თავი 1
„გამომყევი“ — რას გულისხმობდა იესო?
1, 2. ყველაზე მნიშვნელოვანი რა მოწვევა შეიძლებოდა მიგეღო, და რა კითხვის დასმაა საჭირო?
რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი მოწვევა, რომელიც საერთოდ მიგიღია? შეიძლება ის დღე გახსენდება, როცა განსაკუთრებულ დღესასწაულზე, მაგალითად, ძვირფასი ადამიანების ქორწილში მიგიწვიეს. ან შესაძლოა იმ წუთებს იხსენებ, მაღალი თანამდებობა რომ შემოგთავაზეს. ასეთ მოწვევებს, უეჭველია, დიდი სიხარულით მიიღებდი და თავს ღირსეულ ადამიანადაც ჩათვლიდი. მაგრამ შენ ამაზე გაცილებით უკეთესი მოწვევა მიიღე. ეს მოწვევა თითოეულმა მივიღეთ. თუ გამოვეხმაურებით, ეს ყველაზე საუკეთესო არჩევანი იქნება ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ამაზე ჩვენი სიცოცხლეა დამოკიდებული.
2 რა მოწვევას ვგულისხმობთ? იეჰოვას, ყოვლისშემძლე ღვთის მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მოწვევას. მარკოზის 10:21-ში ვკითხულობთ: „მოდი და გამომყევი“. მართალია იესო თითოეულ ჩვენგანს იწვევს, მაგრამ საჭიროა დავსვათ შეკითხვა: „პირადად მე ვეხმაურები იესოს მოწვევას?“ პასუხი, ალბათ, დადებითი იქნება. ბოლოს და ბოლოს ვინ იტყოდა უარს ასეთ განსაკუთრებულ მოწვევაზე? მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უმრავლესობა უარს ამბობს. რატომ?
3, 4. ა) ვინ იყო ის ადამიანი, იესოსთან რომ მივიდა და მარადიულ სიცოცხლეზე შეკითხვა დაუსვა? ბ) რა თვისებებს დაინახავდა იესო ახალგაზრდა, მდიდარ მმართველში?
3 გავიხსენოთ ადამიანი, რომელმაც 2 000 წლის წინათ იესოსგან პირადად მიიღო ეს მოწვევა. როგორც ბიბლიაში მათე 19:20; ლუკა 18:18, 23). მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავი ის არის, რომ ეს მმართველი დიდებული მასწავლებლის, იესოს სწავლებით იყო დაინტერესებული.
წერია, ის დიდად დაფასებული, მდიდარი და ახალგაზრდა მმართველი იყო (4 პირველ საუკუნეში ბევრი მმართველი იესოს საკადრის პატივს არ სცემდა (იოანე 7:48; 12:42). მათგან განსხვავებით ეს მმართველი სხვაგვარად მოიქცა. ბიბლია მოგვითხრობს: «გზას რომ დაადგა [იესო], ერთმა კაცმა მიირბინა მასთან, მუხლებზე დაეცა და ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“» (მარკოზი 10:17). მას იმდენად უნდოდა იესოსთან ლაპარაკი, რომ ხალხის არ მოერიდა, ღარიბი და უბრალო ადამიანივით მიირბინა მასთან და პატივისცემის ნიშნად მუხლი მოიყარა. ის თავმდაბალი ჩანდა და ეტყობა, სულიერი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საჭიროებასაც ხედავდა. იესო აფასებდა ასეთ თვისებებს (მათე 5:3; 18:4). ამიტომ „სიყვარულით აღიძრა მისდამი“ (მარკოზი 10:21). რა უპასუხა იესომ მმართველს?
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოწვევა
5. რა უპასუხა იესომ მდიდარ მმართველს და საიდან ვიცით, რომ იესო სიღარიბეს არ გულისხმობდა, როდესაც უთხრა მას, ერთი რამ გაკლიაო? (იხილე სქოლიო).
5 იესომ იცოდა თავისი მამისგან, თუ რა იყო საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად. ამიტომ იმ ახალგაზრდა მმართველს წმინდა წერილებზე მიუთითა; იმანაც უთხრა, რომ მოსეს კანონს ერთგულად იცავდა. იესო გასაოცარი გამჭრიახობის წყალობით საკითხს ღრმად ჩასწვდა (იოანე 2:25). მან დაინახა მმართველის სერიოზული სულიერი პრობლემა. იესომ უთხრა: „ერთი რამ გაკლია“. რას გულისხმობდა იგი? ‘წადი, გაყიდე რაც გაქვს და ღარიბებს დაურიგე’, — დასძინა იესომ (მარკოზი 10:21). ნიშნავდა იესოს სიტყვები იმას, რომ მხოლოდ ღარიბს შეუძლია ღმერთს ემსახუროს? არა *. ქრისტე გაცილებით მეტს გულისხმობდა.
6. რა შესთავაზა იესომ მმართველს და რა გამოააშკარავა მისმა პასუხმა?
6 ცხადი რომ გაეხადა, თუ რა აკლდა მმართველს, იესომ უთხრა: „მოდი და გამომყევი“. წარმოიდგინე, უზენაესი ღვთის ძემ პირადად მიიწვია იგი! იესო მმართველს ისეთ ჯილდოს დაჰპირდა, რასაც ის ვერც კი წარმოიდგენდა: „გექნება განძი ზეცაში“. მაშინვე გამოეხმაურა მდიდარი მმართველი ამ განსაკუთრებულ მოწვევას? ბიბლია მოგვითხრობს: „ამ სიტყვებმა ის დაამწუხრა და დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა“ (მარკოზი 10:21, 22). იესოს მოულოდნელმა სიტყვებმა მმართველის გულის მდგომარეობა გამოააშკარავა. ის ვერ ელეოდა თავის ქონებას, ძალაუფლებასა და სახელს. სამწუხაროდ, მას ქონება იესოზე მეტად უყვარდა. როგორც დავინახეთ, „ერთ რამეში“ იესოსა და იეჰოვასადმი თავგანწირული, მთელი გულით სიყვარული იგულისხმებოდა. ახალგაზრდა მმართველს არ გააჩნდა ასეთი სიყვარული და ამიტომ თქვა უარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მოწვევაზე.
7. საიდან ვრწმუნდებით, რომ იესო ჩვენც გვიწვევს?
7 იესომ მხოლოდ ის მმართველი როდი მიიწვია. მან თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს . . . გამომყვეს“ (ლუკა 9:23). ყურადღება მიაქციე, რომ „თუ ვინმეს [მართლა] უნდა“, შეუძლია გახდეს ქრისტეს მიმდევარი. ღმერთი თავისი ძისკენ სუფთა გულის ადამიანებს იზიდავს (იოანე 6:44). იესო ყველას იწვევს, მიუხედავად იმისა, მდიდარია ადამიანი თუ ღარიბი, რომელ რასას თუ ეროვნებას მიეკუთვნება და რომელ საუკუნეში ცხოვრობდა. როგორც ვხედავთ, იესოს სიტყვები „მოდი და გამომყევი“ შენც გეხება. რატომ უნდა გაჰყვე ქრისტეს და რას ნიშნავს ეს?
რატომ უნდა გავყვეთ ქრისტეს?
8. რას ვსაჭიროებთ ყველანი, და რატომ?
8 პირველ რიგში უნდა ვაღიაროთ, რომ გვჭირდება კარგი ხელმძღვანელი. ყველა არ აღიარებს ამას, მაგრამ ამით ჭეშმარიტება არ იცვლება. იეჰოვას წინასწარმეტყველმა იერემიამ ღვთის შთაგონებით უკვდავი ჭეშმარიტება წარმოთქვა: „ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). ადამიანებს საკუთარი თავის მართვის არც უნარი აქვთ და არც მორალური უფლება, რადგან კაცობრიობის ისტორიას არაერთი წარუმატებელი მმართველი ახსოვს (ეკლესიასტე 8:9). მმართველები იესოს დროსაც ავიწროებდნენ ხალხს, ჩაგრავდნენ და ატყუებდნენ. იესო ხედავდა, რომ უბრალო ხალხი ‘უმწყემსო ცხვარივით’ იყო (მარკოზი 6:34). ვითარება დღესაც არ შეცვლილა. როგორც ცალკეული ადამიანი, ისე მთელი საზოგადოება საჭიროებს ისეთ ხელმძღვანელს, რომელიც ნდობასაც იმსახურებს და პატივისცემასაც. სწორედ ასეთი ხელმძღვანელია იესო. რატომ იესო?
9. რით გამოირჩევა იესო სხვა მმართველებისგან?
9 პირველი მიზეზი ის არის, რომ იესო თავად იეჰოვა ღმერთის ამორჩეულია. როგორც წესი, მმართველების უმეტესობას მათივე მსგავსი არასრულყოფილი ადამიანები ირჩევენ, რომლებიც ხშირად არასწორად აფასებენ მოვლენებს და მოტყუებულებიც რჩებიან. იესო მათ არა ჰგავს. მათე 12:18). ჩვენს შემოქმედზე უკეთ არავინ იცის, როგორი ხელმძღვანელი გვჭირდება. იეჰოვას არჩევანს რომ ვენდოთ, ამის მტკიცე საფუძველს მისი უსაზღვრო სიბრძნე გვაძლევს (იგავები 3:5, 6).
ამაზე მისი სახელი მეტყველებს. სიტყვა „ქრისტე“, იგივე „მესია“ ნიშნავს „ცხებულს“. ის სამყაროს უზენაესმა უფალმა სცხო, ანუ დანიშნა წმინდა საქმის შესასრულებლად. იეჰოვამ თავის ძეზე თქვა: „აი, ჩემი საყვარელი მსახური, რომელიც ამოვირჩიე და რომელიც ჩემმა სულმა მოიწონა! ჩემს სულს დავავანებ მასზე“ (10. რატომ არის იესო საუკეთესო მაგალითი?
10 მეორე მიზეზი ის არის, რომ იესო საუკეთესო მაგალითს გვაძლევს, რაც მოქმედებისკენ აღგვძრავს. საუკეთესო მმართველი ის არის, ვინც თავის ქვეშევრდომებს თვისებებით ხიბლავს, მაგალითს აძლევს და აღძრავს, მიჰბაძონ მას. შენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს მმართველს? გაბედულება, სიბრძნე თუ თანაგრძნობა? იქნებ ამტანობა? იესოს ცხოვრებას რომ გავეცნობით, დავინახავთ, რომ ის გაცილებით მეტ თვისებას ფლობდა. იესოს ღვთის ყველა თვისება ჰქონდა, რადგან ზეციერი მამის სრულყოფილი ანარეკლი იყო. ის ფლობდა ყველა თვისებას, რაც კი სრულყოფილ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა. იესოს ყველაფერში შეგვიძლია მივბაძოთ, თუ გავითვალისწინებთ, რას აკეთებდა, რას ამბობდა და რას გრძნობდა. ბიბლიაში წერია: „მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21).
11. როგორ ცხადყო იესომ, რომ „კარგი მწყემსი“ იყო?
11 მესამე მიზეზი ის არის, რომ იესო თავისი ცხოვრებით ცხადყოფდა იმას, რასაც ამბობდა: „მე კარგი მწყემსი ვარ“ (იოანე 10:14). ბიბლიურ დროში მწყემსის საქმიანობა ხალხისთვის უცხო არ ყოფილა. მწყემსები თავდაუზოგავად ზრუნავდნენ ცხვრის ფარაზე. ცხვრის უსაფრთხოებას „კარგი მწყემსი“ საკუთარზე წინ აყენებდა. მაგალითად, იესოს წინაპარს, დავითს, რომელიც ბავშვობიდან მწყემსი იყო, არაერთხელ ჩაუგდია თავი საფრთხეში მხეცებისგან ცხვრის დასაცავად (1 სამუელი 17:34—36). იესომ გაცილებით მეტი გააკეთა, მან სიცოცხლე გასწირა თავისი მიმდევრებისთვის (იოანე 10:15). განა რამდენი მმართველი ავლენს ასეთ თავგანწირვას?!
12, 13. ა) რას ნიშნავს, რომ მწყემსი ცნობს თავის ცხვარს და ცხვარიც ცნობს მას? ბ) რატომ გინდა, რომ „კარგი მწყემსი“ მიგიძღოდეს?
12 იესო სხვა მხრივაც იყო „კარგი მწყემსი“. ერთხელ მან თქვა: „მე ვიცნობ ჩემს ცხვარს, ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე“ (იოანე 10:14). დაფიქრდი იესოს სიტყვებზე. დაუკვირვებელი თვალი შეიძლება ფარაში ცხვრებისა და მატყლის მეტს ვერაფერს ხედავდეს. მაგრამ მწყემსი თითოეულ ცხვარს ცნობს. მან იცის, მალე რომელი ცხვარი მოიგებს, რომელ პატარა და უსუსურ ბატკანს სჭირდება ხელით ტარება, და რომელი ცხვარი დაავადდა ან დაშავდა. ცხვარიც ცნობს თავის მწყემსს და მისი ხმა არასოდეს ერევა სხვა მწყემსის ხმაში. საშიშროების დროს ცხვარი მაშინვე რეაგირებს მწყემსის დაძახილზე. მწყემსმა იცის, საით წაიყვანოს ცხვარი, სად არის ნოყიერი და ხასხასა ბალახი, სად მოედინება ანკარა წყალი და სად არის უსაფრთხო საძოვარი, და ცხვარიც მიჰყვება. მწყემსის მეთვალყურეობით ცხვარი მართლაც უსაფრთხოდ გრძნობს თავს (ფსალმუნი 23).
13 განა არ გინდა, გყავდეს ასეთი წინამძღოლი? „კარგ მწყემსს“ არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ სწორედ ისეთი მწყემსია, როგორიც ზემოთ აღვწერეთ. ის გვპირდება, რომ გვიხელმძღვანელებს და ბედნიერი, აზრიანი ცხოვრება გვექნება როგორც დღეს, ისე მარადიულად (იოანე 10:10, 11; გამოცხადება 7:16, 17). მაგრამ ჩვენ რა მოგვეთხოვება?
რას ნიშნავს, მიჰყვე ქრისტეს?
14, 15. ქრისტეს რომ მიჰყვებოდე, რატომ არ არის საკმარისი, თავს ქრისტიანად მიიჩნევდე ან მხოლოდ სიტყვით ამბობდე, რომ გიყვარს იესო?
14 დღეს მილიონობით ადამიანს ჰგონია, რომ ქრისტეს მიჰყვება. ისინი თავს ქრისტიანებს უწოდებენ და შეიძლება იმ ეკლესიის მრევლს მიეკუთვნებიან, სადაც მშობლების სურვილით მოინათლნენ. ისინი ამბობენ, რომ უყვართ იესო და თავიანთ პირად მხსნელად მიიჩნევენ. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მართლა მიჰყვებიან იესოს? რაც ზემოთ მოვიხსენიეთ, ეს ჰქონდა იესოს მხედველობაში, როცა მოგვიწოდა, გამომყევითო? ის გაცილებით მეტს გულისხმობდა.
15 მოდი ვისაუბროთ ქრისტიანულ სამყაროზე, იმ ქვეყნებზე, რომელთა მოქალაქეებიც თავს ქრისტეს მიმდევრებად მიიჩნევენ. მიჰყვება ქრისტიანული სამყარო ქრისტეს მოძღვრებას? აშკარა არ არის, რომ ქრისტიანული სამყაროს ქვეყნებშიც ისევე აქვს ფეხი მოკიდებული სიძულვილს, ჩაგვრას, დამნაშავეობას და უსამართლობას, როგორც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში?! ცნობილმა ინდოელმა წინამძღოლმა მოჰანდას განდიმ ერთხელ აღნიშნა: „არავის გაუკეთებია ადამიანებისთვის იმდენი სიკეთე, რამდენიც იესოს. ქრისტიანობას ნაკლი არა აქვს“. შემდეგ დასძინა: „პრობლემა თქვენშია, ქრისტიანებო. თქვენ არც კი ცდილობთ თქვენივე მოძღვრებების თანახმად ცხოვრებას“.
16, 17. რა რჩებათ მხედველობიდან მათ, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, და რით გამოირჩევიან ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები?
16 იესომ აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი მიმდევარი საქმით უნდა იყო, და არა მხოლოდ სიტყვითა თუ წოდებით. მან თქვა: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას» (მათე 7:21). რატომ ხდება, რომ უმრავლესობა იესოს თავის უფლად აღიარებს, მაგრამ ვერ ასრულებს მისი მამის ნებას? გავიხსენოთ მდიდარი მმართველის შემთხვევა. ძალზე ხშირად ასეთ ქრისტიანებს „ერთი რამ აკლიათ“ — მათ მთელი გულით არ უყვართ არც იესო და არც ის, ვინც იესო გამოგზავნა.
17 რატომ? განა ის მილიონობით ადამიანი, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებს, იმას არ ამტკიცებს, რომ ქრისტე უყვარს? მაგრამ იესოსა და იეჰოვას სიყვარული გაცილებით მეტს ნიშნავს. იესომ თქვა: „ვისაც ვუყვარვარ, ჩემს სიტყვას დაიცავს“ (იოანე 14:23). როგორც მწყემსმა, მან ასეთი სიტყვებიც თქვა: „ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან“ (იოანე 10:27). ქრისტესადმი სიყვარული მხოლოდ სიტყვებითა და გრძნობებით კი არა, უმთავრესად საქმეებით იცდება.
18, 19. ა) როგორ იმოქმედებს ჩვენს გულზე იესოს გაცნობა? ბ) რა არის ამ წიგნის მიზანი და რაში დაეხმარება მათ, ვინც უკვე კარგა ხანია, რაც იესოს მიჰყვება?
18 ჩვენს საქმეებში აისახება ის, თუ შინაგანად როგორი ადამიანები ვართ. სწორედ აქედან იწყება ყველაფერი. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). თუ იესოს ვეცნობით და ვფიქრობთ მასზე, ეს ჩვენს გულზე იმოქმედებს. მას უფრო მეტად შევიყვარებთ და ყოველთვის დიდი გულმოდგინებით გავყვებით.
19 ამ წიგნის მიზანი სწორედ ის არის, რომ ზუსტად მივყვეთ იესოს, და არა უბრალოდ გავეცნოთ იესოს მსახურებასა და ცხოვრებას *. ეს წიგნი დაგვეხმარება, ჩავწვდეთ წმინდა წერილების სულს, და აღგვძრავს, დავფიქრდეთ: „მართლა მივყვები იესოს?“ (იაკობი 1:23—25). შესაძლოა დიდი ხანია, რაც „კარგ მწყემსს“ მიჰყვები, მაგრამ შეიძლება უფრო და უფრო ზუსტად მიჰყვე. ბიბლია მოგვიწოდებს: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორინთელები 13:5). ნამდვილად ღირს, დავრწმუნდეთ, მართლა მივყვებით თუ არა ჩვენს მოსიყვარულე „კარგ მწყემსს“, იესოს, რომელიც იეჰოვამ დაგვინიშნა მწყემსად.
20. რას განვიხილავთ მომდევნო თავში?
20 დაე გაგიძლიეროს ამ წიგნმა იესოს და იეჰოვას სიყვარული, რის შედეგადაც ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებაშიც კი უდიდეს სიმშვიდესა და კმაყოფილებას იგრძნობ, და მარადიულად განადიდებ იეჰოვას იმისათვის, რომ „კარგი მწყემსი“ დაგვიყენა. ქრისტეს შესახებ ცოდნის მიღებას სწორი მიმართულება უნდა მიეცეს. ამიტომ, მე-2 თავში განვიხილავთ იმას, თუ რა როლი აკისრია იესოს იეჰოვას უმთავრესი განზრახვის შესრულებაში.
^ აბზ. 5 იესოს ყველა მიმდევრისთვის არ უთქვამს, ქონება გაყიდეთო. მართალია მან აღნიშნა, რომ რთულია მდიდრისთვის ღვთის სამეფოში შესვლა, მაგრამ არც იმის ხაზგასმა დავიწყებია, რომ „ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“ (მარკოზი 10:23, 27). როგორც ვიცით, მდიდრებიც კი გახდნენ ქრისტეს მიმდევრები. მათ ქრისტიანული კრების მეშვეობით კონკრეტული რჩევებიც მიიღეს, თუმცა არავის უთქვამს მათთვის, მთელი თქვენი ქონება ღარიბებს დაურიგეთო (1 ტიმოთე 6:17).
^ აბზ. 19 იესოს ცხოვრებასა და მსახურებასთან დაკავშირებული ქრონოლოგიური მოვლენები აღწერილია იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემულ წიგნში „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“.