არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 8

მესიის გამოჩენა

მესიის გამოჩენა

დანიელის წინასწარმეტყველებიდან 500-ზე მეტი წლის შემდეგ, ღვთის ანგელოზი, გაბრიელი, გამოეცხადა ახალგაზრდა ქალწულ მარიამს, რომელიც მეფე დავითის შთამომავალი იყო. „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“, — უთხრა გაბრიელმა მას (ლუკა 1:28). მარიამს შეეშინდა, რადგან ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა გაბრიელს მისთვის.

გაბრიელმა მარიამს უთხრა, რომ მესიის დედა გახდებოდა.

გაბრიელმა მას აუხსნა: „ნუ გეშინია, მარიამ, ღმერთი შენ მიმართ კეთილადაა განწყობილი. დაორსულდები და ვაჟს გააჩენ, რომელსაც იესო უნდა დაარქვა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, თავისი წინაპრის, ტახტს მისცემს და . . . მისი სამეფო სამარადისოდ იარსებებს“ (ლუკა 1:30—33). გაბრიელმა საოცარი რამ ახარა მარიამს — ის მესიის, დიდი ხნის ნანატრი „შთამომავლის“, დედა გახდებოდა!

მომდევნო წელს მარიამს ბეთლემში შეეძინა ვაჟი, იესო. იმ ღამით ანგელოზმა ბეთლემის მახლობლად მყოფ მწყემსებს ახარა: „მე გაუწყებთ ამბავს, რომელიც ყველას დიდ სიხარულს მოჰგვრის: დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“ (ლუკა 2:10, 11). მოგვიანებით იესოს ოჯახი ნაზარეთში გადავიდა საცხოვრებლად; იესო იქ გაიზარდა.

ახ. წ. 29 წელს — სწორედ იმ წელს, როცა მესია უნდა გამოჩენილიყო — იესომ, როგორც ღვთის წინასწარმეტყველმა, მსახურება დაიწყო. ამ დროს ის „დაახლოებით 30 წლისა იყო“ (ლუკა 3:23). ბევრი მიხვდა, რომ ის ღვთისგან იყო გამოგზავნილი. ისინი ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი გამოჩნდა ჩვენ შორის“ (ლუკა 7:16, 17). რას ასწავლიდა იესო?

იესო ხალხს ასწავლიდა, რომ ჰყვარებოდათ ღმერთი და თაყვანი ეცათ მისთვის: ის მოუწოდებდა მათ: „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:29, 30). ის აგრეთვე ამბობდა: „იეჰოვას, შენს ღმერთს, ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე“ (ლუკა 4:8).

იესო მოუწოდებდა ხალხს, რომ ჰყვარებოდათ ერთმანეთი: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“, — თქვა მან (მარკოზი 12:31). ის ამასაც ამბობდა: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ, რადგან ეს არის კანონისა და წინასწარმეტყველებების არსი“ (მათე 7:12).

იესო მთელი მონდომებით ასწავლიდა ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“, — განაცხადა მან (ლუკა 4:43). რატომ არის ღვთის სამეფო ასე მნიშვნელოვანი?

წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ღვთის სამეფო არის ზეციერი მთავრობა, რომელიც მთელ დედამიწაზე იმმართველებს. იესო, მესია კი ღვთისგან დანიშნული მეფეა. წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში ნახა, რომ ღმერთი მესიას ზეცაში მისცემდა „ძალაუფლებას, დიდებასა და სამეფოს“ (დანიელი 7:14). ეს სამეფო დედამიწაზე დაამყარებს სამოთხეს და ღვთის მსახურებს მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს. განა შეიძლება იყოს რამე ამაზე უკეთესი?!