არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 11

ვის აქვს დღეს ნამდვილი რწმენა?

ვის აქვს დღეს ნამდვილი რწმენა?

დღეს ბევრი ამბობს, რომ მორწმუნეა. თუმცა, როგორც იესომ თქვა, ნამდვილი რწმენა ცოტას თუ ექნებოდა. მან თქვა: „განიერია ჭიშკარი, რომელშიც მრავალი შედის, და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14).

საიდან ჩანს, ვის აქვს ნამდვილი რწმენა? იესომ თქვა: „მათ თავიანთი ნაყოფით იცნობთ . . . კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც უვარგისს ისხამს“ (მათე 7:16, 17). ასე რომ, ნამდვილ რწმენას „კარგი ნაყოფი“ გამოაქვს. ის ადამიანებს აღძრავს, ღვთისმოსაწონი თვისებები გამოავლინონ. როგორ ავლენენ ისინი ამ თვისებებს?

ძალაუფლებას ბოროტად არ იყენებენ

ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს, ძალაუფლებას სხვების საკეთილდღეოდ და ღვთისთვის პატივის მისაგებად იყენებს. იესო ასწავლიდა: „ვისაც თქვენ შორის უფროსობა სურს, თქვენი მსახური იყოს“ (მარკოზი 10:43). მორწმუნე მამაკაცი სისასტიკეს არ ავლენს არც შინ და არც — გარეთ. მას უყვარს ცოლი, სათუთად ზრუნავს მის მოთხოვნილებებზე და პატივისცემით ეპყრობა. წმინდა წერილებში ნათქვამია: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და უხეშად ნუ მოექცევით მათ“ (კოლოსელები 3:19). „თქვენც, ქმრებო, მიღებული ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება. პატივი ეცით მათ, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ, რადგან თქვენც მათთან ერთად ხართ წყალობის — სიცოცხლის — მემკვიდრეები“ (1 პეტრე 3:7).

თავის მხრივ მორწმუნე ცოლი „დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). ცოლებს უნდა „უყვარდეთ ქმრები“ და „უყვარდეთ შვილები“ (ტიტე 2:4). მორწმუნე მშობლებმა დრო უნდა გამოუყონ შვილებს და ასწავლონ ღვთის კანონები და პრინციპები. სადაც არ უნდა იყვნენ — სახლში, სამსახურში თუ სხვაგან — ისინი პატივისცემით ეპყრობიან ყველას; მორწმუნე ადამიანი ითვალისწინებს წმინდა წერილებში ჩაწერილ რჩევას: „პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელები 12:10).

ღვთის მსახურები იცავენ წმინდა წერილებში მოცემულ მითითებას: „არ აიღო ქრთამი“ (გამოსვლა 23:8). ისინი არასოდეს იყენებენ თავიანთ მდგომარეობას გამორჩენის მიზნით. პირიქით, ყველანაირად ცდილობენ, დაეხმარონ სხვებს, განსაკუთრებით გაჭირვებულებს. ისინი ითვალისწინებენ რჩევას: „ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრაელები 13:16). ამგვარად რწმუნდებიან იესოს შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად ცხოვრობენ

მორწმუნე ადამიანი ნებაყოფლობით ემორჩილება ღვთის კანონებს და მისთვის ღვთის „მცნებები დამამძიმებელი არ არის“ (1 იოანე 5:3). მან იცის, რომ „იეჰოვას კანონი სრულყოფილია . . . იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს. იეჰოვას მცნება წმინდაა, აბრწყინებს თვალებს“ (ფსალმუნი 19:7, 8).

ნამდვილი რწმენა ადამიანს წინასწარ შექმნილი აზრისგან ათავისუფლებს. ის ღმერთს ჰბაძავს და ერთი რასას, ეროვნების ან სოციალური ფენის წარმომადგენელს მეორეზე მაღლა არ აყენებს. „ღმერთი მიუკერძოებელია და ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35).

ნამდვილი რწმენა ადამიანს აღძრავს, რომ „ყოველმხრივ პატიოსნად“ მოიქცეს (ებრაელები 13:18). ასეთი ადამიანი ერიდება ჭორაობასა და ცილისწამებას. ფსალმუნმომღერალი დავითი ასეთებზე წერდა: „ცილს არავის სწამებს თავისი ენით, ცუდს არაფერს უკეთებს თავის მოძმეს“ (ფსალმუნი 15:3).

ღვთიურ სიბრძნეს ავლენენ

ნამდვილი რწმენის მქონე ადამიანები თავიანთ მრწამსს მხოლოდ წმინდა წერილებზე აფუძნებენ. მათ სჯერათ, რომ „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და ღვთის სიმართლით აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). სხვებთან ურთიერთობისას ისინი ავლენენ „ღვთიურ სიბრძნეს“, რომელიც „წმინდაა, მერე მშვიდობიანი, კეთილგონიერი, მორჩილი, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით“ (იაკობი 3:17). ისინი უარს ამბობენ სპირიტიზმსა და ღვთისთვის მიუღებელ ტრადიციებზე, აგრეთვე თავს შორს იჭერენ კერპებისგან (1 იოანე 5:21).

გულწრფელ სიყვარულს ავლენენ

წინასწარმეტყველმა მოსემ თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი ძალით“ (კანონი 6:5). ნამდვილ მორწმუნეებს ასე უყვართ ღმერთი. ისინი პატივს მიაგებენ ღვთის სახელს, მადლობენ იეჰოვას და რწმენით მოუხმობენ მის სახელს (ფსალმუნი 105:1). ღვთის მსახურები ასრულებენ შემდეგ მითითებას: „მოძმე საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (ლევიანები 19:18). უარს ამბობენ ყოველგვარ ძალადობაზე და ცდილობენ, „მშვიდობიანად იყვნენ ყველასთან“ (რომაელები 12:18). ისინი, ასე ვთქვათ, „თავიანთი მახვილებისგან სახნისებს ჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს“ (ესაია 2:4). მათ უყვართ ერთმანეთი და გაერთიანებულნი არიან საერთაშორისო საძმოში (იოანე 13:35). იცით, ვინ არის ეს ხალხი?