არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 78

მზად იყავი ერთგულო მმართველო!

მზად იყავი ერთგულო მმართველო!

ლუკა 12:35—59

  • ერთგული მმართველი მზად უნდა იყოს

  • იესო დედამიწაზე „განხეთქილების მოსატანად“ მოვიდა

როგორც იესომ აღნიშნა, მხოლოდ „მცირე სამწყსო“ დაიმკვიდრებს ზეციერ სამეფოს (ლუკა 12:32). ამ საოცარ ძღვენს გულგრილად არ უნდა მოეკიდოს ამ სამწყსოს არც ერთი წევრი. იესო ყურადღებას ამახვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მას, ვინც სამეფო უნდა დაიმკვიდროს, სწორი განწყობა ჰქონდეს.

აქედან გამომდინარე, იესო არიგებს თავის მოწაფეებს, რომ მზად იყვნენ მისი მოსვლისთვის. იგი ამბობს: „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ლამპრები კი — ანთებული. მათსავით მოიქეცით, ვინც თავიანთი ბატონის ქორწილიდან დაბრუნებას ელის, რომ როგორც კი მოვა და დააკაკუნებს, მაშინვე გაუღონ. ბედნიერები არიან მონები, რომლებსაც ფხიზლებს ნახავს დაბრუნებული ბატონი!“ (ლუკა 12:35—37).

მოწაფეებისთვის, წესით, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ამ მაგალითის თანახმად, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. იესო ამბობს, რომ მსახურები მზადყოფნით ელოდებიან ბატონის დაბრუნებას, შემდეგ კი ხსნის: „თუ [ბატონი] მეორე [დაახლოებით საღამოს ცხრა საათიდან შუაღამემდე] ან თუნდაც მესამე გუშაგობისას [შუაღამიდან დაახლოებით დილის სამ საათამდე] მივა და მათ ასე ნახავს, ბედნიერები არიან ისინი!“ (ლუკა 12:38).

ამ მაგალითით იესოს უფრო მეტის თქმა სურს, ვიდრე მხოლოდ ის, რომ მსახური გულმოდგინე უნდა იყოს. ეს კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ შემოჰყავს იესოს, კაცის ძეს, საკუთარი თავი ამ მაგალითში. იგი თავის მოწაფეებს ეუბნება: „თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (ლუკა 12:40). აქედან ჩანს, რომ იესო მომავალში, დროის რაღაც მონაკვეთში მოვა. მას უნდა, რომ მისი მიმდევრები, განსაკუთრებით კი „მცირე სამწყსო“, მზად დახვდნენ.

პეტრეს სურს, უფრო ღრმად ჩასწვდეს იესოს სიტყვების მნიშვნელობას, ამიტომ ეკითხება: „უფალო, მარტო ჩვენთვის ამბობ ამ მაგალითს, თუ სხვებისთვისაც?“. პირდაპირი პასუხის გაცემის ნაცვლად, იესოს მაგალითი მოჰყავს: „ვინ არის ერთგული და გონიერი მმართველი, რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ თავიანთი ულუფა? ბედნიერია ის მონა, თუ ასე მოქმედს ნახავს დაბრუნებული ბატონი! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (ლუკა 12:41—44).

წინა მაგალითიდან აშკარად გამოჩნდა, რომ „ბატონში“ იესო, „კაცის ძე“, იგულისხმება. აქედან გამომდინარე, „ერთგულ მმართველში“ ის მამაკაცები შედიან, რომლებიც „მცირე სამწყსოს“ ნაწილი არიან და რომელთაც ღმერთი სამეფოს მისცემს (ლუკა 12:32). ამ მაგალითიდან ჩანს, რომ ამ ჯგუფის ზოგი წევრი „თავის [იესოს] მსახურებს“ საზრდოთი მოამარაგებს, ანუ დროულად მისცემს მათ თავიანთ ულუფას. ამიტომ პეტრეს და სხვა მოწაფეებს, რომლებსაც იესო ასწავლის და სულიერად აპურებს, შეუძლიათ დაასკვნან, რომ დადგება დრო, როცა „კაცის ძე“ მოვა. იმ დროს ორგანიზება გაეწევა იმას, რომ იესოს მიმდევრები ანუ ბატონის მსახურები სულიერი საზრდოთი იყვნენ მომარაგებული.

იესო ახლა სხვა კუთხით ცდილობს, აჩვენოს თავის მიმდევრებს, რატომ არის აუცილებელი, იფხიზლონ და დააკვირდნენ საკუთარ თავს, თუ როგორი განწყობა აქვთ. ამას იესო იმიტომ უსვამს ხაზს, რომ სავსებით შესაძლებელია, ზოგი მოდუნდეს და თავისი თანამორწმუნეების წინააღმდეგაც კი წავიდეს. იესო აღნიშნავს: „მაგრამ, თუ ეს მონა გულში იტყვის, აყოვნებს ჩემი ბატონიო და დაიწყებს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას, სმას და დათრობას, მოვა ამ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათზე, რომელიც არ იცის, უსასტიკესად დასჯის მას და ორგულებთან დაუდებს წილს“ (ლუკა 12:45, 46).

იესო ამბობს, რომ „დედამიწაზე ცეცხლის გასაჩაღებლად“ მოვიდა. დიახ, მან ისეთი საკითხები წამოჭრა, რაც ხალხში დიდ დაპირისპირებას იწვევს და ამის შედეგად დანთებული ცეცხლი, ასე ვთქვათ, შთანთქავს ცრუ სწავლებებსა და ადამიანურ ტრადიციებს. ეს ისეთ ადამიანებს შორისაც კი იწვევს განხეთქილებას, რომლებიც წესით და რიგით ყველაზე ახლოს უნდა იყვნენ ერთმანეთთან. იესო აღნიშნავს: „განხეთქილება ჩამოვარდება და მამა ვაჟის წინააღმდეგ იქნება, ვაჟი — მამის წინააღმდეგ, დედა — ასულის წინააღმდეგ, ასული — დედის წინააღმდეგ, დედამთილი — რძლის წინააღმდეგ, რძალი — დედამთილის წინააღმდეგ“ (ლუკა 12:49, 53).

იესოს ეს სიტყვები განსაკუთრებით მოწაფეებს ეხებოდა; ახლა კი ის უკვე ხალხს მიმართავს. ბევრი ჯიუტად უარყოფს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც აშკარად ადასტურებს, რომ იესო მესიაა, ამიტომ იგი ეუბნება მათ: „როდესაც დასავლეთიდან მომავალ ღრუბელს დაინახავთ, მაშინვე ამბობთ, ქარიშხალი იქნებაო, და ასეც ხდება; ხოლო როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ, დიდ სიცხეებს დაიჭერსო, და ასეც ხდება. თვალთმაქცნო, თუ ის იცით, როგორ დააკვირდეთ ცასა და დედამიწას, ამ დროზე დაკვირვება როგორ არ შეგიძლიათ?“ (ლუკა 12:54—56). აშკარაა, რომ ისინი მზად არ არიან!