თავი 139
იესო თავის მისიას ბოლომდე შეასრულებს!
-
რა ელით ცხვრებსა და თხებს
-
დედამიწაზე სამოთხეში მრავალი ადამიანი იცხოვრებს
-
იესო ნამდვილად არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
ნათლობის შემდეგ მალევე იესო მისმა მოსისხლე მტერმა გამოსცადა, რომელსაც ძლიერი წადილი კლავდა, რომ იესოს ჯერ კიდევ მსახურების დაწყებამდე განეცადა მარცხი. დიახ, ეშმაკმა რამდენჯერმე სცადა მისი ცდუნება. მოგვიანებით იესომ მის შესახებ თქვა: „ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე“ (იოანე 14:30).
მოციქულმა იოანემ წინასწარმეტყველურ ხილვაში იხილა, თუ რა ელის „დიდ დრაკონს, ძველ გველს, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“. კაცობრიობის ეს დაუძინებელი მტერი გადმოგდებული იქნება ზეციდან „დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“ (გამოცხადება 12:9, 12). ქრისტიანებს ნამდვილად გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, გვჯეროდეს, რომ სწორედ ამ დროში ვცხოვრობთ და მალე „დრაკონს, ძველ გველს“ უფსკრულში ჩააგდებენ. ათასი წლის მანძილზე, სანამ იესო იმეფებს, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, სატანა უმოქმედო მდგომარეობაში, ხელფეხშეკრული იქნება (გამოცხადება 20:1, 2).
რა მოხდება ამ დროს დედამიწაზე? ვინ იცხოვრებს იქ და რა პირობებში? ამ კითხვაზე პასუხს ცხვრებსა და თხებზე იესოს მიერ მოყვანილი მაგალითიდან ვიგებთ. ამ მაგალითით მან დაგვანახვა, თუ როგორი მომავალი ელით ცხვრისმაგვარ, მართალ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობენ იესოს ძმებთან და სიკეთეს უკეთებენ მათ. იესომ აგრეთვე გააცხადა, თუ რა ელით თხისმაგვარ ადამიანებს: „ესენი [თხები] მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები [ცხვრები] კი მარადიულად იცოცხლებენ“ (მათე 25:46).
ზემოთქმული გვეხმარება, გავიგოთ, თუ რა იგულისხმა იესომ იმ სიტყვებში, რომელიც ძელზე თავის გვერდით გაკრულ ბოროტმოქმედს უთხრა. იესოს მისთვის ისეთივე ჯილდო არ შეუთავაზებია, როგორიც ერთგულ მოციქულებს და არ უთქვამს, რომ ზეციერ სამეფოს დაიმკვიდრებდა. ის მას სხვა რამეს დაჰპირდა: „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). ამგვარად ამ კაცს იესომ აღუთქვა, რომ იცხოვრებდა სამოთხეში დედამიწაზე, რომელიც თვალწარმტაცი ბაღის მსგავსი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ისინი, ვინც დღეს ცხვრისმაგვარი ადამიანები არიან, მარადიულად იცხოვრებენ სამოთხეში.
ეს ზუსტად შეესაბამება იოანე მოციქულის მიერ აღწერილს. მან დაწერა, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება დედამიწაზე: „ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:3, 4).
ბოროტმოქმედი, რომელსაც იესომ სამოთხეში ცხოვრება აღუთქვა, მას შემდეგ მიიღებს დანაპირებს, რაც მკვდრეთით აღდგება. აღდგენილებს შორის მხოლოდ ის როდი იქნება, მასთან ერთად სხვაც ბევრი აღდგება. ამას იესომ მაშინ მოჰფინა ნათელი, როცა თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ და გამოვლენ: კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).
მაგრამ რა შეიძლება ითქვას ერთგულ მოციქულებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც იესოსთან ერთად იმეფებენ ზეცაში და რომელთა რიცხვიც განსაზღვრულია? ბიბლიაში ნათქვამია: „იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხადება 20:6). ქრისტეს თანამმართველები გახდებიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები, რომლებიც ერთ დროს დედამიწაზე ცხოვრობდნენ. ამიტომ, ეჭვგარეშეა, ისინი თანაგრძნობით და გაგებით მოეკიდებიან თავიანთ ქვეშევრდომებს დედამიწაზე (გამოცხადება 5:10).
იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი დედამიწაზე მცხოვრებთა კეთილდღეობას მოემსახურება და მათ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის ტყვეობისგან სამუდამოდ გაათავისუფლებს. თავის თანამმართველებთან ერთად ის გაასრულყოფილებს ღვთის ერთგულებს. ისინი დატკბებიან სიცოცხლით, რომელიც ღმერთმა დასაწყისიდანვე განიზრახა კაცობრიობისთვის, მაშინ როცა ადამსა და ევას უთხრა, გამრავლებულიყვნენ და აევსოთ დედამიწა. იმ დროს სიკვდილიც კი, რომელიც ადამის ცოდვის შედეგად ვიმემკვიდრეთ, სამუდამოდ მიეცემა დავიწყებას!
ასე რომ, იესო ბოლომდე შეასრულებს თავის მისიას და სისრულეში მოიყვანს ყველაფერს, რაც იეჰოვამ დაავალა. ათასწლიანი მეფობის ბოლოს იგი სამეფოს მამას გადასცემს და გასრულყოფილებულ კაცობრიობას ჩააბარებს. პავლე მოციქული აღწერს, თუ როგორ თავმდაბლად მოიქცევა იესო იმ დროს: „როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორინთელები 15:28).
აშკარაა, იესო უდიდეს როლს ასრულებს ღვთის დიდებული განზრახვების განხორციელებაში! ვინაიდან ღვთის განზრახვებს მთელი უსასრულობის მანძილზე კვლავაც მოეფინება ნათელი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ იესო ყოველთვის გაამართლებს იმ სიტყვებს, რომელიც საკუთარ თავზე თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“! (იოანე 14:6).