არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 7

„დაფიქრდით მასზე, ვინც . . . მოითმინა“

„დაფიქრდით მასზე, ვინც . . . მოითმინა“

1—3. ა) რამდენად მძიმე ემოციურ ტკივილს გრძნობდა იესო გეთსემანეს ბაღში და რა იყო ამის მიზეზი? ბ) მოთმინების რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ და რა კითხვები შეიძლება გაჩნდეს?

მდგომარეობა დაიძაბა. იესოს აქამდე არასოდეს უგრძნია ასეთი ემოციური ტკივილი. დედამიწაზე მისი ცხოვრების ბოლო წუთები იწურებოდა. მოციქულებთან ერთად გეთსემანეს ბაღისკენ გაემართა, სადაც მათთან ერთად არაერთხელ ყოფილა; თუმცა იმ ღამეს მას განმარტოება სჭირდებოდა. მოციქულები დატოვა და თვითონ შუაგულ ბაღში შევიდა, მუხლი მოიყარა და ლოცვა დაიწყო. ისე მხურვალედ ლოცულობდა და ემოციურად ისე იტანჯებოდა, რომ ‘ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას’ (ლუკა 22:39—44).

2 რა ტანჯავდა იესოს ასე ძლიერ? იცოდა, რომ წინ საშინელი წამება ელოდა, მაგრამ ეს არ იყო ტანჯვის მიზეზი. მას კარგად ესმოდა, რომ თავისი მამის სახელის განწმენდა და ადამიანების მომავალი იმაზე იყო დამოკიდებული, დარჩებოდა თუ არა ერთგული. ამისთვის ბოლომდე უნდა მოეთმინა, რადგან სხვაგვარად იეჰოვას სახელს შეარცხვენდა. იესომ ბოლომდე მოითმინა. სიკვდილის დღეს, ვიდრე უკანასკნელად ამოისუნთქავდა, გამარჯვებულმა იესომ შესძახა: „შესრულდა!“ (იოანე 19:30). მან მოთმინების საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა.

3 ბიბლია გვირჩევს, რომ ‘დავფიქრდეთ მასზე, ვინც მოითმინა’ (ებრაელები 12:3). აქედან გამომდინარე, ჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა: რა განსაცდელების დროს გამოავლინა იესომ მოთმინება? რა დაეხმარა მოთმინების გამოვლენაში? და ჩვენ როგორ მივბაძოთ მას? ვიდრე ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, ჯერ იმაზე ვისაუბროთ, თუ რას ნიშნავს მოთმინება.

რას ნიშნავს მოთმინება?

4, 5. ა) რას ნიშნავს მოთმინება? ბ) რა მაგალითით შეგვიძლია ავხსნათ, რომ მოთმინება გარდაუვალი განსაცდელის ატანაზე მეტს გულისხმობს?

4 დროდადრო ყველა ‘ვმწუხრდებით სხვადასხვა განსაცდელის გამო’ (1 პეტრე 1:6). თუ განსაცდელს ვიტანთ, ნიშნავს ეს მაინცდამაინც იმას, რომ მოთმინებას ვავლენთ? არა. ბერძნული არსებითი სახელი, რომელიც მოთმინებად ითარგმნება, ნიშნავს სიძნელეების მტკიცედ ატანის უნარს. ბიბლიაში გამოყენებული „მოთმინების“ შესახებ ერთი მეცნიერი წერს: „ეს [მოთმინება] ისეთი სულისკვეთებაა, რომელსაც შეუძლია აიტანოს არა იძულებით, არამედ მტკიცე იმედით. . . ეს არის თვისება, რომლის წყალობითაც კაცი [ასე ვთქვათ] პირქარს არ ეპუება. ეს ის თვისებაა, რომელსაც შეუძლია ურთულესი განსაცდელის დროსაც კი მოგაპოვებინოს გამარჯვება, რადგან ტანჯვის მიღმა მიზანს ხედავ“.

5 როგორც ვხედავთ, მოთმინება გარდაუვალი განსაცდელის უბრალოდ ატანას არ გულისხმობს. ბიბლიის თანახმად, მოთმინება ნიშნავს იმას, რომ განსაცდელების დროს გვქონდეს სიმტკიცე, სწორი აზროვნება და იმედი. წარმოიდგინე, ორი პატიმარი ციხეში ერთსა და იმავე პირობებში იხდის სასჯელს, მაგრამ სხვადასხვა ბრალდებით. ერთი პატიმარი ბოროტმოქმედია, რომელიც დაბოღმილი და დამწუხრებულია იმის გამო, რომ სასჯელს იხდის. მეორე კი რწმენის გულისთვის დაპატიმრებული ჭეშმარიტი ქრისტიანია, რომელიც მტკიცე ხასიათითა და დადებითი განწყობით გამოირჩევა, რადგან თავის მდგომარეობას რწმენის გამოხატვის შესაძლებლობად მიიჩნევს. ბოროტმოქმედზე ვერ ვიტყვით, რომ მოთმინების მაგალითს იძლევა, ის ერთგული ქრისტიანი კი მართლაც სამაგალითო მოთმინებას ავლენს (იაკობი 1:2—4).

6. როგორ გამოვიმუშაოთ მოთმინება?

6 მოთმინება აუცილებელია გადასარჩენად (მათე 24:13). ჩვენ ეს თვისება დაბადებიდან არ დაგვყოლია. მოთმინებას გამომუშავება სჭირდება. მაგრამ როგორ? რომაელების 5:3-ში ვკითხულობთ, რომ „გასაჭირი მოთმინებას წარმოშობს“. თუ მართლა გვინდა მოთმინების გამომუშავება, რწმენის გამოცდებს კი არ უნდა გავექცეთ, პირიქით, უნდა შევეჭიდოთ. მოთმინება იმ შემთხვევაში გამოგვიმუშავდება, თუ გავუმკლავდებით დიდსა და მცირე განსაცდელებს. ყოველი დაძლეული განსაცდელი შემდგომი განსაცდელისთვის გვამზადებს. რა თქმა უნდა, მოთმინების განვითარებას საკუთარი ძალებით ვერ შევძლებთ. ჩვენ ‘იმ ძალაზე უნდა ვიყოთ დანდობილი, რომელსაც ღმერთი იძლევა’ (1 პეტრე 4:11). იეჰოვამ საუკეთესო დახმარება გაგვიწია სიმტკიცის შესანარჩუნებლად — მან თავისი ძე გამოგვიგზავნა. მოდი ახლა განვიხილოთ ის შემთხვევები, როცა იესომ მოთმინება გამოავლინა.

მოთმინებით გადატანილი განსაცდელები

7, 8. რა გადაიტანა იესომ დედამიწაზე ცხოვრების ბოლო პერიოდში?

7 დედამიწაზე ცხოვრების ბოლო პერიოდში იესო განსაცდელებს ერთიმეორეზე მიყოლებით ხვდებოდა. რამხელა გულგატეხილობასა და დამცირებას შეხვდებოდა იმ მძიმე ემოციური ტანჯვის გარდა, რომელიც ბოლო ღამეს ელოდა! ჯერ ის ახლო მეგობარმა გაყიდა, მერე დანარჩენმა მეგობრებმაც მიატოვეს, ისრაელის უმაღლესი სასამართლოს წევრებმა უკანონოდ გაასამართლეს; მასხრად იგდებდნენ, სახეში აფურთხებდნენ და მუშტებს ურტყამდნენ. მაგრამ იესომ ეს ყველაფერი ღირსეულად მოითმინა (მათე 26:46—49, 56, 59—68).

8 სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე იესომ უმძიმეს ტანჯვას გაუძლო. ჯერ გაშოლტეს და არაადამიანურად სცემეს, რამაც, როგორც ერთ-ერთ ჟურნალშია აღნიშნული, „ღრმა, დიდი ჭრილობები დააჩნია და ბევრი სისხლი დააკარგვინა“. ეს არ აკმარეს და ბოძზე გააკრეს, რომ „ტკივილი მძაფრად განეცადა და ნელ-ნელა დაელია სული“. წარმოიდგინე, რა აუტანელი ტკივილი უნდა ეგრძნო იესოს, როდესაც ხელებსა და ფეხებში ლურსმნების გაყრით ბოძზე გააკრავდნენ (იოანე 19:1, 16—18). ბოძის აწევის შემდეგ კი ისედაც გაუსაძლის ტკივილს კიდევ უფრო გაუმძაფრებდა ლურსმნებზე დაკიდებული სხეულის სიმძიმე და გადატყავებული ზურგის ბოძზე გახახუნება. მან გაუძლო საშინელ წამებას იმ დროს, როცა არანაკლებ მძიმე ემოციურ ტკივილს გრძნობდა, რაზეც თავის დასაწყისში ვისაუბრეთ.

9. რას ნიშნავს, ავიღოთ ჩვენი „წამების ბოძი“ და მივყვეთ იესოს?

9 ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრებს, რისი ატანა შეიძლება მოგვიწიოს? იესომ თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს . . . აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მათე 16:24). „წამების ბოძი“ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება და ტანჯვასთან, სირცხვილთან და სიკვდილთანაც კი ასოცირდება. ადვილი არ არის, ქრისტეს მივყვეთ. ჩვენ ქრისტიანული პრინციპებით ვცხოვრობთ და არა ქვეყნიერების პრინციპებით, და ამიტომ ქვეყნიერებას ვძულვართ (იოანე 15:18—20; 1 პეტრე 4:4). მიუხედავად ამისა, მზად ვართ, ავიღოთ ჩვენი წამების ბოძი. გვირჩევნია, ვიტანჯოთ და მოვკვდეთ კიდეც, ვიდრე უარი ვთქვათ ქრისტეს მიმდევრობაზე (2 ტიმოთე 3:12).

10—12. ა) რატომ იყო იესოსთვის ადამიანების არასრულყოფილება მოთმინების გამოცდა? ბ) კიდევ რა მოითმინა იესომ?

10 იესო ადამიანების არასრულყოფილებასაც მწვავედ განიცდიდა. როგორც ვიცით, ის იყო „ოსტატი“, რომელიც იეჰოვას ეხმარებოდა დედამიწისა და ყველა ცოცხალი არსების შექმნაში (იგავები 8:22—31). იესომ იცოდა, რომ იეჰოვას განზრახვის თანახმად, ადამიანებს სრულყოფილი ჯანმრთელობა უნდა ჰქონოდათ და ისეთივე თვისებები, როგორიც ღმერთს (დაბადება 1:26—28). დედამიწაზე იესომ უკეთესად დაინახა ცოდვის ტრაგიკული შედეგები, რადგან თავად განიცადა ადამიანური გრძნობები და ემოციები. წარმოიდგინე იესოს გულისტკივილი, როდესაც დაინახავდა, რა შორს იყვნენ ადამიანები სრულყოფილებისგან, რომელიც ერთ დროს ადამსა და ევას ჰქონდათ! იესოს მოთმინება იცდებოდა. რას იზამდა, ხელს ჩაიქნევდა არასრულყოფილ ადამიანებზე, მაინც არაფერი ეშველებათო?

11 იესომ ერთხელ იმდენად განიცადა იუდეველების გულგრილობა, რომ ატირდა კიდეც. გაუნელდა იესოს ენთუზიაზმი მათ შემხედვარეს და შეწყვიტა ქადაგება? პირიქით, „ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში“ (ლუკა 19:41—44, 47). ერთხელ ‘უზომოდ დაამწუხრა’ იესო ფარისევლების უგულობამ, რომლებიც უთვალთვალებდნენ, განკურნავდა თუ არა ერთ ხელგამხმარ კაცს შაბათს. შეაშინა იესო თავდაჯერებული ფარისევლების თვალთვალმა? მას წარბიც არ შეუხრია, ისე განკურნა ის ხელგამხმარი კაცი, თანაც შუა სინაგოგაში (მარკოზი 3:1—5).

12 იესოსთვის ერთგვარი გამოცდა იქნებოდა თავისი მოწაფეების შეცდომებიც. როგორც მე-3 თავიდან გავიგეთ, მათ მაღალი მდგომარეობის დაკავების სურვილი მოსვენებას არ აძლევდა (მათე 20:20—24; ლუკა 9:46). იესომ არაერთხელ მისცა მოწაფეებს რჩევა, მაგრამ მაინც უჭირდათ თავმდაბლობის გამოვლენა (მათე 18:1—6; 20:25—28). რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათ იესოსთან ყოფნის ბოლო დღესაც კი „გაცხარებული დავა“ ატეხეს იმაზე, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის უდიდესი (ლუკა 22:24). გადაეწურა იესოს მოწაფეების გამოსწორების იმედი? მას მოთმინება არ დაუკარგავს, კვლავაც იმედის თვალით უყურებდა მოწაფეებს და კარგს ეძებდა მათში. იესო ხედავდა მათ გულებს. მათ უყვარდათ იეჰოვა და ნამდვილად უნდოდათ მისი ნების შესრულება (ლუკა 22:25—27).

როცა წინააღმდეგობას წავაწყდებით, გაგვინელდება ენთუზიაზმი, თუ კვლავ შემართებით გავაგრძელებთ ქადაგებას?

13. რა მხრივ შეიძლება ისევე გამოიცადოს ჩვენი მოთმინება, როგორც ეს იესოს შემთხვევაში მოხდა?

13 ჩვენი მოთმინებაც ისევე შეიძლება გამოიცადოს, როგორც ეს იესოს შემთხვევაში მოხდა. მაგალითად, შეიძლება შევხვდეთ სამეფოს ცნობისადმი გულგრილ ან მტრულად განწყობილ ადამიანებს. გაგვინელებს ენთუზიაზმს მათი უარყოფითი რეაქცია, თუ კვლავ შემართებით გავაგრძელებთ ქადაგებას? (ტიტე 2:14). ჩვენი მოთმინება შეიძლება ქრისტიანი ძმების არასრულყოფილებითაც გამოიცადოს. დაუფიქრებელმა სიტყვამ ან საქციელმა შეიძლება გული გვატკინოს (იგავები 12:18). უნდა ჩავიქნიოთ ხელი თანაქრისტიანებზე, როდესაც შეცდომებს უშვებენ, თუ უნდა მოვითმინოთ და კარგი ვეძებოთ მათში? (კოლოსელები 3:13).

რა დაეხმარა იესოს მოთმინების გამოვლენაში?

14. რომელი ორი ფაქტორი დაეხმარა იესოს, რომ ფარ-ხმალი არ დაეყარა?

14 რა დაეხმარა იესოს, რომ დიდი გულგატეხილობის, შეურაცხყოფისა და ტანჯვის მიუხედავად ფარ-ხმალი არ დაეყარა და ერთგულება შეენარჩუნებინა? ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი, იესო იეჰოვას ენდობოდა, რომელიც ‘მოთმინებას იძლევა’ (რომაელები 15:5). მეორე, ის მომავალს იმედის თვალით უყურებდა და იმაზე ფიქრობდა, რა შედეგსაც მოთმინება გამოიღებდა. ახლა განვიხილოთ თითოეული ფაქტორი.

15, 16. ა) საიდან ჩანს, რომ იესო საკუთარ ძალებზე არ ყოფილა დაიმედებული? ბ) რა არწმუნებდა იესოს, რომ მამამისი არ დააღალატებდა?

15 იესო, ღვთის სრულყოფილი ძე საკუთარ ძალებზე არ ყოფილა დაიმედებული. ის ზეციერ მამას ენდობოდა და მას სთხოვდა დახმარებას. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ქრისტემ ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ვედრება და თხოვნა მას, ვისაც სიკვდილისგან მისი ხსნა შეეძლო“ (ებრაელები 5:7). აღსანიშნავია, რომ იესომ არა მარტო თხოვნა „შესწირა“ ღმერთს, არამედ ვედრებაც. სიტყვა „ვედრება“ გულისხმობს დაჟინებულ მუდარას ანუ ხვეწნას დახმარებისთვის. ბერძნულ დედანში სიტყვა „ვედრება“ მრავლობით რიცხვში დგას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იესო მხოლოდ ერთხელ არ შევედრებია იეჰოვას. მაგალითად, გეთსემანეს ბაღში იესომ რამდენჯერმე ილოცა გულმხურვალედ (მათე 26:36—44).

16 იესოს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მამა შეისმენდა მის ვედრებას, რადგან იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია (ფსალმუნი 65:2). მხოლოდშობილი ძე ჯერ კიდევ განკაცებამდე ხედავდა, რომ მამა ისმენდა ერთგული მსახურების ლოცვებს. მაგალითად, იესო თვითმხილველი იყო იმისა, თუ როგორ შეისმინა იეჰოვამ წინასწარმეტყველ დანიელის გულმხურვალე ლოცვა და დასახმარებლად ანგელოზი გაუგზავნა, მაშინ როცა დანიელი ჯერ კიდევ ლოცულობდა (დანიელი 9:20, 21). თუ ერთგულ წინასწარმეტყველს დაეხმარა, როგორღა დააღალატებდა თავის მხოლოდშობილ ძეს, რომელიც გულს ღვრიდა მამის წინაშე „ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით“?! იეჰოვამ შეისმინა თავისი ძის ვედრება და ანგელოზი გაუგზავნა, რომ განემტკიცებინა განსაცდელების ასატანად (ლუკა 22:43).

17. მოთმინების გამოსავლენად რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვაზე დაიმედებულნი, და როგორ?

17 მოთმინება რომ გამოვავლინოთ, ჩვენც ღმერთზე, ‘ჩვენს გამაძლიერებელზე’, უნდა ვიყოთ დაიმედებულნი (ფილიპელები 4:13). თუ ღვთის სრულყოფილი ძე საჭიროებდა იეჰოვასგან დახმარებას და მას ევედრებოდა, ჩვენ მით უმეტეს ვსაჭიროებთ! ჩვენც შეგვიძლია ვევედროთ იეჰოვას (მათე 7:7). მართალია არ მოველით იმას, რომ ანგელოზი პირადად მოვა ჩვენთან, მაგრამ იმაში დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი შეისმენს ერთგული ქრისტიანების სათხოვარს, რომლებიც „დღედაღამ ლოცვა-ვედრებაში“ არიან (1 ტიმოთე 5:5). რა განსაცდელებსაც არ უნდა შევხვდეთ, იქნება ეს ჯანმრთელობის გაუარესება, საყვარელი ადამიანის სიკვდილი თუ დევნა მოწინააღმდეგეების მხრიდან, იეჰოვა უპასუხებს ჩვენს ლოცვებს, თუ მთელი გულით ვთხოვთ სიბრძნეს, გამბედაობასა და ძალას მოთმინების გამოსავლენად (2 კორინთელები 4:7—11; იაკობი 1:5).

იეჰოვა უპასუხოდ არ დაგვტოვებს, თუ მოთმინებისთვის გულმხურვალედ ვლოცულობთ.

18. რას ხედავდა იესო ტანჯვის მიღმა?

18 მეორე ფაქტორი, რაც იესოს მოთმინების გამოვლენაში დაეხმარა, ის იყო, რომ მომავალს იმედის თვალით უყურებდა და იცოდა, რაც ტანჯვის შემდეგ მოელოდა. ბიბლიაში იესოზე ვკითხულობთ: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა . . . ბოძზე წამებას გაუძლო“ (ებრაელები 12:2). იესოს მაგალითიდან ვხედავთ, რომ იმედს, სიხარულსა და მოთმინებას შორის მჭიდრო კავშირია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იმედი წარმოშობს სიხარულს, სიხარული კი — მოთმინებას (რომაელები 15:13; კოლოსელები 1:11). იესოს ჩინებული შესაძლებლობა მიეცა, ერთგულების შენარჩუნებით მამის უზენაესობა დაემტკიცებინა და ადამიანები ცოდვისა და სიკვდილისგან ეხსნა. მას უტყუარი იმედიც ჰქონდა იმისა, რომ გამეფდებოდა და მღვდელმთავრად იმსახურებდა, რითაც მორჩილ ხალხს უფრო მეტ კურთხევას მოუტანდა (მათე 20:28; ებრაელები 7:23—26). ჩინებულ შესაძლებლობასა და უტყუარ იმედს იესოსთვის სიხარული მოჰქონდა, სიხარული კი, თავის მხრივ, მოთმინების გამოვლენის ძალას აძლევდა.

19. როგორ ვაჩვენოთ ჩვენი ცხოვრებით, რომ იმედს, სიხარულსა და მოთმინებას შორის მჭიდრო კავშირია?

19 ჩვენც უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ცხოვრებით, რომ იმედი, სიხარული და მოთმინება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. „იხარეთ იმედში“, — დაწერა პავლემ და შემდეგ დაამატა: „გაუძელით გასაჭირს“ (რომაელები 12:12). თუ რწმენის სერიოზული გამოცდის წინაშე დგახარ, იმედს ნუ დაკარგავ. გახსოვდეს, რომ მოთმინებით იეჰოვას სახელს დიდებას მოუტან. იფიქრე ღვთის სამეფოზე. წარმოიდგინე, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში, სამოთხეში ცხოვრობ. თუ მოუთმენლად დაელოდები იეჰოვას აღთქმების შესრულებას, ღვთის უზენაესობის დამტკიცებას, ბოროტების აღმოფხვრას, ავადმყოფობისა და სიკვდილის მოსპობას, გული სიხარულით აგევსება, და რა განსაცდელსაც არ უნდა შეხვდე, სიხარული მოთმინების გამოვლენის ძალას მოგცემს. ნებისმიერი განსაცდელი ღვთის სამეფოს იმედთან შედარებით „ხანმოკლე და მსუბუქია“ (2 კორინთელები 4:17).

‘ერთგულად მიჰყევით იესოს ნაკვალევს’

20, 21. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან, და რისი გაკეთება გვმართებს?

20 იესომ იცოდა, რომ მის ნაკვალევზე სიარული ადვილი არ იქნებოდა. მის მიმდევრებს მოთმინება უნდა გამოევლინათ (იოანე 15:20). იესოს მაგალითი დაეხმარებოდა მოწაფეებს, მის ნაკვალევზე ევლოთ (იოანე 16:33). მართალია იესომ სრულყოფილი მოთმინების მაგალითი დაგვიტოვა, მაგრამ ჩვენ შორს ვართ სრულყოფილებისგან. მაშ, რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? პეტრე წერდა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტრე 2:21). განსაცდელებთან გამკლავებით იესომ მაგალითი დაგვიტოვა *. იესოს მოთმინების შემთხვევები „ნაკვალევს“, ანუ ნაფეხურებს მოგვაგონებს. მართალია არ შეგვიძლია ამ ნაკვალევს სრულყოფილად მივყვეთ, მაგრამ ის კი შეგვიძლია, რომ „ერთგულად“ მივყვეთ.

21 ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთგულად მივყვეთ იესოს მაგალითს. გვახსოვდეს, რომ იესოს ნაკვალევს თუ ერთგულად მივყვებით, შევძლებთ „ბოლომდე“ მოვითმინოთ, იქნება ეს ქვეყნიერების თუ ჩვენი სიცოცხლის ბოლო. ჩვენ არ ვიცით, ჯერ რომელი დადგება, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ მოთმინებისთვის იეჰოვა მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს (მათე 24:13).

^ აბზ. 20 ბერძნული სიტყვა, რომელიც „მაგალითად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით „ქვეშ დაწერას“ ნიშნავს. ეს სიტყვა, რომელიც მთელ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში მხოლოდ მოციქულმა პეტრემ გამოიყენა, გულისხმობს ბავშვის სავარჯიშო რვეულში მოცემულ ნიმუშს, რომელსაც ბავშვი შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა მიჰყვეს.