თავი 33
იესოს შეუძლია ჩვენი დაცვა
იესო როცა გაიზარდა და გაიგო, როგორ დაიცვა ღმერთმა პატარაობისას, განა არ ილოცებდა და იეჰოვას მადლობას არ გადაუხდიდა? ~ შენი აზრით, რას ეტყოდა იესო მარიამსა და იოსებს, როცა გაიგებდა, რომ მისმა მშობლებმა ის ეგვიპტეში წაიყვანეს, რათა სიკვდილისგან ეხსნათ? ~
რასაკვირველია, დღეს იესო ბავშვი აღარ არის. ის აღარც დედამიწაზე ცხოვრობს, როგორც ერთ დროს ცხოვრობდა. მაგრამ შეგიმჩნევია, რომ ზოგიერთი იესოს ისევ ბაგაში მწოლიარე ბავშვად მიიჩნევს? ~ მაგალითად, შობის დროს ბევრ ქვეყანაში შეიძლება ბარათებზე ან კალენდრებზე გამოსახული პატარა იესოს ნახვა.
მართალია იესო დედამიწაზე აღარ ცხოვრობს, მაგრამ გჯერა, რომ ის ცოცხალია? ~ დიახ, ღმერთმა ის მკვდრეთით აღადგინა და ახლა იესო ძლევამოსილი მეფეა ზეცაში. როგორ გგონია, რისი გაკეთება შეუძლია მას თავისი მსახურების დასაცავად? ~ მაგალითად, დედამიწაზე ყოფნისას, მან აჩვენა, როგორ შეუძლია იმათი დაცვა, ვისაც ის უყვარს. მოდი ვნახოთ, როგორ გააკეთა ეს, როდესაც თავის მოწაფეებთან ერთად ნავში იჯდა.
შუადღე გადასული იყო. იესო მთელი დღე ასწავლიდა გალილეის ზღვასთან (ეს ტბა იმდენად დიდია, რომ მას ზღვასაც ეძახდნენ. ის დაახლოებით 20 კილომეტრი სიგრძისაა და 12 კილომეტრი სიგანის). შემდეგ მან თავის მოწაფეებს უთხრა: „ტბის მეორე ნაპირზე გავცუროთ“. ასე რომ, ყველანი ნავში ჩასხდნენ და მეორე ნაპირისკენ გაცურეს. იესო ძალიან დაღლილი იყო, ამიტომ კიჩოზე მიწვა და თავი სასთუმალზე დადო. მალე ღრმად ჩაეძინა.
მოწაფეები ფხიზლობდნენ და ნავს მართავდნენ. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ უეცრად საშინელი ქარი ამოვარდა. ქარი უფრო გაძლიერდა და ტალღებიც აზვირთდა. ტალღები ნავს ეხეთქებოდა და ნავი წყლით აივსო.
მოწაფეებს შეეშინდათ, რადგან ნავი შეიძლებოდა ჩაძირულიყო. იესოს არ ეშინოდა. მას მშვიდად ეძინა. ბოლოს მოწაფეებმა გააღვიძეს იესო და უთხრეს: ‘მოძღვარო, მოძღვარო, გადაგვარჩინე, ვიღუპებით’. იესო წამოდგა და ქარსა და ტალღებს უთხრა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“
ლუკა 8:22—25; მარკოზი 4:35—41).
ქარი მაშინვე დაცხრა და ტბაც დაწყნარდა. მოწაფეები გაოცებულები იყვნენ. ამის მსგავსი არაფერი ენახათ. ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ეს ვინ არის, რომ ქარიცა და წყალიც მის ბრძანებას ემორჩილება?“ (იცი, ვინ არის იესო? ~ იცი, საიდან აქვს მას ასეთი ძალა? ~ მოწაფეებს არ უნდა შეშინებოდათ, იესო ხომ მათთან იყო; ის არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მას შეეძლო საოცრებები მოეხდინა, რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ გააკეთებდა. მოდი მოგიყვები კიდევ ერთ სასწაულს, რომელიც იესომ აბობოქრებულ ზღვაში მოახდინა.
ერთ საღამოს იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და მის შესახვედრად მეორე ნაპირისკენ გაეცურათ. შემდეგ იესო მარტო ავიდა მთაზე, წყნარ ადგილას, სადაც შეეძლო თავის მამასთან, იეჰოვა ღმერთთან, ლოცვაში ესაუბრა.
მოწაფეები ნავში ჩასხდნენ. მეორე ნაპირისკენ რომ მიცურავდნენ, უეცრად ქარი ამოვარდა. ქარი უფრო და უფრო გაძლიერდა. დაღამდა. მოწაფეებმა აფრა აუშვეს და ნიჩბები მოუსვეს. მაგრამ წინ სწრაფად ვერ მიიწევდნენ, რადგან ძლიერი ქარი წინააღმდეგობას უწევდათ. ქარს ნავი უკან და უკან მიჰქონდა, უზარმაზარ ტალღებს ახეთქებდა და წყლით ავსებდა. მოწაფეები ამაოდ ცდილობდნენ ნაპირამდე მიღწევას.
იესო ისევ მარტო იყო მთაზე. ის კარგა ხანს დარჩა იქ. მან დაინახა, რომ მოწაფეები გასაჭირში იყვნენ და აბობოქრებულ ტალღებს ებრძოდნენ. ამიტომ, ის მთიდან ჩამოვიდა და ზღვის ნაპირისკენ გაემართა. იესოს უნდოდა, რომ მოწაფეებს დახმარებოდა, ამიტომ აღელვებულ ზღვაში შევიდა და წყლის ზედაპირზე გაიარა!
რა მოხდება, წყალზე გავლა რომ მოისურვო? ~ დიახ, ჩაიძირები და შეიძლება დაიხრჩო კიდეც. მაგრამ იესო ხომ ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. მას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. ნავთან რომ მისულიყო, იესოს გრძელი გზა უნდა გაევლო. ამიტომ, მოწაფეებმა წყალზე მომავალი იესო მხოლოდ გამთენიისას შენიშნეს. ისინი თვალებს არ უჯერებდნენ. იმდენად შეშინდნენ, რომ ყვირილი დაიწყეს. იესომ მათ უთხრა: „გამაგრდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“
როგორც კი იესო ნავში ჩაჯდა, ქარიშხალი ჩაწყნარდა. მოწაფეები ამან კვლავ გააოცა. მათ მდაბლად თაყვანი სცეს და უთხრეს: „შენ მართლა ღვთის ძე ხარ“ (მათე 14:22—33; იოანე 6:16—21).
განა შესანიშნავი არ იქნებოდა, რომ იესოს დროს გვეცხოვრა და ამის მსგავსი სასწაულები გვენახა? ~ იცი, რატომ ახდენდა იესო ასეთ სასწაულებს? ~ იმიტომ, რომ უყვარდა თავისი მოწაფეები და უნდოდა დახმარებოდა მათ. ამას იმიტომაც აკეთებდა, რომ თავისი ძალა ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რომ ძალას მაშინაც გამოიყენებდა, როდესაც ღვთის სამეფოს მეფე გახდებოდა.
საქმეები 12:2; გამოცხადება 1:9).
იესო დღესაც ხშირად იყენებს თავის ძალას და თავის მიმდევრებს იცავს სატანისგან, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს მათ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებაში. თუმცა იესო არ იცავს თავის მოწაფეებს ავადმყოფობისგან და არც სასწაულებრივად კურნავს მათ. საბოლოოდ ხომ იესოს ყველა მოციქული დაიღუპა. იოანეს ძმა იაკობი მოკლეს, თვითონ იოანე კი ციხეში ჩასვეს (დღესაც, მიუხედავად იმისა, ადამიანი იეჰოვას ემსახურება თუ არა, ყველა ხდება ავად და კვდება. მაგრამ მალე ყველაფერი სხვაგვარად იქნება ღვთის სამეფოში, რომლის მეფეც იესოა. არავის არაფრის შიში აღარ ექნება, რადგან იესო თავის ძალას თავისი მორჩილების სასარგებლოდ გამოიყენებს (ესაია 9:6, 7).
ქვემოთ მოცემული ბიბლიური მუხლები გვიჩვენებს, რომ იესოს, რომელიც ღმერთმა თავისი სამეფოს მეფედ დანიშნა, დიდი ძალაუფლება აქვს მიცემული: დანიელის 7:13, 14; მათეს 28:18 და ეფესოელების 1:20—22.