არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 15

„გული დაეწვა“

„გული დაეწვა“

„თვალი აგვიხილე, უფალო“.

1—3. ა) როგორ მოიქცა იესო, როცა ორი უსინათლო შველას სთხოვდა? ბ) რა იგულისხმება სიტყვებში „გული დაეწვა“? (იხილე სქოლიო).

იერიხონთან ახლოს ორი უსინათლო ყოველდღე გზის პირას ჯდებოდა, იქ, სადაც ხალხი მიმოდიოდა, და მოწყალებას ითხოვდა. ერთ დღეს მათი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

2 მათხოვრებს მოულოდნელად აურზაურის ხმა შემოესმათ. ერთ-ერთმა იკითხა, თუ რა ხდებოდა, და შეიტყვეს, რომ იესო ნაზარეთელი მოდიოდა. იესო უკანასკნელად მიდიოდა იერუსალიმში, თან დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა. უსინათლოებმა ყვირილი მორთეს: „შეგვიწყალე, უფალო, დავითის ძეო!“ აღშფოთებული ხალხი აჩუმებდა მათ, მაგრამ ამაოდ. უსინათლოები კვლავაც გაჰყვიროდნენ.

3 იესომ გაიგო მათი ხმა, რომელიც დიდძალი ხალხის ხმაურს ფარავდა. რას გააკეთებდა იესო, მაშინ როცა ათასი საფიქრალი ჰქონდა? დედამიწაზე ცხოვრების ბოლო კვირაღა რჩებოდა. მან იცოდა, რომ იერუსალიმში ტანჯვა-წამებით სიკვდილი ელოდა. მიუხედავად ამისა, იესომ ყური არ წაუყრუა მათ ყვირილს. გაჩერდა და მოითხოვა, უსინათლოები მასთან მიეყვანათ. ისინი ეხვეწებოდნენ, უფალო, თვალი აგვიხილეო. იესოს „გული დაეწვა“ *, თვალებზე შეეხო და მხედველობა დაუბრუნა. ისინი მაშინვე გაჰყვნენ იესოს (ლუკა 18:35—43; მათე 20:29—34).

4. როგორ შესრულდა იესოზე წინასწარმეტყველება, რომ ‘შეიბრალებდა საწყალს’?

4 ეს თანაგრძნობის გამოვლენის ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა. იესოს სხვა შემთხვევებშიც არაერთხელ გამოუვლენია თანაგრძნობა. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ის ‘შეიბრალებდა საწყალს’ (ფსალმუნი 72:13). იესოს მართლაც გულთან მიჰქონდა ხალხის გასაჭირი და თვითონ მიდიოდა მათ დასახმარებლად. მას ქადაგებისკენაც სწორედ თანაგრძნობა აღძრავდა. ახლა გავიხსენოთ სახარებებში ჩაწერილი შემთხვევები, საიდანაც ჩანს, რომ სიტყვითა თუ საქმით იესო მთელი გულით ავლენდა თანაგრძნობას. ვიმსჯელებთ იმაზეც, თუ ჩვენ როგორ მივბაძოთ იესოს.

იესო ითვალისწინებდა ადამიანის გრძნობებს

5, 6. რომელი მაგალითებიდან ვხედავთ, რომ იესო თანამგრძნობი ადამიანი იყო?

5 იესო თანამგრძნობი ადამიანი იყო. ის შედიოდა პრობლემებით დამძიმებული ხალხის მდგომარეობაში. თუმცა იესო ყოველთვის არ ყოფილა მათნაირ მდგომარეობაში, მაგრამ ყოველთვის ესმოდა, რას განიცდიდა ხალხი (ებრაელები 4:15). მაგალითად, ერთხელ, როდესაც 12 წლის განმავლობაში სისხლდენით გატანჯული ქალი განკურნა, იესომ ახსენა, რომ ეს „მძიმე დაავადება“ იყო, რითაც იმას გულისხმობდა, რომ ქალი მართლაც საშინლად იტანჯებოდა (მარკოზი 5:25—34). მეორე შემთხვევაში კი, როდესაც დაინახა, რომ მარიამი და იქ მყოფნი ლაზარეს დასტიროდნენ, იესო შეძრა მათმა მწუხარებამ და აცრემლდა, მიუხედავად იმისა, რომ ლაზარეს აღდგენას აპირებდა (იოანე 11:33, 35).

6 ერთხელ იესოსთან კეთროვანი მივიდა და შეევედრა: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“. როგორ მოიქცა სრულყოფილი იესო, რომელიც არასოდეს გამხდარა ავად? შეებრალა კეთროვანი, „გული დაეწვა“ (მარკოზი 1:40—42). მაშინ იესო უჩვეულოდ მოიქცა. მან იცოდა, რომ კანონის თანახმად, კეთროვნები უწმინდურები იყვნენ და ხალხისგან მოშორებით უნდა ყოფილიყვნენ (ლევიანები 13:45, 46). იესოს არ გაუჭირდებოდა, კეთროვანი შეხების გარეშე განეკურნა (მათე 8:5—13). მაგრამ შეეხო და უთხრა: „მსურს, განიწმინდე!“ და კეთროვანი მაშინვე განიკურნა. იესომ მართლაც მთელი გულით თანაუგრძნო კეთროვანს.

„იყავით გულისხმიერნი“.

7. რა დაგვეხმარება თანაგრძნობის გამოვლენაში და როგორ გამოვხატოთ თანაგრძნობა?

7 ჩვენ, ქრისტიანებმა იესოს უნდა მივბაძოთ თანაგრძნობის გამოვლენაში. ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ „გულისხმიერნი“ * (1 პეტრე 3:8). შეიძლება ადვილი არ იყოს, ქრონიკულად დაავადებულთა ან დეპრესიაში მყოფთა მდგომარეობაში შეხვიდე, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგივე არ განგიცდია. თუმცა თანაგრძნობის გამოსავლენად აუცილებელი როდია, შენც იგივე განიცადო. იესოს კარგად ესმოდა ავადმყოფების, მიუხედავად იმისა, რომ თავად არასოდეს გამხდარა ავად. ჩვენ როგორ გამოვავლინოთ თანაგრძნობა? მოთმინებით მოვუსმინოთ დამწუხრებულებს, როდესაც თავიანთ საწუხარზე გველაპარაკებიან, და შევიდეთ მათ მდგომარეობაში. კითხვა დაუსვი საკუთარ თავს, „მე რას ვიგრძნობდი მათ ადგილზე?“ (1 კორინთელები 12:26). რაც უფრო თანამგრძნობი გახდები, მით უფრო შეძლებ ‘ანუგეშო დამწუხრებული სულები’ (1 თესალონიკელები 5:14). ზოგჯერ თანაგრძნობა ცრემლებითაც კი შეიძლება გამოხატო. „მოტირალებთან იტირეთ“, — ვკითხულობთ რომაელების 12:15-ში.

8, 9. როგორ ითვალისწინებდა იესო ადამიანის გრძნობებს?

8 იესო ანგარიშს უწევდა სხვებს და მათ გრძნობებს ითვალისწინებდა. გავიხსენოთ ის შემთხვევა, როცა იესოსთან ერთი ყრუ და ენაბლუ კაცი მიიყვანეს. ალბათ, შეატყო იესომ, რომ უხერხულად გრძნობდა თავს, და ისეთი რამ გააკეთა, რასაც, ჩვეულებრივ, ადამიანის განკურნების დროს არ აკეთებდა. „იესომ ცალკე გაიყვანა იგი“, რომ ხალხს არ დაენახა და ისე განკურნა (მარკოზი 7:31—35).

9 იესო მსგავსად მოიქცა მაშინაც, როდესაც განსაკურნავად ერთი უსინათლო მიუყვანეს. მან „ხელი მოჰკიდა უსინათლოს და სოფლიდან გაიყვანა“. კაცს ნელ-ნელა დაუბრუნა მხედველობა, რომ, როგორც ჩანს, თვალებს და გონებას თანდათანობით აღექვა მზით განათებული გარემო (მარკოზი 8:22—26). როგორც ვხედავთ, იესო ითვალისწინებდა ადამიანის გრძნობებს.

10. რა დაგვეხმარება იმაში, რომ გავითვალისწინოთ სხვების გრძნობები?

10 ქრისტეს მიმდევრებად რომ ვითვლებოდეთ, ჩვენც უნდა ვითვალისწინებდეთ ადამიანის გრძნობებს. უნდა დავუკვირდეთ ჩვენს სიტყვებს, რადგან დაუფიქრებელმა ლაპარაკმა შეიძლება სხვას ტკივილი მიაყენოს (იგავები 12:18; 18:21). თუ ქრისტიანი ითვალისწინებს სხვის გრძნობებს, მოერიდება უხეში სიტყვების თქმას, დამამცირებელ შენიშვნებსა და გულსატკენ დაცინვას (ეფესოელები 4:31). უხუცესებო, რა დაგეხმარებათ იმაში, რომ სხვისი გრძნობები გაითვალისწინოთ? რჩევის მიცემის დროს ქრისტიანს რბილად მიუდექით, რომ ღირსების გრძნობა არ შეელახოს (გალატელები 6:1). მშობლებო, თქვენ რა დაგეხმარებათ, რომ შვილების გრძნობები გაითვალისწინოთ? ეცადეთ, ისე აღზარდოთ შვილი, რომ არასრულფასოვნების გრძნობა არ განუვითარდეს (კოლოსელები 3:21).

იესო თავის თავზე იღებდა ინიციატივას

11, 12. რომელი შემთხვევები ცხადყოფს, რომ თანაგრძნობის გამოსავლენად იესოს თქმა არ სჭირდებოდა?

11 იესო მხოლოდ მაშინ არ ავლენდა თანაგრძნობას, როცა დახმარებას სთხოვდნენ. თანაგრძნობა მხოლოდ სიტყვებით როდი ვლინდება. სწორედ თანაგრძნობა აღძრავდა იესოს, თვითონ მისულიყო ხალხთან დასახმარებლად. ერთხელ უამრავმა ადამიანმა ისე დაჰყო სამი დღე იესოსთან, რომ არაფერი უჭამიათ; იესოს არავისგან დასჭირვებია იმის თქმა, თუნდაც მინიშნება, რომ რაღაც უნდა გაეკეთებინა. მათეს სახარებაში ვკითხულობთ: «იესომ მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: „გული მეწვის ამ ხალხის გამო, რადგან უკვე სამი დღეა ჩემთან არიან და საჭმელი არაფერი აქვთ. არ მინდა უჭმელად გავუშვა. გზაში შეიძლება დასუსტდნენ“». ამის შემდეგ იესომ თვითონ დააპურა ხალხი სასწაულებრივად (მათე 15:32—38).

12 გავიხსენოთ კიდევ ერთი შემთხვევა. ახ. წ. 31 წელს იესო ქალაქ ნაინს რომ უახლოვდებოდა, სამწუხარო შემთხვევის მომსწრე გახდა. მგლოვიარეები ერთი ქვრივი ქალის შვილს, „დედისერთა ბიჭს“ მოასვენებდნენ, რომ ახლომდებარე სამარხში დაესვენებინათ. წარმოგიდგენია, რა მდგომარეობაში იქნებოდა დედა?! ქვრივ ქალს ერთადერთი ვაჟი მიწისთვის უნდა მიებარებინა. მას მანუგეშებელი აღარავინ რჩებოდა. იესომ დიდძალ ხალხში შეამჩნია ქვრივი და „გული დაეწვა“. იესოსთვის არავის უთხოვია დახმარება; თანაგრძნობით აღძრულმა თავად გადაწყვიტა, ქვრივს დახმარებოდა. „მივიდა . . . საკაცეს შეეხო“ და დედისერთა ბიჭს სიცოცხლე დაუბრუნა. შემდეგ რა გააკეთა? იესოს არ უთხოვია, მე გამომყევიო, „დედამისს ჩააბარა“, რომ ქვრივს პატრონი ჰყოლოდა (ლუკა 7:11—15).

გამოავლინე ინიციატივა გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად.

13. რა დაგვეხმარება, რომ გონივრულად გამოვავლინოთ ინიციატივა გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად?

13 როგორ მივყვეთ იესოს მაგალითს? მართალია სასწაულებრივად ვერავის დავაპურებთ და მკვდრებსაც ვერ აღვადგენთ, მაგრამ შეგვიძლია საკუთარ თავზე ავიღოთ ინიციატივა გასაჭირში მყოფთა დასახმარებლად. მაგალითად, თანაქრისტიანი შეიძლება სერიოზული ეკონომიკური პრობლემის პირისპირ დადგეს ან სამუშაო დაკარგოს (1 იოანე 3:17). ქვრივს სახლში შეიძლება რაღაცის შეკეთება დასჭირდეს (იაკობი 1:27). შეიძლება ვიღაცას ოჯახის წევრი დაეღუპოს და ნუგეშსა და დახმარებას საჭიროებდეს (1 თესალონიკელები 5:11). ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება, უთქმელად უნდა დავეხმაროთ (იგავები 3:27). თანაგრძნობა აღგვძრავს, გონივრულად ავიღოთ საკუთარ თავზე ინიციატივა და გასაჭირში მყოფთ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. გახსოვდეს, რომ პატარა სიკეთე ან მთელი გულით ნათქვამი რამდენიმე მანუგეშებელი სიტყვაც კი შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს თანაგრძნობის გამოსავლენად (კოლოსელები 3:12).

იესოს ქადაგებისკენ თანაგრძნობა აღძრავდა

14. რატომ ანიჭებდა იესო უპირატესობას სასიხარულო ცნობის ქადაგებას?

14 როგორც მე-2 ნაწილიდან დავინახეთ, იესომ სასიხარულო ცნობის ქადაგების არაჩვეულებრივი მაგალითი დაგვიტოვა. მან თქვა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). რატომ ანიჭებდა უპირატესობას ქადაგებას? ძირითადად იმიტომ, რომ ღმერთი უყვარდა. ის ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზეც ზრუნავდა, რისკენაც თანაგრძნობა აღძრავდა. ეს ხალხისადმი გამოვლენილი ყველაზე დიდი თანაგრძნობა იყო. ახლა განვიხილოთ ის ორი შემთხვევა, საიდანაც ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მათდამი, ვისაც უქადაგებდა. ეს დაგვეხმარება, შევამოწმოთ საკუთარი მოტივები, თუ რატომ ვქადაგებთ.

15, 16. რომელი ორი შემთხვევიდან ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს მათდამი, ვისაც უქადაგებდა?

15 ახ. წ. 31 წელს, ორი წლის თავდაუზოგავი ქადაგების შემდეგ იესომ გადაწყვიტა, გალილეის „ყველა ქალაქსა და სოფელში“ შესულიყო. იქ ნანახმა იესო შეძრა. მოციქული მათე მოგვითხრობს: „ხალხს რომ ხედავდა, გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:35, 36). იესოს ეცოდებოდა უბრალო ადამიანები, რადგან ხედავდა მათ სულიერ მდგომარეობას. გარდა იმისა, რომ ცუდად ეპყრობოდნენ, რელიგიურ წინამძღოლებს ისინი უყურადღებოდ ჰყავდათ მიტოვებული, არადა მათი დამწყემსვა ევალებოდათ. თანაგრძნობით აღძრული იესო ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ხალხისთვის იმედი ჩაენერგა. ყველაზე დიდ შვებას მათ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა მოუტანდა.

16 მსგავსი შემთხვევა მოხდა ახ. წ. 32 წელს. პასექის დღესასწაული ახლოვდებოდა, როცა იესო და მისი მოციქულები ნავში ჩასხდნენ, რომ გალილეის ზღვის მეორე მხარეს გადასულიყვნენ და სადმე, მყუდრო ადგილას დაესვენათ. ეს რომ ხალხმა შეიტყო, ზღვის ნაპირს სირბილით გაუყვნენ და იესოსა და მის მოციქულებს მეორე მხარეს დახვდნენ. როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს, ნავიდან გადმოსვლისას უამრავი ხალხი რომ დაინახა? „გული დაეწვა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარკოზი 6:31—34). იესოს კვლავ „გული დაეწვა“ სულიერს მოწყურებული ხალხის დანახვაზე. „უმწყემსო ცხვრებივით“ დარჩენილებს თავიანთ თავზე თვითონ უწევდათ ზრუნვა. იესო ქადაგებისკენ თანაგრძნობამ აღძრა და არა მოვალეობის გრძნობამ.

იქადაგეთ თანაგრძნობით აღძრულებმა.

17, 18. ა) რა აღგვძრავს ქადაგებისკენ? ბ) რა დაგვეხმარება, რომ შევძლოთ თანაგრძნობის გამოვლენა?

17 ჩვენ, იესოს მიმდევრებს, რა აღგვძრავს ქადაგებისკენ? როგორც მე-9 თავიდან დავინახეთ, ქადაგება და მოწაფეების მომზადება ჩვენი მოვალეობაა (მათე 28:19, 20; 1 კორინთელები 9:16). მაგრამ ამას მხოლოდ მოვალეობის მიზნით არ ვაკეთებთ. ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ უმთავრესად იეჰოვას სიყვარული გვიბიძგებს. მაგრამ ამისკენ ჩვენ თანაგრძნობაც აღგვძრავს (მარკოზი 12:28—31). რა დაგვეხმარება, რომ შევძლოთ თანაგრძნობის გამოვლენა?

18 ჩვენც ისე უნდა ვუყუროთ ხალხს, როგორც იესო უყურებდა ‘უმწყემსო ცხვარივით გასავათებულ და დაფანტულ’ ხალხს. წარმოიდგინე დაკარგული, უმწყემსოდ დარჩენილი ცხვარი, რომელიც ვერ აგნებს ბალახსა და წყალს, და მშიერ-მწყურვალი დადის. არ შეგებრალებოდა საცოდავი ცხვარი, არ აჭმევდი და წყალს არ დაალევინებდი?! ასეთი ცხვარი იმ უამრავ ადამიანს მოგვაგონებს, რომლებმაც არ იციან სასიხარულო ცნობა. ისინი სულიერად მშიერ-მწყურვალნი არიან, რადგან ცრუ მოძღვრებს უყურადღებოდ ჰყავთ მიტოვებული და მომავლის რეალური იმედი არ გააჩნიათ. ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ სჭირდებათ: ნოყიერი სულიერი საზრდო და ჭეშმარიტების წყალი, რასაც ღვთის სიტყვიდან ვიღებთ (ესაია 55:1, 2). თუ ჩვენც სიბრალულით გვევსება გული, როდესაც ვხედავთ, სულიერად რა მდგომარეობაშია ხალხი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ სამეფოს იმედი გავუზიაროთ.

19. როგორ წავახალისოთ ბიბლიის შემსწავლელი, რომ ქადაგება დაიწყოს?

19 როგორ დავეხმაროთ სხვებს, რომ იესოს მიჰბაძონ? რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვინდა, წავახალისოთ ბიბლიის შემსწავლელი, რომ დაიწყოს ქადაგება, ან არააქტიური მაუწყებელი, რომ განაახლოს ქადაგება? ისე უნდა დავეხმაროთ, რომ თავად აღიძრას. გავიხსენოთ, რომ იესოს „გული დაეწვა“ და ამიტომ ასწავლიდა მათ (მარკოზი 6:34). თუ დავეხმარებით, რომ თანამგრძნობნი გახდნენ, შეიძლება აღიძრან, იესოს მიჰბაძონ და იქადაგონ სასიხარულო ცნობა. შეგვიძლია ვკითხოთ: „შეცვალა შენი ცხოვრება სამეფოს ცნობამ?“, „იმათაც თუ დაეხმარებათ სასიხარულო ცნობა, ვისაც ჯერ არ გაუგია?“, „რა შეგიძლია გააკეთო მათ დასახმარებლად?“ თუმცა ქადაგების უმთავრესი მოტივი ღვთის სიყვარული და მისდამი მსახურების სურვილია.

20. ა) რას ნიშნავს, იყო ქრისტეს მიმდევარი? ბ) რაზე ვისაუბრებთ მომდევნო თავში?

20 იყო იესოს მიმდევარი, გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მისი სიტყვების გამეორებასა და მის მსგავსად მოქმედებას. უნდა განვავითაროთ ისეთივე „აზროვნება“, როგორიც იესო ქრისტეს ჰქონდა (ფილიპელები 2:5). რამდენად მადლიერები ვართ, რომ ვიცით ბიბლიიდან, თუ რას ფიქრობდა და რას გრძნობდა იესო, როდესაც რაღაცას ამბობდა თუ აკეთებდა. რაც უფრო ახლოს გავეცნობით „ქრისტეს გონებას“, მით უფრო შევძლებთ ადამიანის გრძნობების გათვალისწინებასა და თანაგრძნობას, და ისე მოვეპყრობით სხვებს, როგორც იესო ეპყრობოდა (1 კორინთელები 2:16). მომდევნო თავიდან დავინახავთ, თუ როგორ უყვარდა იესოს თავისი მიმდევრები.

^ აბზ. 3 „გულის დაწვად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ერთ-ერთია იმ სიტყვებიდან, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს თანაგრძნობას. ერთ-ერთი ნაშრომის თანახმად, ეს სიტყვა გულისხმობს სხვისი ტკივილის არა მარტო განცდას, არამედ შემსუბუქებისა და გაყუჩების დიდ სურვილს.

^ აბზ. 7 ბერძნული ზედსართავი სახელი, რომელიც ითარგმნება, როგორც „გულისხმიერი“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „ერთად ტანჯვას“.