თავი 13
ნამდვილი რწმენა მარადიულ ბედნიერებას მოგიტანთ
„მართალი რწმენით იცოცხლებს“, — ნათქვამია წმინდა წერილებში (რომაელები 1:17). ეს საუცხოო დანაპირები თქვენც გეხებათ. როგორ?
დედამიწაზე მსახურების დასრულების შემდეგ იესო, მესია, ზეცაში ღმერთთან ავიდა. მოწაფეების თვალწინ ის „ამაღლდა [და] ღრუბელმა დაფარა“ (საქმეები 1:9). ის ღმერთმა ძლევამოსილ მეფედ დანიშნა. ახლო მომავალში იესო, „კაცის ძე“, „მთელი თავისი სიდიადით ანგელოზებთან ერთად მოვა, თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. მაშინ შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და ის გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან“ (მათე 25:31, 32). როდის მოხდება ეს?
წმინდა წერილები წინასწარმეტყველებს, რა უბედურებები დაატყდება თავს მსოფლიოს, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ მესიის მიერ ხალხების გასამართლების დრო მალე დადგება. იესომ ახსნა, რა მოვლენები განვითარდება იმ პერიოდში: „ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება დიდი მიწისძვრები, ეპიდემიები და საკვების უკმარისობა ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, საზარელი მოვლენები . . . ციდან“ (ლუკა 21:7, 10, 11).
დღეს აშკარად ვხედავთ, როგორ სრულდება იესოს სიტყვები. მალე ის ბოროტ ადამიანებსაც გაანადგურებს და სატანასაც. მთელი დედამიწა სამოთხედ იქცევა. ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანად იცხოვრებენ; მშვიდობა იქნება ცხოველებსა და ადამიანებს შორისაც. „მგელი ბატკნის გვერდით დაისვენებს და ჯიქი თიკნის გვერდით დაწვება, ხბო, ლომი და ნასუქი პირუტყვი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ზიანს აღარავის მიაყენებენ და აღარაფერს მოსპობენ“ (ესაია 11:6, 9). „არცერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო . . . მაშინ უსინათლოებს თვალები აეხილებათ და ყრუები გაიგონებენ“ (ესაია 33:24; 35:5). მკვდრებიც კი აღდგებიან. „ყველას მოსწმენდს ცრემლს სახიდან უზენაესი უფალი იეჰოვა“ და „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (ესაია 25:8; გამოცხადება 21:4). მაშინ შესრულდება დედამიწაზე ღვთის თავდაპირველი განზრახვა. ნამდვილად დიდებული მომავალი გველის!
განიმტკიცეთ რწმენა
ვის მისცემს ღმერთი სამოთხეში ცხოვრების უფლებას? მათ, ვისაც ნამდვილი რწმენა აქვს!
გახსოვდეთ, ნამდვილი რწმენა ღვთის სიტყვის ცოდნაზეა დაფუძნებული. ამიტომ განაგრძეთ ღვთისა და იესოს უკეთ გაცნობა!
ნამდვილი რწმენის მქონე ადამიანი ყოველთვის სამართლიანად უნდა იქცეოდეს. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე“ (იაკობი 2:26). კარგი საქმეებით თქვენც გამოავლენთ ღვთის შესანიშნავ თვისებებს: ძალას, სამართლიანობას, სიბრძნესა და სიყვარულს. განაგრძეთ ამ ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარება!
ნამდვილი რწმენის განვითარება უხვ კურთხევებს მოგიტანთ. სწორედ ეს არის ბედნიერი ცხოვრების საწინდარი ახლაც და მომავალშიც, მარადიულად!