არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 135

მკვდრეთით აღმდგარი იესო ბევრს ეცხადება

მკვდრეთით აღმდგარი იესო ბევრს ეცხადება

ლუკა 24:13—49; იოანე 20:19—29

  • ემაუსის გზაზე იესო მოწაფეებს ეცხადება

  • იესო არაერთხელ განმარტავს თავის შესახებ წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს

  • თომას ეჭვები უქარწყლდება

16 ნისანია, კვირა დღე. მოწაფეები გულდამძიმებულნი არიან; ისინი ვერ ხვდებიან, რატომ არის სამარხი ცარიელი (მათე 28:9, 10; ლუკა 24:11). მოგვიანებით, ამავე დღეს, იესოს ერთი მოწაფე, კლეოპა სხვა მოწაფესთან ერთად იერუსალიმიდან ემაუსისკენ იღებს გეზს, რომელიც ქალაქიდან დაახლოებით 11 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

გზად ისინი მომხდარზე მსჯელობენ. ამ დროს ერთი უცნობი ხვდებათ, რომელიც ეკითხება: „რაზე კამათობთ?“. კლეოპა პასუხობს: „ნუთუ შენთვის ცხოვრობ უცხოელივით იერუსალიმში? არ იცი, რა მოხდა იქ ამ დღეებში?“. ამაზე ის ეკითხება: „რა მოხდა?“ (ლუკა 24:17—19).

„იესო ნაზარეთელზე ვლაპარაკობთ“, — პასუხობენ ისინი, შემდეგ კი დასძენენ: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის დაიხსნიდა ისრაელს“ (ლუკა 24:19—21).

ამის შემდეგ კლეოპა და მისი თანამგზავრი იმ დღეს მომხდარი მოვლენების შესახებ უამბობენ მას. ისინი ჰყვებიან, როგორ დახვდა იესოს ცხედრის სანახავად მისულ ზოგ ქალს სამარხი ცარიელი და როგორ გახდნენ სასწაულებრივი მოვლენის თვითმხილველები, ანუ როგორ გამოეცხადათ ანგელოზები, რომელთაც აცნობეს, რომ იესო ცოცხალია. ისინი იმასაც უყვებიან უცნობს, რომ სამარხთან სხვებიც მივიდნენ და დარწმუნდნენ, „რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც ქალები ამბობდნენ“ (ლუკა 24:24).

ეს მოწაფეები აშკარად დაბნეულები არიან, რადგან ვერ სწვდებიან მომხდარის მნიშვნელობას. ახლა ეს უცნობი მათ აზროვნებას უსწორებს; იგი ისე ლაპარაკობს, როგორც ძალაუფლების მქონე და მისი სიტყვები ღრმა კვალს ტოვებს მათზე: „ოჰ, უგუნურნო და გულით მძიმენო, არა გწამთ, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“ (ლუკა 24:25, 26). ამის შემდეგ ის არაერთ ბიბლიურ მონაკვეთს განუმარტავს, სადაც ქრისტეზეა საუბარია.

ბოლოს სამივე ემაუსს უახლოვდება. მოწაფეებს კიდევ სურთ მისი მოსმენა, ამიტომ სთხოვენ: „დარჩი ჩვენთან, უკვე საღამოა, დღე იწურება“. ის თანხმდება, რის შემდეგაც ერთად ვახშმობენ. უცნობი ლოცულობს, პურს ამტვრევს და მათ აწვდის. მაშინღა ხვდებიან, რომ ეს კაცი იესოა, ის კი ამ დროს უჩინარდება (ლუკა 24:29—31). ახლა მათ იოტისოდენა ეჭვიც აღარ ეპარებათ, რომ იესო ცოცხალია!

ეს ორი მოწაფე აღფრთოვანებით ამბობს: „განა არ გვიღვიოდა გულები, როცა ის გზაში გველაპარაკებოდა და წმინდა წერილებს გვიხსნიდა?“ (ლუკა 24:32). ისინი მყისვე უკან, იერუსალიმში ბრუნდებიან, სადაც მოციქულებთან და სხვებთან მიდიან. სანამ კლეოპა და მისი თანამგზავრი იქ მყოფთ მომხდარის შესახებ ამცნობენ, ისინი ამბობენ: „უფალი მართლა აღდგა და სიმონს ეჩვენა!“ (ლუკა 24:34). შემდეგ კი ეს ორიც ჰყვება, როგორ გამოეცხადათ იესო. დიახ, ამ ორმა მოწაფემაც საკუთარი თვალით იხილა მკვდრეთით აღმდგარი მოძღვარი!

ახლა ისეთი რამ ხდება, რაც ყველა იქ მყოფის გაოგნებას იწვევს — მოულოდნელად მათ შორის იესო დგება! ეს მეტად დაუჯერებელია, მათ ხომ იუდეველების შიშით კარი ჰქონდათ ჩაკეტილი?! თუმცა ფაქტი ჯიუტია: იესო მათ შორისაა! ის მშვიდი ხმით ეუბნება: „მშვიდობა თქვენდა“. მაგრამ მათ როგორც ადრე, ახლაც ჰგონიათ, რომ სულს ხედავენ (ლუკა 24:36, 37; მათე 14:25—27).

იესოს სურს, დაანახვოს მათ, რომ უბრალოდ მოჩვენება ან მათი წარმოსახვის ნაყოფი კი არა, რეალური პიროვნებაა, რომელსაც ფიზიკური სხეული აქვს, ამიტომ ეუბნება: „რატომ აფორიაქდით, რატომ გაქვთ გულში ეჭვები? შეხედეთ ჩემს ხელებსა და ფეხებს. ეს მე ვარ. შემეხეთ და ნახეთ, რადგან სულს ხორცი და ძვალი არა აქვს, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ“ (ლუკა 24:36—39). ისინი სიხარულსა და გაოცებას ვერ მალავენ, თუმცა მაინც ორჭოფობენ.

იესო კვლავ ცდილობს, დაარწმუნოს, რომ მათ წინაშე ნამდვილად რეალური პიროვნება დგას. იგი ეკითხება: „გაქვთ რამე საჭმელი?“. მას შემწვარი თევზის ნაჭერს აწვდიან, რასაც ის მათ თვალწინ მიირთმევს. შემდეგ ეუბნება: „აი, რას გეუბნებოდით, როცა ჯერ კიდევ თქვენთან ვიყავი [სიკვდილამდე]: ყველაფერი, რაც მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში ჩემ შესახებ არის დაწერილი, უნდა შესრულდეს-მეთქი“ (ლუკა 24:41—44).

იესომ კლეოპას და მის თანამგზავრს განუმარტა წმინდა წერილებში თავის შესახებ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და ახლაც ამავეს აკეთებს ყველას თვალწინ: „ასე წერია, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარიყო, და იერუსალიმიდან დაწყებული ყველა ხალხისთვის უნდა ექადაგათ მისი სახელით მონანიება ცოდვების მისატევებლად. თქვენ ამ ყველაფრის მოწმეები უნდა იყოთ“ (ლუკა 24:46—48).

მოწაფე თომა რაღაც მიზეზების გამო ამ დროს იქ არ იმყოფება. მომდევნო დღეებში სხვები მას გახარებულები ამცნობენ: „უფალი ვნახეთ!“. თომა კი პასუხობს: „თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ და შიგ თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი — ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე 20:25).

რვა დღის შემდეგ მოწაფეები კვლავ ჩაკეტილ კარს მიღმა იკრიბებიან. ამჯერად თომაც მათთანაა. ამ დროს მათ შორის ხორცშესხმული იესო დგება და ესალმება: „მშვიდობა თქვენდა“. შემდეგ თომასკენ ტრიალდება და ეუბნება: „დამადე თითი და ნახე ჩემი ხელები. მოდი, ჩამიყავი ხელი ფერდში. ურწმუნო ნუღარ იქნები, ირწმუნე“. თომას აღმოხდება: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“ (იოანე 20:26—28). დიახ, მას უკვე აღარ ეპარება ეჭვი, რომ იესო ცოცხალია და ძლიერი სულიერი ქმნილებაა, რომელიც იეჰოვამ გამოგზავნა დედამიწაზე.

იესო თომას ეუბნება: „იმიტომ ირწმუნე, რომ მიხილე? ბედნიერნი არიან, რომლებიც ვერ ხედავენ, მაგრამ სწამთ“ (იოანე 20:29).