არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დამატებითი ინფორმაცია

დამატებითი ინფორმაცია
  1.  რას განასახიერებს „დიდი ბაბილონი“?

  2.  როდის გამოჩნდა მესია?

  3.  სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენება

  4.  განცალკევებით ცხოვრება

  5.  დღესასწაულები

  6.  გადამდები დაავადებები

  7.  საქმიანი ურთიერთობები და იურიდიული საკითხები

 1. რას განასახიერებს „დიდი ბაბილონი“?

საიდან ვიცით, რომ „დიდი ბაბილონით“ ყველა ცრუ რელიგიაა წარმოდგენილი? (გამოცხადება 17:5). დაფიქრდით შემდეგზე:

  • მისი სამოქმედო არეალი მთელი მსოფლიოა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „დიდი ბაბილონი“ ხალხებზე, ჯგუფებსა და ერებზე „ზის“ და „დედამიწის მეფეებზე ბატონობს“ (გამოცხადება 17:15, 18).

  • არ არის არც პოლიტიკური და არც კომერციული სისტემა. „დიდი ბაბილონის“ განადგურებისას „დედამიწის მეფეები“ და „დიდვაჭრები“ გადარჩებიან (გამოცხადება 18:9, 15).

  • ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ღმერთზე. მას „მეძავი“ ეწოდება, რადგან გამორჩენის მიზნით მთავრობებთან ალიანსს ქმნის (გამოცხადება 17:1, 2). „დიდ ბაბილონს“ შეცდომაში შეჰყავს ხალხი და მრავალთა სისხლში აქვს გასვრილი ხელი (გამოცხადება 18:23, 24).

დაბრუნება მე-13 გაკვეთილის მე-6 პუნქტზე

 2. როდის გამოჩნდა მესია?

ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესიის გამოჩენამდე 69 კვირა გავიდოდა (წაიკითხეთ დანიელის 9:25).

  • როდის დაიწყო 69 კვირის ათვლა? ძვ. წ. 455 წელს, როცა გამგებელი ნეემია იერუსალიმში ჩავიდა ქალაქის აღსადგენად (დანიელი 9:25; ნეემია 2:1, 5—8).

  • რა ხანგრძლივობის იყო 69 კვირა? ბიბლიის ზოგ წინასწარმეტყველებაში ერთი დღე ერთ წელს ასიმბოლოებს (რიცხვები 14:34; ეზეკიელი 4:6). შესაბამისად, ერთი კვირა შვიდი წელი გამოდის, ამ წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული 69 კვირა კი — 483 წელი (69x7).

  • როდის დასრულდა 69 კვირა? თუ ძვ. წ. 455 წლიდან 483 წელს გადმოვითვლით, ახ. წ. 29 წლამდე მივალთ. a სწორედ ამ წელს მოინათლა იესო და გახდა მესია (ლუკა 3:1, 2, 21, 22).

დაბრუნება მე-15 გაკვეთილის მე-5 პუნქტზე

 3. სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენება

ზოგიერთი პროცედურის დროს პაციენტის საკუთარი სისხლი გამოიყენება. ამაში შედის სისხლის დონაცია ან საკუთარი სისხლის შენახვა, რაც ზოგჯერ ოპერაციამდე რამდენიმე კვირით ადრეც კი ხდება. ეს პროცედურები ქრისტიანებისთვის მიუღებელია (კანონი 15:23).

თუმცა ზოგ პროცედურას შეიძლება ქრისტიანი დათანხმდეს, მაგალითად, სისხლის ანალიზის ჩაბარებას, ჰემოდიალიზს, ჰემოდილუციას, სისხლის დაზოგვას ან სისხლის ხელოვნური მიმოქცევის აპარატის გამოყენებას. თითოეულმა ქრისტიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ გამოიყენებენ მის სისხლს ოპერაციის, გამოკვლევის ან რაიმე პროცედურის დროს. ექიმებს შეიძლება სხვადასხვა მიდგომა ჰქონდეთ, ამიტომ, ვიდრე ქრისტიანი დათანხმდება რომელიმე ოპერაციას, გამოკვლევას ან პროცედურას, ზუსტად უნდა გაიგოს, როგორ გამოიყენებენ მის სისხლს. გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით:

  • თუ სისხლის გარკვეული რაოდენობა გამოაქვთ ორგანიზმიდან და მისი ცირკულირება დროებით წყდება, მაძლევს სინდისი უფლებას, ეს სისხლი ისევ ჩემი სხეულის ნაწილად ჩავთვალო და „მიწაზე არ დავღვარო“? (კანონი 12:23, 24).

  • თუ რომელიმე პროცედურის დროს სისხლის გარკვეულ რაოდენობას ამიღებენ და მოდიფიკაციის შემდეგ ჩემს ორგანიზმში დააბრუნებენ ან ადგილობრივად ჭრილობაზე გამოიყენებენ, მისაღები იქნება ეს ჩემთვის თუ სინდისი შემაწუხებს?

დაბრუნება 39-ე გაკვეთილის მე-3 პუნქტზე

 4. განცალკევებით ცხოვრება

ღვთის სიტყვა ცოლ-ქმარს მოუწოდებს, ერთად იყვნენ, მაგრამ, თუ მაინც გადაწყვეტენ, რომ ცალ-ცალკე იცხოვრონ, სხვაზე არ უნდა დაქორწინდნენ (1 კორინთელები 7:10, 11). ქვემოთ განხილულია რამდენიმე სიტუაცია, როცა ზოგმა ქრისტიანმა განცალკევებით ცხოვრება გადაწყვიტა.

  • როცა ქმარი ოჯახზე არ ზრუნავს. ის უარს ამბობს ოჯახის რჩენაზე, რის გამოც ცოლ-შვილი ლუკმაპურის გარეშე რჩება (1 ტიმოთე 5:8).

  • როცა მეუღლე მოძალადეა. ის ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მეორე ნახევარს, რის გამოც მის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება (გალატელები 5:19—21).

  • როცა იეჰოვასთან ურთიერთობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. მეუღლე საშუალებას არ აძლევს მეორე ნახევარს, იეჰოვას ემსახუროს (საქმეები 5:29).

დაბრუნება 42-ე გაკვეთილის მე-3 პუნქტზე

 5. დღესასწაულები

ქრისტიანები იეჰოვასთვის მიუღებელ დღესასწაულებს არ აღნიშნავენ. თუმცა თითოეულმა ბიბლიით განსწავლული სინდისით უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოიქცევა სხვადასხვა სიტუაციაში დღესასწაულების დროს. განვიხილოთ ზოგიერთი სიტუაცია:

  • როცა ვინმე დღესასწაულს გილოცავთ. შეგიძლიათ უბრალოდ მადლობა გადაუხადოთ. თუ მეტის გაგება სურს, აუხსენით, რატომ არ აღნიშნავთ ამ დღესასწაულს.

  • როცა მეუღლე არ არის იეჰოვას მოწმე და გთხოვთ, მასთან ერთად წახვიდეთ ნათესავებთან სადღესასწაულო ვახშამზე. თუ სინდისი ნებას გრთავთ, წახვიდეთ, კარგი იქნება, წინასწარ აუხსნათ მეუღლეს, რომ, თუ ნათესავები რაიმე წარმართულ წეს-ჩვეულებას შეასრულებენ, მონაწილეობას არ მიიღებთ.

  • როცა დამსაქმებელი დღესასწაულის დროს პრემიას გაძლევთ. უარი უნდა თქვათ პრემიის აღებაზე? მაინცდამაინც არა. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით: დამსაქმებელი პრემიის აღებას დღესასწაულში მონაწილეობად ჩაგითვლით თუ უბრალოდ, სურს, მადლიერება გამოხატოს გაწეული შრომისთვის?

  • როცა დღესასწაულზე საჩუქარს გჩუქნიან. ვინმემ შეიძლება გითხრათ: „ვიცი, ამ დღესასწაულს არ აღნიშნავ, მაგრამ მაინც მინდა, ეს საჩუქარი ჩემგან გქონდეს“. შეიძლება ამ ადამიანს უბრალოდ სიკეთის გაკეთება უნდა. თუმცა, მეორე მხრივ, მას შეიძლება სურდეს, გამოგცადოთ ან დღესასწაულში მონაწილეობა მიგაღებინოთ. ზემოთქმულზე დაფიქრების შემდეგ თავად უნდა გადაწყვიტოთ, მიიღებთ თუ არა საჩუქარს. მთავარი ისაა, რომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქრისტიანმა, სუფთა სინდისი და ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნოს (საქმეები 23:1).

დაბრუნება 44-ე გაკვეთილის 1-ლ პუნქტზე

 6. გადამდები დაავადებები

ჩვენ გვიყვარს მოყვასი, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, სხვები არ დავაინფიციროთ. შესაბამისად, სიფრთხილეს ვიჩენთ, როცა დაინფიცირებული ვართ ან ამა თუ იმ გადამდები დაავადების მატარებელი ვართ. მიზეზს ბიბლიიდან ვიგებთ: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (რომაელები 13:8—10).

რა უნდა გააკეთოს ქრისტიანმა ამ მითითების გასათვალისწინებლად? დაინფიცირების შემთხვევაში მან თავი უნდა შეიკავოს ფიზიკური კონტაქტისგან, მაგალითად, ხელის ჩამორთმევისგან და ჩახუტებისა თუ კოცნისგან; მას არ უნდა ეწყინოს, თუ ვინმე სტუმრად არ დაპატიჟებს იმის გამო, რომ სურს, გაუფრთხილდეს ოჯახის წევრების ჯანმრთელობას; ნათლობამდე მან უხუცესთა საბჭოს კოორდინატორს უნდა შეატყობინოს თავისი დაავადების შესახებ, რათა ნათლობის დროს შესაბამისი ზომები იქნას მიღებული სხვების დასაცავად; თუ ქრისტიანი ეჭვობს, რომ შეიძლება გადამდები დაავადება ჰქონდეს, უნდა აიღოს სისხლის ანალიზი, სანამ ქორწინების მიზნით ვინმესთან ურთიერთობას დაიწყებს. თუ ასე მოვიქცევით, ცხადვყოფთ, რომ ვითვალისწინებთ ბიბლიაში ჩაწერილ რჩევას: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).

დაბრუნება 56-ე გაკვეთილის მე-2 პუნქტზე

 7. საქმიანი ურთიერთობები და იურიდიული საკითხები

ბევრ პრობლემას ავირიდებთ თავიდან, თუ საქმიანი ურთიერთობის დროს ხელშეკრულებას გავაფორმებთ მაშინაც კი, თუ მეორე მხარე თანაქრისტიანია (იერემია 32:9—12). ამის მიუხედავად, მაინც შეიძლება მოგვივიდეს პატარ-პატარა უთანხმოებები. ასეთ დროს, რაც შეიძლება მალე და მშვიდობიანად უნდა მოვაგვაროთ პრობლემა, თანაც ერთი ერთზე.

მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თაღლითობის ან ცილისწამების მსხვერპლი გავხდებით? (წაიკითხეთ მათეს 18:15—17). იესომ სამი რჩევა მოგვცა:

  1. შეეცადეთ, პრობლემა უშუალოდ თანაქრისტიანთან მოაგვაროთ (იხილეთ მე-15 მუხლი).

  2. თუ მცდელობის მიუხედავად პრობლემა ვერ მოაგვარეთ, დახმარება ერთ ან ორ სულიერად მოწიფულ თანაქრისტიანს სთხოვეთ (იხილეთ მე-16 მუხლი).

  3. თუ პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიმართეთ დახმარებისთვის უხუცესებს (იხილეთ მე-17 მუხლი).

უმეტეს შემთხვევაში თანაქრისტიანებს სასამართლოში არ უნდა ვუჩივლოთ, რათა ღვთის სახელსა და კრებას ჩირქი არ მოვცხოთ (1 კორინთელები 6:1—8). თუმცა შეიძლება ზოგიერთი საკითხის სამართლებრივი გზით მოგვარება გახდეს საჭირო. ესენი შეიძლება იყოს: განქორწინება, შვილზე მეურვეობის უფლების აღება, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა, დაზღვევით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღება, ანდერძის ლეგალიზაცია ან გაკოტრება. თუ ქრისტიანი ასეთი საკითხების მშვიდობიანად მოსაგვარებლად სასამართლოს მიმართავს, ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიურ პრინციპს არღვევს.

როცა საქმე სერიოზულ დანაშაულს ეხება, მაგალითად, გაუპატიურებას, ბავშვზე სექსუალურ ძალადობას, თავდასხმას, მსხვილ ქურდობას ან მკვლელობას, ქრისტიანი არ დაარღვევს ბიბლიურ პრინციპს, თუ ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობებს.

დაბრუნება 56-ე გაკვეთილის მე-3 პუნქტზე

a ძვ. წ. 455 წლიდან ძვ. წ. 1 წლამდე 454 წელია, ძვ. წ. 1 წლიდან ახ. წ. 1 წლამდე — ერთი წელი (ნულოვანი წელი არ არსებობს), ხოლო ახ. წ. 1 წლიდან ახ. წ. 29 წლამდე — 28 წელი. ასე ვიღებთ 483 წელს.