თავი 4
ვინ არის ღმერთი?
ადამიანები უამრავ ღმერთს სცემენ თაყვანს, მაგრამ წმინდა წერილების თანახმად, მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს. მხოლოდ ის არის უზენაესი ღმერთი, რომელსაც არც დასაბამი აქვს და არც დასასრული. მან შექმნა ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე და მოგვცა სიცოცხლე. ამიტომ მხოლოდ ის იმსახურებს თაყვანისცემას.
მართალია, ღმერთს მრავალი წოდება აქვს, მაგრამ საკუთარი სახელი მხოლოდ ერთი — იეჰოვა. ღმერთმა მოსეს დაავალა: „ასე უთხარი ისრაელებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის, აბრაამის, ისაკისა და იაკობის, ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად და ამ სახელით უნდა ვიხსენიებოდე თაობიდან თაობაში“ (გამოსვლა 3:15). წმინდა წერილებში სახელი იეჰოვა დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული. ფსალმუნის 83:18-ში ღმერთზე ნათქვამია: „შენი სახელია იეჰოვა და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“
ადამიანებს ღმერთი არასოდეს უნახავთ. ღმერთმა უთხრა მოსეს: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“ (გამოსვლა 33:20). ვინაიდან ღმერთი ზეცაში მკვიდრობს და ადამიანთათვის უხილავია, თაყვანისცემის მიზნით ღვთის გამოსახულების, იქნება ეს კერპის, სურათის ან რაიმე სიმბოლოს, გაკეთება არასწორია. იეჰოვა ღმერთმა წინასწარმეტყველ მოსეს მეშვეობით ბრძანა: „არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო, რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას“ (გამოსვლა 20:2—5). მოგვიანებით, წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ღმერთმა თქვა: „მე ვარ იეჰოვა; ეს არის ჩემი სახელი. ჩემს დიდებას არ გავუყოფ სხვას, არც ჩემს ქებას — კერპებს“ (ესაია 42:8).
ზოგს კი სწამს ღმერთის არსებობის, მაგრამ ფიქრობს, რომ ის შეუცნობელია და შორს არის ადამიანებისგან. ამიტომ მისადმი შიში უნდა ჰქონდეთ და არა სიყვარული. თქვენ რას ფიქრობთ? არის ღმერთი პირადად თქვენით დაინტერესებული? შეგიძლიათ მისი გაცნობა და მასთან დაახლოება? მოდი ვნახოთ, რას ამბობს წმინდა წერილები ღვთის თვისებებზე.