მამა, გარდა იმისა, ვინც ღვთისგანაა. მან იხილა მამა. ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვისაც სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს» (იოანე 6:43—47; ესაია 54:13).

რამდენიმე ხნის წინ იესომ ნიკოდემესთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მარადიულ სიცოცხლეს ის მიიღებდა, ვინც კაცის ძის მიმართ რწმენას გამოავლენდა. მისი სიტყვების თანახმად, „ვისაც ის [ღვთის მხოლოდშობილი ძე] სწამს, არ დაიღუპება, არამედ მარადიული სიცოცხლე ექნება“ (იოანე 3:15, 16). ახლა იესოს გაცილებით ბევრი მსმენელი ჰყავს; ამჯერად ის უკვე ხაზს უსვამს თავის როლს ანუ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ირწმუნონ იგი მარადიული სიცოცხლის მისაღებად, სიცოცხლის, რომელსაც ვერც მანანა მისცემთ და ვერც ის პური, რომელზეც გალილეაში მიუწვდებათ ხელი. ამგვარად, იმის დასანახვებლად, თუ როგორ არის შესაძლებელი მარადიული სიცოცხლის მიღება, იესო კვლავ იმეორებს: „მე სიცოცხლის პური ვარ“ (იოანე 6:48).

ზეციურ პურზე საუბარი ამით არ მთავრდება; ამ თემაზე მსჯელობას იესო კაპერნაუმის სინაგოგაშიც განაგრძობს.