არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 5

„ეს არის ჩემი ძე“

„ეს არის ჩემი ძე“

როდესაც ბავშვები კარგად იქცევიან, მშობლები კმაყოფილები არიან. მამას ძალიან უხარია, როდესაც მისი გოგონა კარგად იქცევა და სხვებს ამაყად ეუბნება: „ეს ჩემი ქალიშვილია“; ან როცა ბიჭი მშობლის დამჯერია, გახარებული მამა ამბობს: „ეს ჩემი ვაჟკაცია“.

იესო ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მამამისს მოსწონს. ამიტომ მამამისი ამაყობს მისით. გახსოვს, რა მოხდა ერთხელ, როდესაც იესო თავის სამ მიმდევართან ერთად იყო? ~ დიახ, მათ ზეციდან ღმერთი დაელაპარაკა და უთხრა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 17:5).

იესოს ყოველთვის უხარია იმის კეთება, რაც მამამისს მოსწონს. იცი, რატომ? იმიტომ, რომ მას ნამდვილად უყვარს მამა. რაღაცის კეთება მხოლოდ ვალდებულების გამო ძალიან ძნელია, მაგრამ საქმეს თუ ხალისით აკეთებ, მისი შესრულება ადვილია. იცი, რას ნიშნავს საქმის ხალისით კეთება? ~ იმას, რომ ნამდვილად გინდა მისი შესრულება.

იესო ზეცაშიც ხალისით ასრულებდა მამის დავალებას, რადგან უყვარს იგი. იესოს ძალიან მოსწონდა ზეცაში მამის გვერდით ყოფნა. მაგრამ ღმერთმა მას განსაკუთრებული დავალება მისცა. ამ დავალების შესასრულებლად იესოს ზეციერი ცხოვრება უნდა დაეტოვებინა. ის დედამიწაზე უნდა დაბადებულიყო. იესო მზად იყო ამ დავალების შესასრულებლად, რადგან იეჰოვას სურდა ასე.

რა უთხრა ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს?

დედამიწაზე რომ დაბადებულიყო, იესოს დედა უნდა ჰყოლოდა. იცი, ვინ იყო დედამისი? ~ მარიამი. იეჰოვამ ზეციდან ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა მარიამთან სალაპარაკოდ. გაბრიელმა მარიამს უთხრა, რომ ბიჭი შეეძინებოდა. მისთვის იესო უნდა დაერქმია. მაგრამ ვინ იქნებოდა ბავშვის მამა? ~ ანგელოზმა თქვა, რომ მისი მამა იეჰოვა ღმერთი იქნებოდა. სწორედ ამიტომ ეწოდება იესოს ღვთის ძე.

როგორ მოიქცა მარიამი? ~ უარი ხომ არ თქვა იესოს დედობაზე? არა. მარიამი მზად იყო იმის გასაკეთებლად, რაც ღმერთს უნდოდა. როგორ უნდა დაბადებულიყო დედამიწაზე ღვთის ძე, რომელიც ზეცაში ცხოვრობდა? რით განსხვავდებოდა იესოს დაბადება სხვა ბავშვების დაბადებისგან? იცი ამ კითხვებზე პასუხი? ~

ღმერთმა ჩვენი წინაპრები, ადამი და ევა, ისე შექმნა, რომ მათ შვილები გასჩენოდათ. სანამ ბავშვი დაიბადება, ის ჯერ დედის მუცელში იზრდება. ბევრი ამბობს, რომ ეს სასწაულია! ალბათ, შენც ასე ფიქრობ.

ახლა ღმერთმა უფრო დიდი სასწაული მოახდინა. მან თავისი ძის სიცოცხლე ზეციდან მარიამის სხეულში გადმოიტანა. ღმერთს ასეთი რამ არც მანამდე გაუკეთებია და არც მის მერე. ამ სასწაულის შედეგად, იესო მარიამის მუცელში იზრდებოდა, ზუსტად ისე, როგორც სხვა ბავშვები იზრდებიან დედის მუცელში. მოგვიანებით მარიამი იოსებს გაჰყვა ცოლად.

როდესაც იესოს დაბადების დრო მოახლოვდა, მარიამი და იოსები ქალაქ ბეთლემში წავიდნენ. იმ დროს ქალაქში ბევრი ხალხი იყო ჩასული. მარიამმა და იოსებმა ღამის გასათევი ოთახი ვერსად იპოვეს. ამიტომ, მათ ცხოველების სადგომში მოუწიათ გაჩერება. სწორედ აქ გააჩინა მარიამმა იესო და ბაგაში ჩააწვინა, როგორც ამას სურათზეც ვხედავთ.

რატომ წევს იესო ბაგაში?

იმ ღამეს, როდესაც იესო დაიბადა, საკვირველი ამბები მოხდა. მწყემსებს, რომლებიც ბეთლემთან ახლოს ცხვარს მწყემსავდნენ, ანგელოზი გამოეცხადა. ანგელოზმა მწყემსებს უთხრა, რომ იესო განსაკუთრებული პიროვნება იყო. მან თქვა: ‘სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის. დღეს ხალხის მხსნელი დაიბადა’ (ლუკა 2:10, 11).

რა სასიხარულო ამბავი უთხრა მწყემსებს ამ ანგელოზებიდან ერთ-ერთმა?

ანგელოზმა მწყემსებს უთხრა, რომ იესოს ბეთლემში, ბაგაში მწოლიარეს იპოვიდნენ. უეცრად ცაში სხვა ანგელოზებიც გამოჩნდნენ და პირველ ანგელოზთან ერთად ღვთის განდიდება დაიწყეს. ისინი მღეროდნენ: „დიდება ღმერთს ... მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომლებსაც ღმერთი იწონებს“ (ლუკა 2:12—14).

ანგელოზების გაუჩინარების შემდეგ მწყემსები ბეთლემში წავიდნენ იესოს მოსაძებნად. როდესაც მიაგნეს, მათ იოსებსა და მარიამს ყველაფერი უამბეს, რაც ანგელოზისგან გაიგეს. შეგიძლია წარმოიდგინო, რა ბედნიერი იყო მარიამი, იესოს დედობაზე უარი რომ არ თქვა?

მოგვიანებით იოსებმა და მარიამმა იესო ქალაქ ნაზარეთში წაიყვანეს. სწორედ იქ იზრდებოდა იესო. როდესაც გაიზარდა, მნიშვნელოვანი საქმის შესრულებას შეუდგა. ის ხალხს ასწავლიდა. ეს ერთ-ერთი იყო იმ საქმეთაგან, რომელიც იეჰოვას სურდა, რომ მის ძეს დედამიწაზე შეესრულებინა. იესო მზად იყო ამ დავალების შესასრულებლად, რადგან მას ძალიან უყვარდა ზეციერი მამა.

სანამ იესო დიდებული მასწავლებელი გახდებოდა, მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემელმა მონათლა. ამ დროს საოცრება მოხდა! როდესაც იესო წყლიდან ამოდიოდა, ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17). ხომ გიხარია, როდესაც მშობლები გეუბნებიან, რომ ძალიან უყვარხარ? ~ რა თქმა უნდა, იესოსაც ძალიან გაუხარდა ამის მოსმენა.

იესო ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც სწორი იყო. მას არასოდეს მოჰქონდა თავი იმაზე მეტად, ვიდრე სინამდვილეში იყო. ის არ ეუბნებოდა ხალხს, რომ თითქოს ღმერთი იყო. ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უთხრა, რომ იესო ღვთის ძედ იწოდებოდა. იესოც ყოველთვის ამბობდა, რომ ღვთის ძე იყო. ის ხალხს ეუბნებოდა, რომ მამამ მასზე მეტი იცოდა. მან თქვა: „მამა ჩემზე დიდია“ (იოანე 14:28).

იესო ზეცაშიც სიხარულით ასრულებდა მამის დავალებებს. ის არა მხოლოდ ჰპირდებოდა მამას, რომ ყველაფერს გააკეთებდა, არამედ ასრულებდა კიდეც პირობას. მას უყვარდა მამა, ამიტომაც, ყოველთვის უსმენდა მას. როდესაც იესო დედამიწაზე მოვიდა, მაშინაც იმას აკეთებდა, რისთვისაც ზეციერმა მამამ გამოგზავნა. მას დრო სხვა საქმეების კეთებაში არ დაუკარგავს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას მოსწონს თავისი შვილი!

ჩვენც ხომ გვინდა, გავახაროთ იეჰოვა? ~ თუ ასეა, უნდა ვაჩვენოთ, რომ ნამდვილად ვუსმენთ ღმერთს ისე, როგორც ამას იესო აკეთებდა. ღმერთი ბიბლიის მეშვეობით გველაპარაკება. განა სწორი იქნება, რომ თავი ისე მოვაჩვენოთ ვინმეს, თითქოს ვუსმენთ ღმერთს, სინამდვილეში კი ის ვირწმუნოთ და ვაკეთოთ, რაც ბიბლიას ეწინააღმდეგება? ~ გახსოვდეს: თუ ნამდვილად გვიყვარს იეჰოვა, სიხარულით გავაკეთებთ იმას, რასაც ის გვთხოვს.

ახლა წავიკითხოთ ეს ბიბლიური მუხლებიც, რომლებიც დაგვანახვებს, რომ მნიშვნელოვანია, ვიცნობდეთ იესოს და გვწამდეს მისი: მათეს 7:21—23; იოანეს 4:25, 26 და 1 ტიმოთეს 2:5, 6.