თავი 125
იესო ჯერ ანასთან მიჰყავთ, შემდეგ კი კაიაფასთან
მათე 26:57—68; მარკოზი 14:53—65; ლუკა 22:54, 63—65; იოანე 18:13, 14, 19—24
-
იესო ყოფილ მღვდელმთავართან, ანასთან მიჰყავთ
-
სინედრიონი უკანონოდ ასამართლებს იესოს
იესოს შესაპყრობად მისულნი, ბოჭავენ მას, თითქოს ბოროტმოქმედი იყოს, და ანასთან მიჰყავთ. ანა მღვდელმთავარი იყო მაშინ, როცა პატარა იესომ ტაძარში მასწავლებლები განაცვიფრა (ლუკა 2:42, 47). მოგვიანებით მღვდელმთავრებად მისი ვაჟებიც მსახურობდნენ. ამჯერად მღვდელმთავარი ანას სიძე, კაიაფაა.
სანამ იესოს ანა უწყობს დაკითხვას, კაიაფა სინედრიონის წევრებს იწვევს. სინედრიონი უზენაესი სასამართლო იყო და 71 წევრისგან შედგებოდა; მის წევრებს შორის იყვნენ, როგორც ამჟამინდელი, ისე მისი წინამორბედი მღვდელმთავრებიც.
ახლა ანა იესოს „მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ“ ეკითხება. იგი პასუხობს: „მე ცხადად ველაპარაკებოდი ქვეყნიერებას. ყოველთვის სინაგოგასა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იუდეველები იკრიბებიან. ფარულად არაფერი მილაპარაკია. მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მათ, ვინც ისმენდა, რასაც ველაპარაკებოდი“ (იოანე 18:19—21).
ამის გაგონებაზე იქვე ახლოს მდგომი ერთი მცველი იესოს სილას აწნავს და მკაცრად ეუბნება: „ასე პასუხობ უფროს მღვდელს?“. მაგრამ იესო, რომელსაც არაფერი დაუშავებია, ამბობს: „თუ არასწორად ვთქვი, დაამოწმე, რა არის არასწორი, და თუ სწორად ვთქვი, რატომ მცემ?“ (იოანე 18:22, 23). შემდეგ ანა იესოს თავის სიძესთან, კაიაფასთან გზავნის.
ამასობაში მთელი სინედრიონი იკრიბება — ამჟამინდელი მღვდელმთავარი, ხალხის უხუცესები და
მწიგნობრები. ისინი კაიაფას სახლში იყრიან თავს. სასამართლოს მოწყობა პასექის ღამეს უკანონოდ ითვლება, მაგრამ ეს არ აკავებს სინედრიონის წევრებს იმისგან, რომ თავიანთი ბოროტი ჩანაფიქრი განახორციელონ.ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სინედრიონის წევრები მიუკერძოებლები არიან. როდესაც იესომ ლაზარე აღადგინა, სინედრიონმა გადაწყვიტა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო (იოანე 11:47—53). იესოს შეპყრობამდე რამდენიმე დღით ადრე სასულიერო პირები მის მოსაკლავად შეითქვნენ (მათე 26:3, 4). დიახ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მას გაასამართლებდნენ, ის უკვე სიკვდილმისჯილად ითვლებოდა.
უფროსი მღვდლები და სინედრიონის სხვა წევრები მხოლოდ ამ უკანონო შეკრებას არ სჯერდებიან. ისინი იმასაც ცდილობენ, ცრუ მოწმეები იპოვონ, რომლებიც იესოს ბრალს დასდებენ რამეში. ეს მამაკაცები ბევრ ცრუმოწმეს პოულობენ, მაგრამ მათი ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ბოლოს ორი მოწმე გამოჰყვათ, რომლებიც აცხადებენ: „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ამბობდა, დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ხელთუქმნელს ავაშენებო“ (მარკოზი 14:58). თუმცა არც ამ უკანასკნელთა ბრალდებები ემთხვევა ყველაფერში ერთმანეთს.
კაიაფა ეკითხება იესოს: „არაფერს უპასუხებ? გესმის, რას მოწმობენ შენ წინააღმდეგ?“ (მარკოზი 14:60). იესო დუმს და არაფერს პასუხობს ცრუმოწმეებს, რომელთა მონაყოლიც არ ემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ მღვდელმთავარი სხვაგვარ ტაქტიკას მიმართავს.
კაიაფამ იცის, რა მტკივნეულად რეაგირებენ იუდეველები იმაზე, როცა ვინმეს თავი ღვთის ძედ მოაქვს. ადრე, როცა იესომ ღმერთს თავისი მამა უწოდა, იუდეველებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, რადგან მათი აზრით, ის „თავს ღმერთს უტოლებდა“ (იოანე 5:17, 18; 10:31—39). ვინაიდან კაიაფასთვის კარგადაა ცნობილი ამ საკითხისადმი იუდეველთა დამოკიდებულება, ის ეშმაკობას მიმართავს და იესოსგან ასეთ რამეს ითხოვს: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, რომ შენა ხარ ქრისტე, ღვთის ძე“ (მათე 26:63). იესომ ადრე უკვე აღიარა, რომ ღვთის ძეა (იოანე 3:18; 5:25; 11:4). მაგრამ თუ ახლაც იგივეს არ გააკეთებს, შეიძლება გარშემომყოფებმა ჩათვალონ, რომ უარყოფს, ღვთის ძე და ქრისტე რომ არის. ამიტომ იესო ამბობს: „მე ვარ. თქვენ კაცის ძეს იხილავთ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა და ცის ღრუბლებზე მომავალს“ (მარკოზი 14:62).
ამის გაგონებაზე კაიაფა ყველას თვალწინ დრამატულ სცენას გაითამაშებს — შემოიხევს მოსასხამს და ხმამაღლა ამბობს: „მკრეხელობს! რაღად გვინდა მოწმეები? აი, ახლა მოისმინეთ მკრეხელობა! რას იტყვით?“. სინედრიონს უსამართლო განაჩენი გამოაქვს იესოსთვის. ისინი ერთხმად აცხადებენ: „სიკვდილს იმსახურებს“ (მათე 26:65, 66).
ყველა იესოს დაცინვას იწყებს, ზოგი მუშტებს ურტყამს, ზოგი კი სახეში სილას აწნავს და აფურთხებს. მას სახეს უფარავენ, ურტყამენ და სარკაზმით ეკითხებიან: „იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა“ (ლუკა 22:64). აი, ასე შეურაცხყოფენ ღამით გამართულ ამ უკანონო სასამართლოზე ღვთის ძეს!