არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 105

რას ვსწავლობთ ლეღვის ხის მაგალითზე

რას ვსწავლობთ ლეღვის ხის მაგალითზე

მათე 21:19—27; მარკოზი 11:19—33; ლუკა 20:1—8

  • იესო მოწაფეებს ლეღვის ხის მაგალითზე ასწავლის

  • უფროსი მღვდლები და უხუცესები იესოს ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებენ

ორშაბათს, ნაშუადღევს იესო ტოვებს იერუსალიმს და ზეთისხილის მთის აღმოსავლეთ ფერდობზე გაშენებულ სოფელ ბეთანიაში ბრუნდება. ღამეს ის, ალბათ, თავისი მეგობრების, ლაზარეს, მარიამისა და მართას სახლში ათევს.

ახლა 11 ნისანია. ჯერ კიდევ დილაა და იესო მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგას. ის დღეს უკანასკნელად შევა ტაძარში. ეს მისი საჯაროდ მსახურების ბოლო დღე იქნება, რის შემდეგაც იგი პასექს აღნიშნავს და თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დააწესებს; მოგვიანებით მას არაერთი განსაცდელის ატანა მოუწევს და ბოლოს სიკვდილით დასჯიან.

სანამ იერუსალიმში ჩავლენ, მათ ზეთისხილის მთა უნდა გადაიარონ. გზად პეტრე ამჩნევს, რომ ხე, რომელიც იესომ წინა დილით დაწყევლა, გამხმარია. ის წამოიძახებს: „რაბი, ნახე! გამხმარა ლეღვის ხე, შენ რომ დაწყევლე“ (მარკოზი 11:21).

მაგრამ რატომ გაახმო იესომ ეს ხე? ამის მიზეზს მისივე პასუხიდან ვიგებთ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ რწმენა გექნებათ და არ დაეჭვდებით, მარტო იმას კი არ გააკეთებთ, რაც ამ ლეღვს დავმართე, არამედ ამ მთასაც რომ უთხრათ, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ასე მოხდება; ყველაფერს, რასაც კი ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მათე 21:21, 22). მსგავსი აზრი მან ცოტა ხნის წინაც წარმოთქვა, როცა აღნიშნა, რომ რწმენით კაცი მთასაც გადააადგილებდა (მათე 17:20).

აქედან გამომდინარე, იმით, რომ იესო ამ ხეს ახმობს, მოწაფეებს მნიშვნელოვან გაკვეთილს ასწავლის ანუ ანახვებს, რამდენად აუცილებელია, ღვთისადმი რწმენა ჰქონდეთ. ის ამბობს: „ყველაფერი, რაზეც ლოცულობთ და რასაც ითხოვთ, უკვე მიღებული გაქვთ, და მოგეცემათ“ (მარკოზი 11:24). რა კარგი გაკვეთილია იესოს თითოეული მიმდევრისთვის, განსაკუთრებით კი მოციქულებისთვის, რადგან ისინი მალე არაერთი განსაცდელის წინაშე დადგებიან! მაგრამ ამ შემთხვევიდან კიდევ სხვა მხარეც იკვეთება.

როგორც ლეღვის ხეს ჰქონდა მატყუარა იერსახე, ისე ისრაელი ერიც სულიერად ძლიერი ჩანს. ამ ერთან ღმერთს შეთანხმება აქვს დადებული და, შესაძლოა, ერთი შეხედვით, ისე ჩანდეს, რომ ისინი იცავენ კანონს. მაგრამ, როგორც გამოაშკარავდა, მთლიანობაში ერს არც რწმენა აქვს და არც კარგი ნაყოფი გამოაქვს. ისინი ღვთის ძესაც კი უარყოფენ! ასე რომ, იმით, რაც ლეღვის ხეს დამართა, იესომ აშკარად დაგვანახვა, რა ბოლო ელის ურწმუნო ერს, რომელსაც ნაყოფი არ გამოაქვს.

ცოტა ხანში იესო და მისი მოწაფეები იერუსალიმში შედიან. ჩვეულებისამებრ, იესო ტაძარში მიდის და ხალხს ასწავლის. უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები იესოს ისეთ კითხვას უსვამენ, რომ რამენაირად ჩიხში მოაქციონ. როგორც ჩანს, მათ მხედველობაში აქვთ ის, თუ როგორ მოექცა იგი წინა დღით ფულის გადამცვლელებს. ისინი ეკითხებიან: „რა ძალაუფლებით აკეთებ ამას, ან ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლება?“ (მარკოზი 11:28).

იესო პასუხობს: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას. იოანეს ნათლობა ზეციდან იყო თუ ადამიანებისგან? მიპასუხეთ“. იესოს მოწინააღმდეგეები ახლა თავად მოექცნენ ჩიხში. მღვდლები და უხუცესები ერთმანეთში მსჯელობენ, რა პასუხი გასცენ: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო? მაგრამ თუ ვიტყვით, ადამიანებისგანო? . .“. ისინი ამაზე იმიტომ მსჯელობენ, რომ ხალხის ეშინიათ, რადგან იოანეს ყველა წინასწარმეტყველად თვლის (მარკოზი 11:29—32).

მათ არ იციან, როგორ უპასუხონ იესოს, ამიტომ ეუბნებიან: „არ ვიცით“. ამაზე იესო პასუხობს: „არც მე გეტყვით, რა ძალაუფლებით ვაკეთებ ამას“ (მარკოზი 11:33).