არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავი 6

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან დაკავშირებით?

ღმერთმა ადამიანებს დედამიწაზე საცხოვრებლად იდეალური პირობები შეუქმნა. მის სიტყვაში ვკითხულობთ: „იეჰოვასია ზეცა, დედამიწა კი ადამიანებს მისცა“ (ფსალმუნი 115:16).

სანამ პირველ ადამიანს, ადამს, შექმნიდა, ღმერთმა დედამიწაზე ერთი პატარა ადგილი ამოარჩია, ლამაზი ბაღი გააშენა და ედემი უწოდა. წმინდა წერილებში ნათქვამია, რომ მდინარეები, ევფრატი და ტიგროსი (ხიდეკელი), სწორედ ედემში იღებდნენ სათავეს. * როგორც ვარაუდობენ, ედემის ბაღი დღევანდელი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა. ედემის ბაღი დედამიწაზე ნამდვილად არსებობდა!

ღმერთმა შექმნა ადამი და დაასახლა ედემის ბაღში, რათა „დაემუშავებინა ის და ეზრუნა მასზე“ (დაბადება 2:15). მოგვიანებით ღმერთმა ადამს ცოლი, ევა შეუქმნა. მათ ღმერთმა შემდეგი დავალება მისცა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბადება 1:28). აშკარაა, რომ ღმერთს „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია [დედამიწა], დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18).

მაგრამ ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს და შეგნებულად დაარღვიეს მისი კანონი. ამიტომ ღმერთმა ისინი ედემის ბაღიდან გამოაძევა. მათ დაკარგეს სამოთხეში ცხოვრების უფლება. ადამის ჩადენილმა ცოდვამ მის შთამომავლებსაც სავალალო შედეგები მოუტანა. წმინდა წერილებიდან ვიგებთ: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).

უარი თქვა იეჰოვამ თავის თავდაპირველ განზრახვაზე, რომ დედამიწაზე სამოთხეში ადამიანებს ბედნიერად ეცხოვრათ? არა! ღმერთი ამბობს: „ჩემი პირიდან გამოსული სიტყვა . . . უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ესაია 55:11). სამოთხე კვლავ დედამიწაზე იქნება.

როგორი იქნება სამოთხეში ცხოვრება? მომდევნო ორ გვერდზე განხილულია წმინდა წერილებში ჩაწერილი ღვთის დაპირებები.

^ დაბადების 2:10—14-ში ნათქვამია: „ედემიდან მდინარე მოედინებოდა ბაღის მოსარწყავად და ოთხ ნაკადად იტოტებოდა. პირველი მდინარეა ფიშონი . . . მეორეა გიხონი . . . მესამეა ხიდეკელი [ანუ ტიგროსი]; ის ასურეთის აღმოსავლეთით მიედინება. მეოთხე ევფრატია“. თუმცა უცნობია, სად მდებარეობდა პირველი ორი მდინარე და რომელ მდინარეებს ერქვა ეს სახელები.