არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 33

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

სრულდება ესაიას წინასწარმეტყველება

მათე 12:15—21; მარკოზი 3:7—12

  • იესოს ზედ აწყდება ხალხი

  • ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები სიტყვები იესოზე სრულდება

მას შემდეგ, რაც იესო იგებს, რომ ფარისევლები და ჰეროდეს პოლიტიკური თანამოაზრეები მის მოკვლას აპირებენ, ტოვებს იქაურობას და მოწაფეებთან ერთად გალილეის ზღვისკენ იღებს გეზს. გზად მას უამრავი ხალხი მიჰყვება; საიდან აღარ არის ეს ხალხი ჩამოსული — გალილეიდან, ზღვისპირა ქალაქ ტვიროსიდან და სიდონიდან, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთი მხარიდან, იერუსალიმიდან თუ სამხრეთით მდებარე შორეული იდუმეიდან. იესო მრავალს კურნავს, რის შემდეგაც ისინი, ვისაც სერიოზული დაავადებები სტანჯავს, მის გარშემო იყრიან თავს. ისინი „ზედ აწყდებიან, რომ შეეხონ“ მას (მარკოზი 3:9, 10).

აქ იმდენი ხალხია შეკრებილი, რომ იესო მოწაფეებს ეუბნება, ნავი გაამზადონ. ის ნავში ჯდება და ნაპირს შორდება, რათა ხალხი არ მიაწყდეს. ამასთან, მას შეუძლია პირდაპირ ნავიდან ასწავლოს ნაპირთან შეკრებილთ ან ამავე სანაპიროზე ცოტა მოშორებით გადაადგილდეს, რათა უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა.

როგორც მოწაფე მათე აღნიშნავს, იესოს საქმეებით „ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი“ სრულდება (მათე 12:17). რომელი წინასწარმეტყველებაა ეს?

„აი, ჩემი საყვარელი მსახური, რომელიც ამოვირჩიე და რომელიც ჩემმა სულმა მოიწონა! ჩემს სულს დავავანებ მასზე და ის გააგებინებს ხალხებს, რა არის სამართალი; არ იდავებს, არც იყვირებს, მთავარ ქუჩებშიც კი ვერავინ გაიგებს მის ხმას. გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს, სანამ სამართალს არ გაამარჯვებინებს. მისი სახელის იმედი ექნებათ ხალხებს“ (მათე 12:18—21; ესაია 42:1—4).

იესო, რა თქმა უნდა, ღვთისთვის სასურველი და ყოველმხრივ მოსაწონი მსახურია. იგი ნათელს ჰფენს ცრურელიგიური ტრადიციების ბურუსში გახვეულ ჭეშმარიტ სამართალს. ღვთის კანონის თვითნებურად გამოყენების გამო ფარისევლები შაბათ დღეს დახმარების ხელსაც კი არ უწვდიან ავადმყოფს. იესო კი ადამიანური ტრადიციების მძიმე უღელს ხსნის ხალხს მხრებიდან და ყველასთვის ნათელყოფს, თუ რა არის ღვთის სამართალი; ის ცხადყოფს, რომ მასზე „ღვთის სულია დავანებული“. აი, სწორედ ამის გამო სურთ რელიგიურ წინამძღოლებს იესოს მოკვლა. რა გულსატკენია!

რას ნიშნავს იესოზე ნათქვამი სიტყვები: „არ იდავებს, არც იყვირებს, მთავარ ქუჩებშიც კი ვერავინ გაიგებს მის ხმას“? იესო არც განკურნებულებს და არც მათგან განდევნილ დემონებს აძლევს უფლებას, „გაამჟღავნონ მისი ვინაობა“ (მარკოზი 3:12). იესოს არ სურს, რომ ხალხმა მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის ან მასზე მითქმა-მოთქმის შედეგად გავრცელებული დამახინჯებული ცნობების მეშვეობით გაიცნოს იგი.

იესოს მანუგეშებელი ცნობა მიაქვს იმ ადამიანებამდე, ვინც, ასე ვთქვათ, გადატეხილი ლერწამივითაა მოდრეკილი და ვისი ღირსებაც ფეხქვეშაა გათელილი. ისინი მბჟუტავ პატრუქს ჰგვანან, რომელიც სადაცაა ჩაქრება. იესო გადატეხილ ლერწამს არ ამტვრევს და მბჟუტავ პატრუქს არ აქრობს. პირიქით, ის ნაზად, დიდი სიყვარულითა და სისათუთით ეხიდება თავმდაბალთ და დაჩაგრულთ ფეხზე წამოდგომაში ეხმარება. იესო სწორედ ის პიროვნებაა, ვისზეც ერებს შეუძლიათ იმედი დაამყარონ!