თავი 22
ის ერთგული დარჩა განსაცდელების დროს
1, 2. რას იმედოვნებს პეტრე, როცა იესო კაპერნაუმში ხალხს ელაპარაკება, მაგრამ რატომ არ მართლდება მისი მოლოდინი?
პეტრე გაფაციცებით აკვირდება სინაგოგაში იესოს გარშემო შეკრებილ ხალხს. ისინი კაპერნაუმში, პეტრეს მშობლიურ ქალაქში არიან. პეტრე სწორედ აქ, გალილეის ზღვაზე, თევზაობს ხოლმე. ამავე ქალაქში ცხოვრობენ მისი მეგობრები, ნათესავები და სხვა მეთევზეები. ეჭვგარეშეა, პეტრეს გულით სწადია, მათაც ნახონ იესო და განიცადონ სიხარული, რასაც თავად განიცდის, როდესაც ყველაზე დიდებული მასწავლებლისგან ღვთის სამეფოს შესახებ ცნობას ისმენს. მაგრამ იმ დღეს მისი მოლოდინი არ მართლდება.
2 ბევრი აღარ უსმენს იესოს. ზოგი დრტვინვას იწყებს და უარყოფს მის ნათქვამს. პეტრესთვის ყველაზე მეტად გულსატკენი, ალბათ, იესოს ზოგი მოწაფის რეაქციის დანახვაა. მათ სიხარულს აღარ ანიჭებთ ახლის გაგება და ჭეშმარიტების სწავლა. ისინი განაწყენებულნი არიან. ზოგი იესოს საუბარს აღმაშფოთებელსაც კი უწოდებს. ისინი სინაგოგას ტოვებენ და იესოს მიმდევრობაზე უარს აცხადებენ (წაიკითხეთ იოანეს 6:60, 66).
3. როგორ დაეხმარა პეტრეს რწმენა ბევრ შემთხვევაში?
3 ეს მძიმე დრო იყო როგორც პეტრესთვის, ისე სხვა მოციქულებისთვის. პეტრე ბოლომდე ვერ ჩასწვდა იმას, რაც იესომ იმ დღეს თქვა. მას ესმოდა, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო იესოს სიტყვები უცნაური, თუ ხალხი მას პირდაპირი გაგებით გაიგებდა. როგორ უნდა მოქცეულიყო პეტრე? ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როცა მოძღვრისადმი მისი ერთგულება იცდებოდა და, ალბათ, არც უკანასკნელი იქნებოდა. ვნახოთ, როგორ დაეხმარა პეტრეს რწმენა, გადაელახა მსგავსი სირთულეები და შეენარჩუნებინა ერთგულება.
სხვების ორგულობის მიუხედავად, ის ერთგული დარჩა
4, 5. რას მოელოდა მისგან ხალხი, მაგრამ როგორ იქცეოდა იესო?
4 თავისი საქციელითა თუ საუბრით პეტრეს ხშირად აოცებდა თავისი მოძღვარი. ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე იესომ სასწაულებრივად დააპურა ათასობით ადამიანი. ამის გამო ხალხს მისი გამეფება უნდოდა. მაგრამ მათდა გასაკვირად, იესო სხვაგვარად მოიქცა. მან მოწაფეებს უთხრა, რომ ნავით კაპერნაუმისკენ გაეცურათ. როცა მოწაფეები ღამით ზღვას მიაპობდნენ, ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ საოცარი მოვლენის მოწმენი — იესო მათთან წყალდაწყალ მივიდა აბობოქრებულ ზღვაზე. იმ დღეს მან პეტრეს დაანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი რწმენა.
5 დილით მოციქულებმა დაინახეს, რომ ხალხი მათ გამოჰყოლოდა და ნაპირთან მოეყარათ თავი. როგორც ჩანს, მათ სულიერი საზრდოს მიღება კი არ სურდათ, არამედ უნდოდათ, იესოს კვლავ სასწაულებრივად დაეპურებინა ისინი. ასეთი ანგარების გამო იესომ გაკიცხა ისინი (იოან. 6:25—27). ეს საუბარი კაპერნაუმის სინაგოგაში გაგრძელდა, სადაც, მათდა გასაკვირად, იესო სრულიად საპირისპიროდ მოიქცა. იგი კიდევ ერთხელ შეეცადა, მათთვის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება ესწავლებინა, რომლის გაგებასაც ძალისხმევა სჭირდებოდა.
6. რა შედარება მოიყვანა იესომ, და როგორ მიიღო ეს მისმა მსმენელმა?
6 იესოს ის კი არ უნდოდა, რომ ხალხი მას ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გაჰყოლოდა, არამედ სურდა, რომ მასში ღვთისგან გამოგზავნილი მხსნელი დაენახათ, რომლის სიცოცხლე და სიკვდილი ადამიანებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას მისცემდა. ამიტომ, მან თავისი თავი შეადარა მანანას, პურს, რომელსაც მოსეს დროს ხალხი ზეციდან იღებდა. როდესაც ზოგმა უკმაყოფილება გამოთქვა, იესომ მაგალითით აუხსნა, რომ სიცოცხლის მისაღებად მისი ხორცი უნდა ეჭამათ და მისი სისხლი დაელიათ. სწორედ ამან დააბრკოლა მისი მსმენელებიდან ზოგი. მათ თქვეს: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“. ამის გამო ბევრი მისი მოწაფე აღარ დაჰყვებოდა მას (იოან. 6:48—60, 66). a
7, 8. ა) რა არ ესმოდა ჯერ კიდევ პეტრეს? ბ) როგორ უპასუხა პეტრემ, როდესაც იესომ მოციქულებს დაუსვა კითხვა?
7 როგორ უნდა მოქცეულიყო პეტრე? იესოს სიტყვებმა ისიც დააბნია. მას ჯერ კიდევ არ ესმოდა, რომ ღვთის ნების შესასრულებლად იესო უნდა მომკვდარიყო. პეტრესაც ხომ არ გაუელვა თავში იმ აზრმა, რომ სხვა მოწაფეების მსგავსად, თავადაც მიეტოვებინა იესო? რა თქმა უნდა, არა. იმ მერყევი ხასიათის მოწაფეებისგან პეტრეს მნიშვნელოვანი რამ განასხვავებდა. რა იყო ეს?
8 იესო მიუბრუნდა თავის მოციქულებს და უთხრა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ (იოან. 6:67). მან თორმეტივეს მიმართა, მაგრამ პასუხის გაცემა პეტრემ ყველას დაასწრო. მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა. ალბათ, მიზეზი ის იყო, რომ პეტრე შესაძლოა ყველაზე უფროსი იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ყველაზე გულღია იყო მოციქულებს შორის და, როგორც ჩანს, იშვიათად იკავებდა თავს საკუთარი აზრის გამოთქმისგან. ამ შემთხვევაში პეტრემ დაუვიწყარი სიტყვები უთხრა იესოს: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (იოან. 6:68).
9. როგორ გამოავლინა პეტრემ იესოსადმი ერთგულება?
9 ხომ არ აგიჩუყათ გული პეტრეს სიტყვებმა? მას იესოსადმი რწმენა დაეხმარა, რომ განევითარებინა უძვირფასესი თვისება — ერთგულება. მან ნათლად დაინახა, რომ იესო იეჰოვას მიერ მოვლენილი ერთადერთი მხსნელი იყო და ღვთის სამეფოს შესახებ მისი სწავლება ადამიანთა გადარჩენას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი რამ მისთვის შეიძლება გაუგებარი იყო, მან იცოდა, რომ ღვთის კეთილგანწყობილებასა და მარადიულ კურთხევებს იესოს გარეშე ვერ მიიღებდა.
მაშინაც უნდა დავრჩეთ იესოს სწავლებების ერთგული, თუ ისინი განსხვავდება ჩვენი შეხედულებებისგან
10. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პეტრეს და გამოვავლინოთ ერთგულება?
10 თქვენც ასე ფიქრობთ? დღეს ბევრი აცხადებს, რომ იესო უყვარს, მაგრამ სამწუხაროდ, განსაცდელების დროს ერთგულებას ვერ ინარჩუნებს. ქრისტესადმი ნამდვილ ერთგულებაში ის იგულისხმება, რომ მის სწავლებებზე პეტრეს თვალსაზრისს ვიზიარებდეთ. ჩვენ უნდა ჩავწვდეთ მათ მნიშვნელობას და ვიცხოვროთ მათ თანახმად მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავდება ჩვენი შეხედულებებისგან. იესოს მიერ დაპირებულ მარადიულ სიცოცხლეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ ერთგულებას შევინარჩუნებთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 97:10).
ის შენიშვნის მიცემის შემდეგაც ერთგული დარჩა
11. სად წაიყვანა იესომ თავისი მიმდევრები? (იხილეთ სქოლიო).
11 ამ შემთხვევიდან მალევე იესო თავის მოციქულებთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ჩრდილოეთისკენ მიმავალ გრძელ გზას დაადგა. ზოგჯერ გალილეის ზღვიდან კარგად მოჩანდა აღთქმული მიწის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ხერმონის მთის დათოვლილი მწვერვალი. მთა უფრო მეტად გამოიკვეთა, როცა ისინი ფილიპეს კესარეასთან ახლომდებარე სოფლებში ავიდნენ. b ამ მშვენიერ ადგილას, საიდანაც კარგად ჩანდა აღთქმული მიწის სამხრეთი ნაწილი, იესომ თავის მიმდევრებს მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა.
12, 13. ა) რატომ იკითხა იესომ, რას ფიქრობდა ხალხი მასზე? ბ) როგორ გამოავლინა პეტრემ იესოსადმი გულწრფელი რწმენა თავის სიტყვებში?
12 „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“ — აინტერესებდა მას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ შესცქეროდა პეტრე იესოს თვალებში და ხედავდა თავისი მოძღვრის გამჭრიახობას, გულკეთილობასა და ძალას. იესოს აინტერესებდა, რას ასკვნიდა ხალხი ნანახისა და მოსმენილის საფუძველზე. მოწაფეებმა უთხრეს, თუ რა არასწორი შეხედულება ჰქონდა ხალხს მასზე. მაგრამ იესოს უფრო მეტის გაგება უნდოდა. მას აინტერესებდა, მისი მიმდევრებიც თუ იზიარებდნენ მათ მცდარ შეხედულებას. ამიტომ ჰკითხა მათ: „თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ?“ (ლუკ. 9:18—20).
13 პეტრემ ახლაც ყველას დაასწრო პასუხის გაცემა. მან ნათლად და გაბედულად თქვა ის, რაც იქ მყოფთაგან ბევრს გულში ჰქონდა. „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“, — უთხრა მან იესოს. ალბათ, იესო შექების ნიშნად თბილად გაუღიმებდა პეტრეს. იესომ შეახსენა პეტრეს, რომ ეს კაცმა კი არა, იეჰოვა ღმერთმა გაუმჟღავნა, რომელიც ჭეშმარიტებას ნათელს ხდის ნამდვილი რწმენის მქონე ადამიანებისთვის. პეტრე ჩასწვდა იეჰოვას მიერ გამჟღავნებულ უდიდეს ჭეშმარიტებას და მიხვდა, ვინ იყო დიდი ხნის წინათ დაპირებული მესია, ქრისტე! (წაიკითხეთ მათეს 16:16, 17).
14. რა პატივი არგუნა წილად იესომ პეტრეს?
14 ერთ უძველეს წინასწარმეტყველებაში ქრისტეს ეწოდება ქვა, რომელსაც მშენებლები დაიწუნებდნენ (ფსალმ. 118:22; ლუკ. 20:17). იესოს ეს წინასწარმეტყველება ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა, რომ იეჰოვა ამ ქვაზე, ანუ კლდეზე (რის მნიშვნელობასაც პეტრე ჩასწვდა) დააფუძნებდა კრებას. შემდეგ მან ამ კრებაში პეტრეს სამი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მიანდო. იესოს ის სხვა მოციქულებზე მაღლა არ დაუყენებია, როგორც ამას ზოგი ამტკიცებს. მან პეტრეს „სამეფოს გასაღებები“ მისცა (მათ. 16:19). პეტრეს პასუხისმგებლობაში შედიოდა ის, რომ ღვთის სამეფოში შესასვლელი გაეხსნა სამი სხვადასხვა წარმოშობის ხალხისთვის — იუდეველებისთვის, სამარიელებისა და უცხოტომელებისთვის, ანუ არაიუდეველებისთვის.
15. რატომ და რა სიტყვებით გაკიცხა პეტრემ იესო?
15 მაგრამ მოგვიანებით იესომ ისიც თქვა, რომ ვისაც მეტი მიეცემოდა, მეტი მოეთხოვებოდა. ეს სიტყვები პეტრეს შემთხვევაში შესრულდა (ლუკ. 12:48). იესომ რამდენჯერმე უთხრა მოციქულებს, რომ მას, როგორც მესიას, უნდა ეტანჯა და იერუსალიმში მომკვდარიყო. ამის მოსმენამ პეტრე ძალიან შეაწუხა. მან იესო გვერდზე გაიყვანა და გაკიცხა: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“ (მათ. 16:21, 22).
16. რა უთხრა იესომ პეტრეს, და რატომ არის იესოს რჩევა ყურადსაღები თითოეული ჩვენგანისთვის?
16 ეჭვგარეშეა, პეტრე ამას კარგი მოტივით ამბობდა, ამიტომ იესოს პასუხი გააოცებდა. იესომ ზურგი შეაქცია პეტრეს, სხვა მოციქულებს შეხედა, რომლებიც შესაძლოა მსგავსად ფიქრობდნენ, და თქვა: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათ. 16:23; მარ. 8:32, 33). რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? ადვილად შესაძლებელია, ისეთი აზროვნება განგვივითარდეს, რომ ღვთიურ თვალსაზრისზე წინ ადამიანური თვალსაზრისი დავაყენოთ. ასეთ შემთხვევაში კარგი მოტივები რომც გვქონდეს, შეიძლება უნებლიეთ სატანის განზრახვის მხარდამჭერები აღმოვჩნდეთ, ვიდრე ღვთისა. რა რეაქცია ჰქონდა პეტრეს იესოს სიტყვებზე?
17. რა იგულისხმა იესომ, როცა პეტრეს უთხრა: „გამშორდი“?
17 რა თქმა უნდა, პეტრეს ესმოდა, რომ იესო პირდაპირი გაგებით სატანა ეშმაკს არ გულისხმობდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იესომ პეტრეს ისე არ მიმართა როგორც ადრე ეშმაკს. სატანას იესომ უთხრა: „გამშორდი, სატანა!“. პეტრეს კი სრულიად სხვა სიტყვებით მიმართა (მათ. 4:10). დედნისეულ ბერძნულ ენაში ეს სიტყვა არ მიუთითებს იმაზე, რომ პეტრე უნდა ჩამოშორებოდა იესოს. უფალი ხედავდა პეტრეს კარგ თვისებებს და მას უბრალოდ აზროვნება შეუსწორა. პეტრე დაბრკოლების ლოდი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ იესოსთვის მხარი უნდა დაეჭირა.
მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუახლოვდებით იესო ქრისტეს და ზეციერ მამას, იეჰოვას, თუ თავმდაბლურად მივიღებთ რჩევას და დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორებთ
18. როგორ გამოავლინა პეტრემ ერთგულება და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?
18 შეეკამათა პეტრე იესოს, გაბრაზდა ან განაწყენდა? რა თქმა უნდა, არა! მან თავმდაბლად მიიღო შეგონება და კიდევ ერთხელ გამოავლინა ერთგულება. დროდადრო ქრისტეს ყველა მიმდევარს სჭირდება თვალსაზრისის შესწორება. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუახლოვდებით იესო ქრისტეს და ზეციერ მამას, იეჰოვას, თუ თავმდაბლურად მივიღებთ რჩევას და დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორებთ (წაიკითხეთ იგავების 4:13).
მისი ერთგულება დაჯილდოვდა
19. რა თქვა იესომ, რამაც ყველა გააოცა და რას იეჭვებდა პეტრე?
19 მალე იესომ ისეთი რამ თქვა, რაც კიდევ ერთხელ გააოცებდა მის მსმენელს: „ჭეშმარიტებას გეუბნებით, რომ აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“ (მათ. 16:28). უდავოა, ეს სიტყვები დიდ ცნობისმოყვარეობას აღძრავდა პეტრეში, თუ რას გულისხმობდა იესო. თუმცა მოციქული შეიძლება ფიქრობდა, რომ მას ასეთი პატივი არ ხვდებოდა წილად, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ მკაცრი შეგონება მიიღო.
20, 21. ა) რა ხილვა ნახა პეტრემ? ბ) როგორ დაეხმარა პეტრეს ხილვის დროს მოსმენილი აზროვნების შეცვლაში?
20 მაგრამ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ იესომ იაკობი, იოანე და პეტრე რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ „მაღალ მთაზე“ (შესაძლოა ხერმონის მთაზე) აიყვანა. როგორც ჩანს, ღამე იყო, რადგან სამივე მოციქულს ძილი მოერია. მაგრამ, როცა იესო ლოცულობდა, ისეთი რამ მოხდა, რამაც სამივე გამოაფხიზლა (მათ. 17:1; ლუკ. 9:28, 29, 32).
21 ლოცვისას იესო მათ თვალწინ შეიცვალა — სახე მზესავით უბრწყინავდა, სამოსელი კი თეთრად უელვარებდა. შემდეგ იესოს გვერდით ორი კაცი გამოჩნდა, რომლებიც მოსეს და ელიას განასახიერებდნენ. ისინი „იესოს წასვლაზე ლაპარაკობდნენ, რაც იერუსალიმში უნდა შესრულებულიყო“ — შესაძლოა ისინი იესოს სიკვდილსა და აღდგომაზე საუბრობდნენ. აქედან აშკარად გამოჩნდა, რომ პეტრეს არასწორი თვალსაზრისი ჰქონდა, როცა იესოს ეუბნებოდა, თავიდან აერიდებინა ტანჯვა, რაც წინ ელოდა (ლუკ. 9:30, 31).
22, 23. ა) როგორ აჩვენა პეტრემ, რომ გულითადი და თბილი ადამიანი იყო? ბ) კიდევ რა პატივი ხვდათ წილად პეტრეს, იაკობსა და იოანეს?
22 პეტრე ფიქრობდა, რომ ამ ზებუნებრივ ხილვაში რაიმე სახით მონაწილეობა უნდა მიეღო. როგორც ჩანს, მოსე და ელია იესოს შორდებოდნენ, ამიტომ პეტრემ იესოს უთხრა: „მოძღვარო, კარგია, აქ რომ ვართ. მოდი, სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“. ცხადია, ხილვაში წარმოდგენილ ღვთის ორ მსახურს, რომლებიც დიდი ხანია ცოცხლები აღარ იყვნენ, კარვები არ სჭირდებოდათ. პეტრეს მართლა არ ესმოდა, რას ამბობდა. მაგრამ, განა მისი სიტყვები იმაზე არ მეტყველებს, რომ ის გულითადი და თბილი ადამიანი იყო? (ლუკ. 9:33).
23 იმ ღამეს პეტრეს, იაკობსა და იოანეს კიდევ ერთი პატივი ხვდათ წილად. მოულოდნელად მთაზე ღრუბელი გაჩნდა და დაჩრდილა ისინი. ღრუბლიდან იეჰოვა ღმერთის ხმა გაისმა: „ეს არის ჩემი ძე, რჩეული, მას უსმინეთ“! შემდეგ ხილვა დასრულდა და ისინი იესოსთან ერთად მარტონი დარჩნენ მთაზე (ლუკ. 9:34—36).
24. ა) როგორ დაეხმარა პეტრეს ხილვა? ბ) ჩვენ როგორ გვეხმარება ამ ხილვაზე დაფიქრება?
24 ისევე როგორც პეტრესთვის, ეს ხილვა ჩვენთვისაც ბევრს ნიშნავს. ათეულობით წლის შემდეგ პეტრე წერდა, რომ იმ ღამეს იესოს „დიდებულების ერთ-ერთი თვითმხილველი“ იყო, როცა წინასწარ იხილა ის, როგორც განდიდებული ზეციერი მეფე. ამ ხილვამ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მრავალი წინასწარმეტყველება უფრო სარწმუნო გახადა და განსაცდელების გადასატანად პეტრეს რწმენა გაუძლიერა (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:16—19). პეტრეს მსგავსად, ჩვენც ძლიერი რწმენა გვექნება, თუ ერთგულად დავემორჩილებით იეჰოვას მიერ დანიშნულ მოძღვარს, ვისწავლით მისგან, მივიღებთ რჩევებსა თუ შეგონებას და თავმდაბლურად მივყვებით მას ყოველდღე.
a სინაგოგაში შეკრებილი ხალხი რომ მერყევი იყო, კარგად ჩანს მათი რეაქციიდან. წინა დღეს ისინი აღფრთოვანებულები ამბობდნენ, რომ იესო ღვთის წინასწარმეტყველი იყო, ახლა კი აკრიტიკებდნენ მას (იოან. 6:14).
b თავიანთი მოგზაურობა მათ გალილეის ზღვის სანაპიროდან დაიწყეს, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 210 მეტრით დაბლა მდებარეობს. ულამაზეს ბუნებაში 48 კილომეტრზე მეტის გავლის შემდეგ ისინი ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე ავიდნენ.